შინაარსზე გადასვლა

ზემო უბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო უბნის შესახებ, იხილეთ ზემო უბანი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

ზემო უბანი — შუა საუკუნეების თბილისის ბირთვის — კალას ერთ-ერთი ნაწილი, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. კალას ქვემო უბნისგან მას შუაბაზარი ჰყოფდა.

ზემო უბანი მდებარეობდა ახლანდელი კონსტანტინე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის), ბარათაშვილის ქუჩებსა და მტკვრის კალაპოტს შორის. ზემო უბნის ისტორიული ცენტრია ზემო ანუ ბატონის მოედანი (ახლანდელი ერეკლე II-ის მოედანი).

ზემო უბანში განლაგებული იყო დიდი ქარვასლები, ქართული ტაძრები: სიონის, ნათლისმცემლის, ანჩისხატის, კვირაცხოვლის, წმ. გიორგის სასახლისეული, ქრისტეშობის, მეფის და მეფის ოჯახის სასახლეთა კომპლექსები, კათალიკოსის და ეპისკოპოსთა ადგილსამყოფლები, ქსნის ერისთავის, ციციშვილის, ზედგინიძის, აბაშიძის და სხვათა სახლები, სომხური ეკლესია სურბ-ნიშანი. ბატონის მოედნის სამხრეთით, გრძელი ბაზრის ქუჩაზე (რასტაბაზარი) გამოდიოდა როსტომ მეფის მიერ აგებული მეჩეთი.

ზემო უბანში, მტკვრის პარალელურად გადიოდა თბილისის უმთავრესი სავაჭრო და საზოგადოებრივი მაგისტრალი, რომლის შუაწელზე ბატონის მოედანი მდებარეობდა. ეს მაგისტრალი ემთხვევა ამჟამინდელი სიონის, ერეკლესა და შავთელის ქუჩების ხაზს.

  • ბერძნიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 350.
  • კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985. — გვ. 42-43.