ზარზმის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარზმის მონასტერი
ზარზმის ხედი სამხრეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ზარზმის მონასტერი — საქართველო
ზარზმის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°40′41″ ჩ. გ. 42°39′13″ ა. გ. / 41.67806° ჩ. გ. 42.65361° ა. გ. / 41.67806; 42.65361
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა I მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ.

ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.

ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უხრწნელი გვამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარზმის მონასტერის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის უხრწნელი გვამიც. 1940 წელს ბორჯომ-ახალციხის რკინიგზის მშენებლობის დროს სოფელ წნისთან „პატარაგორის“ მახლობლად მდებარე დანგრეული ეკლესიის კლდისპირა კედლების აღების დროს გამოჩენილა ნაწილი კლდისა, რომელიც (50X50 სმ) ქვითკირით იყო გამოშენებული. ამონაშენის გამორღვევისას გამოჩნდა გამოქვაბული სადაც ესვენა სხეული, რომელიც საბჭოთა მეცნიერებამ „მუმიფიცირებულ“ სხეულად წარმოაჩინა. შემდგომ მისი სხეული ახალციხის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს.

მუზეუმის დირექტორის ს. ორჯონიკიძის გადმოცემით, თავის დროზე სხეული უნახავს გ. ნიორაძეს, რომელსაც იგი XVI-XVII საუკუნეებით დაუთარიღებია. რა მონაცემებს ეყრდნობოდა მკვლევარი უცნობია.

1970 წელს დაიწყეს სხეულის შესწავლა. ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ახალციხის საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო მისი სამოსის ფრაგმენტებს ჩაუტარდა ლაბორატორიული შემოწმება. კანის, კანქვეშა ქსოვილებსა დააქილევსის მყესის ნაწილს კი — პათომორფოლოგიური გამოკვლევა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიონახშირბადით (C14) ტანისამოსის ასაკი განისაზღვრა და დათარიღდა 990±90 წლით.

გარდაცვლილს ყაბალახის მსგავსად, თავზე ეხურა და ყელზე შემოხვეული ჰქონდა მაღალხარისხოვანი წვრილბეწვა ბამბისაგან დამზადებული მომწვანო-ყავისფერი ქსოვილი. ტანზე ეცვა იმავე ქსოვილის ჩალისფერი „კაბა“ და პერანგი. პერანგის გულისპირს შემოვლებული ჰქონდა ნატურალური აბრეშუმის ზონარი, ხოლო კაბა შუაზე უხეშადა იყო გაკერილი.

ტანსაცმლის ქსოვილი ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საქონელმცოდნეობის კათედრის ლაბორატორიის მიერ. ლაბორატორიის დასკვნით (ხელმძღვ. კ. მეგრელიძე), ქსოვილი ფიზიკურად კარგადაა შენახული. მიკროსკოპული შესწავლით დადგინდა, რომ ნიმუშის ყველა ქსოვილი ოთხკუთხედი ხლართითაა მოქსოვილი. თავზე და ყელზე შემოხვეული ქსოვილი დაჩითულია, ხოლო სხეულის საფარი სამოსი შეუღებავია.

სხეული ეკუთვნის მამაკაცს (172 სმ სიმაღლის), იგი 40-45 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხეული გულხელდაკრეფილია. სხეულის საფარი კანი გასქელებულია ელასტიურობა თითქმის დაკარგული აქვს და ირგვლივ მჭიდროდ ეკვრის მთელ სხეულს. იგი ალაგ-ალაგ დაჩვრეტილია. მარჯვენა ქვედა კიდური მარცხენასთან შედარებით მთელ სიგრძეზე ატროფიულია, მათ შორის გარშემოწერილობის სხვაობა 1-3 სმ-ია.

თავის რენტგენოლოგრამაზე აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ზედა ყბაზე პრემოლარების არეში ალვეოლარული მორჩი ატროფიულია. ქვედა ყბაზე მარჯვნივ არ არსებობს IV-V პრემოლარი. მარცხნივ სიბრძნის კბილი მთლიანად არ არის ამოჭრილი. იქვე ქვედა ყბის კუთხის არეში აღინიშნება სკლეროზული არშიით შემოფარგლული მრგვალი ფორმის ჩრდილი, რაც კისტაზე მიუთითებს.

რენტგენოგრამაზე: მენჯის მარჯვენა ნახევარი დეფორმირებულია. ამასთან აღინიშნება ტაბუხის ფოსოს ფუძისა და ბოქვენის ძვლის ასწვრივი ტოტის ძველი მოტეხილობის კვალი. იმავე მხარეს, დახურული ხვრელი დაპატარავებულია. ასევე მარჯვენა ტერფი მაღალთაღოვანია (ექსკავატუსი), ხოლო მარცხენა ვარუსულ დეფორმაციას განიცდის.

გარდაცვალებამდე ბევრად ადრე, მას ქვედა ყბაზე ჰქონდა კისტა, ხოლო მენჯზე მარჯვნივ, ბოქვენისა და საჯდომი ძვლის განუვითარებლობა. ცვლილებანი: კიდურის ატროფია, ტერფების თაღოვანი და ვარუსული დეფორმაცია მიანიშნებს გადატანილ ავადმყოფობას — პოლიომელიტს. თუმცა ტაბუხის ფოსოს ფუძისა და ბოქვენის ძვლის ასწვრივ ტოტზე არსებული მონაცემებით შესაძლოა საქმე ძვლების ძველ მოტეხილობასთან ასოცირდებოდეს. ყოველივე ზემოთხსენებულის საფუძველზე საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ, მიუხედავად მოტეხილობების შეხორცებისა, პიროვნება იყო კოჭლი.

იქედან გამომდინარე რომ პიროვნება დასაფლავებული იყო ეკლესიასთან სავარაუდებელია რომ იგი სასულიერო პირი იყო.

ამგარად გამოკვლევებით დადგინდა, რომ იგი X საუკუნეში მცხოვრები სასულიერო პირი იყო და დაავადებული ყოფილა ქვედა ყბის კისტით, ამასთან, გადაუტანია პელიომიელიტი, მარჯვენა ტაბუხის ფოსოს ფუძისა და ბოქვენის ძვლის ასწვრივი ტოტის მოტეხილობა, რის გამოც დაკოჭლებულა. აღნიშნული პირი რომელიღაც ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციური დაავადებით ან შიმშილით გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI სს., თბ., 1955;
  • მისივე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970;
  • ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 485.
  • პ. ფირფილაშვილი, „მუმიფიცირებული ადამიანის სხეულის შესწავლისათვის“, მეცნიერების ისტორია, 1.7.1971

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]