„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს გორგული შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რაიონი). ცხოვრობდა სამი კომლი ქრისტიანი ქართველი: ვარძელ მარცვალასძე, გოგოჩა ძე მისი, პაპუნა ძმა მისი. გორგულში გაბრიელ აზნაურის მიწა მფლობელობაში ჰქონია მხედარს, სახელად ჰამზას. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. იხდიდნენ გადასახადს — წლიურად 4500 ახჩას . 1870 წელს გორგულში ხუთი კომლი ირიცხებოდა. ამჟამად იქ იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს.