აჭარლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარელი გლეხები ბაზარში მიდიან. დაახ. 1900-იანები

აჭარლებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამავე დროს აჭარელთა კომპაქტური დასახლებები არის გურიაში, ქვემო ქართლში და კახეთში.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარლები საუბრობენ ქართული ენის აჭარული კილოზე. აჭარაში თურქული მმართველობის შედეგად (მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1878 წლამდე) მათ მიიღეს ისლამი. ამის მიუხედავად აჭარლებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება, მშობლიური ენა, თვითმყოფადი კულტურის და ყოფა-ცხოვრების ფორმები. დღევანდელი ქვემო აჭარლების უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანული სარწმუნოება, განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით, ფეხს ზემო აჭარის ახალგაზრდებშიც იკიდებს. აჭარლები გარეგნულად დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ტიპის ხალხია. საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით, თხელი სახით, სწორი ცხვირით, ღია ფერის თვალებით და ღია ქერა თმით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 460.000 ქართველი, აჭარული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.

ვიკიციტატა
„...კაცნი ჴელოვანნი ხის მუშაკობითა.“

აჭარული სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარული სამოსის აღწერის პირველი მცდელობა 1897 წელს თედო სახოკიას ეკუთვნის[1].

მამაკაცის სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარელი მამაკაცის სამოსი (სახელმწიფო მუზეუმი)

აჭარლ მამაკაცს რაც ეცვა მოკლე და ტანზე მომდგარი იყო. აქაური შალის ჩოხა წელს ქვემოთ ოდნავ სცდება და ჩატანებულია აქაურ შალისავე ძიგვაში. ჩოხას ქვემოდან ზუბუნი (სახელოებიანი ჟილეტი) აცვიათ; ზუბუნი ჩითისაა და საზამტროდ დაბამბულია; ხოლო საზაფხულოდ იგივე ზუბუნი უსახელო და დაუბამბავია და სახელად ელეგი ჰქვია. ძიგვა საჯდომთან ძალიან დანაოჭებულია, სიარულს და ძირს დახრას სრულებით არ უშლის; ბოლოში ვიწროვდება, წვივებს მჭიდროს ადგა და ფეხებზე პაჭანაგით არის მიმაგრებული. ფეხებზე ადგილობრივი მოქსოვილი ძალზე სქელი და ჭრელი წინდები ეცვათ და წინდებზე ჩაფულას (ქალამანს) ატარებდნენ. თავზე ყაბალახი ეხურა. თავ-მომწონენი ზაფხულობით სირმა შემოვლებულ ჩოხას, ზუბუნს და ძიგვას შავი სატინისას ატარებდნენ. ოსმალური ფესს ატარებდნენ მუსულმანური კონფესიის წარმომადგენლები. ქართლ-კახურ გრძელ ჩოხა-ახალუხს ატარებდნენ მხოლოდ აჭარელი ბეგები (ხიმშიაშვილები).

აქაური სამოსის აუცილებელ ატრიბუტს წარნმოადგენდა იარაღი. თოფი, წელს გარშემო სავაზნე, მოვერცხლილი დამბაჩა, საჯაყვე, ტარიანი და ქარქაშში ჩაგებული და ქამარზე დაკიდებული, სატევარი, საქონე, სამოგვის მათარა. სრულ აღჭურვილობას, თოფის გარდა ყველა მამაკაცი ატარებდა.

ქალის სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარელი ქალის სამოსი მეტად თავისებურია. ზევიდან ეცვათ ქათიბის მსგავსი ხირხა ჩითისა, დაბამბული ან უბამბო, სეზონის მიხედვით; ხირხას ქვემოთ ატარებდნენ კაბას, კაბას ქვემოთ — პერანგს და მის ამხანაგს, ალისფერ ჩითისაგან შეკერილს. პერანგის ამხანაგი მეტად განიერია, მხოლოდ კოჭებთან ვიწროვდება, თავში თეთრი არშია აქვს გადაკერებულიხონჯრისათვის; ფეხებზე ჩუსტები აცვიათ აღმართზე სასიარულოდ, ხოლო ვაკეზე ნალიანით (ხისგან გაკეთებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზევიდან ვიწრო სამოგვე აქვს გადაკრული ფეხის შესაყოფად და გასამაგრებლად). თავზე შემოკრული ჰქონდათ თავის ჩითივით იაზმა, იმის ზემოთ თავის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზე იყო გადაშვებული, წინ სახეზე შემოკრული ჰქონდათ თხელი მანდილი ფეჩა. ყველაფერი ამის გარეშე მუსულმანი ქალი იფარავდა თეთრ ჩადრს თავის დასამალავად.

აჭარული გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს თედო სახოკიას მიერ ქვემო აჭარაში აღნუსხული აჭარული გვარების სია[2]:

აბაშიძე, აბუთელი, აბულაძე, ავალიანი, აზნაურაშვილი, ალექსიძე, ანანიძე, ასამბაძე, ახველი, მანველიძე, ბაიძე, ბაზანდრიძე, ბალაძე, ბარამიძე, ბასილაძე, ბედინაძე, ბეჟანიძე, ბერიძე, ბოლოძე, ბოლქვაძე, ბროლაძე, გაბლაძე, გათენაძე, გელაძე, გვიანიძე, გზავრიძე, გოგიტიძე, გოგლაძე, გოგრაშვილი, გოგრილაძე, გორაძე, გორდელაძე, დავითაძე, დევაძე, დვალიძე, დიასამიძე, დუმბაძე, ვაშაკიძე, ვაშაყმაძე, ვენაძე, ზანაქიძე, ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზოიძე, თავდგირიძე, თებიძე, თედიაშვილი, ტეტემაძე, თელიაშვილი, თოდრაძე, თურმანიძე, იაშვილი, ირემაძე, კანტაჭრელი, კარიჭაშვილი, კახაბერიძე, კახიძე, კვირიტაძე, ქიძინიძე, კობალაძე, კონცელიძე, კილაძე, კვირიკაშვილი, კიბორიძე, კოჭობაშვილი, კუზიაშვილი, კურცხალია, ლაზიშვილი, მაკარაშვილი, მამინაიშვილი, მარშანია, მატარაძე, მაჭახელიძე, მასაჩქაძე, მახაჭაძე, მეგრელიძე, მიქელაძე, მორთულაძე, ნათაძე, ნაკაშიძე, ოროშვილი, ოქრიაძე, პაპუნიძე, ფარტენაძე, პარხალიშვილი, პეტრიძე, ჟღენტი, საბძელიშვილი, საითაძე, სალიძე, სანიკიძე, სარაჯიშვილი, სახაშვილი, სერობიძე, სოლოღაშვილი, სურმანიძე, ტაკიძე, ტურიაშვილი, ტრიკაძე, უსტიაშვილი, უჩხაშვილი, ფარსენიძე, ფოცხოველი, ქავთარაძე, ქათამაძე, ქაჯაია, ქინძაძე, ქუჩუკაშვილი, ღორჯომელიძე, ყარაშვილი, ყარაჩიშვილი, შავიშვილი, შავლიშვილი, შავლიძე, შარაბიძე, შარვაშიძე, შაქარიძე, შოთაძე, ჩაქველიშვილი, ჩერქეზიშვილი, ჩიკვაიძე, ჩიკოლაძე, ჩიკუტაძე, ჩხაიძე, ჩხეიძე, ცარიელაშვილი, ცინცაძე, ძველიშვილი, ძიძიშვილი, ძნელაძე, წავიშვილი, წანწალიკიშვილი, წვიტიშვილი, წითელაძე, წითლაძე, წულუკიძე, ჭიანიშვილი, ჭინკაძე, ჭინჭარაძე, ჯაბნიძე, ჯაყელი, ხოხნელი.

ზემო აჭარის მცხოვრებთა სია სახოკიას არ აქვს წარმოდგენილი და იქვე დასძენს, რომ „არა გვგონია, აქ ჩამოთვლილ გვარების გარდა ოცზე მეტი იყოს განსხვავებული“.

გვარების ღირსებათა შესახებ იმის თქმა შეიძლება მხოლოდ, რომ ოსმალეთის მიერ აჭარის დამორჩილების და აქაურ წეს-წყობილების შეცვლის შემდეგ ჩვენებური „თავადები“ ოსმალურ „ბეგებად“ იქცნენ. ხოლო ის ბეგები, რომელნიც ჩამომავალნი იყვნენ ადგილობრივი მთავრებისა, მაგ., აბაშიძეები (ქვემო აჭარაში) და ხიმშიაშვილები (ზემო აჭარაში) — სანჯაყ-ბეგებად იწოდებოდნენ. XIX საუკუნის ბოლოს ბეგთა გვარს ეკუთვნოდნენ თავდგირიძეები, ბეჟანიძეები, შარვაშიძეები, ბერიძეები და ხიმშიაშვილები. ჩვენებურ თავადები აღებად იწოდებოდნენ. უბრალო აღებად ითვლებოდნენ აქ ზემო ქართლის ბატონ ათაბაგთა ჩამომავალნი ჯაყელები, რომელნიც ქვემო აჭარაში სოფ. კვაშტაში ცხოვრობდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 244-245
  2. თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 209-212