შინაარსზე გადასვლა

მაქსიმე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაქსიმე II (გვარად აბაშიძე; გ. 30 მაისი, 1795, კიევი) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1776–1795 წლებში, ქუთათელი ეპისკოპოსი მიტროპოლიტის ხარისხით 1759–1781 წლებში. 1770-მდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. 1777 წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათოლიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. 1781 წელს სოლომონ I-თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა 1784 წელს, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ. 1768–1769 წლებში მაქსიმე II სოლომონ I-ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, 1784-1786 წლებში კი - დავით II-ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე II ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. 1792 წლის შემდეგ კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩორის ლავრაში.

  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
  • სოსელია ო., ნაეკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1 თბ., 1973