ქუთაისის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქუთაისის საეპისკოპოსო — საეკლესიო ადმინისტრაციული დანაყოფი დასავლეთ საქართველოში.

ქუთაისის საეპისკოპოსოს საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალი იყო. იგი წარმოადგენდა დიდი უფლებების მქონე ქუთათელი ეპისკოპოსის რეზიდენციას.

ვახუშტის ცნობით ბაგრატ მესამემ ახლადაგებულ ეკლესიაში: „დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა“, თუმცა „მატიანე ქართლისაჲ“ საუბრობს ბაგრატ მეფის მიერ ბედიის საეპისკოპოსოდ გარდაქმნის შესახებ და არაფერს ამბობს ქუთათისის საყდრის საეპისკოპოსოდ გარდაქმნაზე, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ქუთაისში საეპისკოპოსო კათედრა უკვე არსებობდა წინა მეფეთაგან დაარსებული და ბაგრატმა უბრალოდ გააფართოვა მისი საზღვრები. ნიკო ბერძენიშვილმა კი ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ XVII საუკუნეში რუსმა ელჩებმა ბაგრატის ტაძარში ნახეს პალიასტომის ხატი, რომლის გადმოტანაც, ფოთიდან ქუთაისში მიუთითებს ფოთში ბერძნული მიტროპოლიის გაუქმებასა და ქუთაისში ლაზიკის საეკლესიო ცენტრის გადმოტანაზე. მართალია აღნიშნულ ფაქტს ზოგი მკვლევარი არ ეთანხმება, თუმცა იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის მიერ 1651 წელს ხელმოწერილ ერთ-ერთ დოკუმენტს ხელს აწერს „ქუთათისისა და პალიასტომის ყოვლად წმიდისა მიტროპოლიტი სვიმონ ქუთათელი“, რითაც უდაოდ ნათელია, რომ ფაზისის მიტროპოლია სწორედ ქუთათელს ექვემდებარებოდა.

IX-X საუკუნეებიდან ქუთაისის ბაგრატის ტაძრის სამწყსოში მოექცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი ფაზისის სამიტროპოლიტოს: როდოპოლოსისა (ვარდციხე) და პეტრას (ციხისძირი) კათედრები. ზოგი ავტორი ქუთაისის საეპისკოპოსოს დაარსებას VII საუკუნეში ვარაუდობს. თუმცა ერთი რამ ცხადია XI საუკუნის დასაწყისიდან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით ბაგრატის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრაა.

დაარსებისთანავე ქუთაისის საეპისკოპოსოს საზღვრები ძირითადად ემთხვეოდა ეგრის-აფხაზეთის პოლიტიკურ საზღვრებს. ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყსოს აჭარაში ტბეთის საეპისკოპოსო ესაზღვრებოდა, საზღვარი ტბეთისა და ქუთაისის საეპისკოპოსოებს შორის დანდალოზე გადიოდა, დანდალოს ქვემოთ აჭარა ქუთათელს ექვემდებარებოდა, ზემოთ კი მტბევარს. ქუთაისის საეპისკოპოსოს დასავლეთით ჭყონდიდის ეპარქია ესაზღვრებოდა (საზღვარი მდინარე ცხენისწყალზე გადიოდა), ხოლო ჩრდილოეთით ცაგერის ეპარქია. XIII საუკუნეში დაარსებულ იქნა აფხაზეთის საკათალიკოსო. ბაგრატის საკათედრო ტაძარი და ქუთათელის სამწყსო აფხაზეთის საკათალიკოსოს ფარგლებში მოექცა. ხშირად აფხაზეთის კათალიკოსის ტახტი ქუთათელ ეპისკოპოსს ბაგრატის ტაძრის მღვდელმთავარს XI-XV საუკუნეებში ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყოში შედიოდა იმერეთი, გურია და ბათუმის მხარეც (ზოგი მონაცემით ჭანეთიც).

XV საუკუნის მეორე ნახევარში გურიაში ადგილობრივი საეკლესიო ორგანიზაცია შეიქმნა და იგი ქუთაისის საკათედრო ტაძარს ჩამოშორდა. გურიაში შეიქმნა შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოს კათედრები. თუმცა ქუთაისის კათედრა გურიაში სოფელ ბახვსა და ზოგ სოფელს მაინც ინარჩუნებდა.

ქუთაისის საეპისკოპოსოს შემცირება საკუთრივ იმერეთში გაგრძელდა, როცა იმერთა მეფემ ბაგრატ III-ემ 1529 წელს გელათისა და ხონის კათედრები დააარსა. ხოლო 1544 წელს კი ნიკორწმინდის კათედრა, მართალია პირდაპირი ცნობები არ არსებობს, რომ რაჭა ქუთაისის კათედრას ეკუთვნოდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს ასე იყო და ბაგრატ მესამის მიერ ნიკორწმინდის კათედრის დაარსება იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო, რასაც ის ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ეპისკოპოსის მიმართ ეწეოდა.

XVI საუკუნიდან, მას შემდეგ რაც აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს, ეს მხარეც ჩამოცილდა ქუთაისის ტაძარს (ასევე ბათუმის მხარეც). ვახუშტი შენიშნავდა ქუთათელ ეპისკოპოსზე: „ზის აწცა და არღარა ეგოდენითა სამწყსოთი“.

ამდენად ქუთაისის საეპისკოპოსოს საზღვრები სხვადასხვა საუკუნეში აქტიურად იცვლებოდა.

ქუთაისის საეპისკოპოსოს როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატის ტაძარს და მის მღვდელმთავარს იმთავითვე საპატიო მისია დაეკისრათ — ქუთაისის საკათედრო ტაძარში ქუთათელი ასრულებდა მეფის კურთხევის წესს. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს:

ვიკიციტატა
„ჟამთა ბაგრატიონთასა ვინაითგან ლიხთ-იმერთა იყო დადგმა გვირგვინისა: ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნი აკურთხევდნენ, არამედ გვირგვინსა დაადგმიდა ქუთათელი მეფეთა ქუთათისის ტახტისათვის.“

გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ 1184 წელს თამარის მეორედ კურთხევას „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ასე აღგვიწერს:

ვიკიციტატა
„ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინისა თავსა სამეუფოსა, აწვიეს ღირსი და მადლშემოსილი, მთავარეპისკოპოზი ქუთათელი ანტონი საღირისძე მიღებად გვირგვინისა და ცალისკერძისა კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულ ყვეს მოხელეთა სვიანთა დიდებულთა ვარდანის-ძეთა, საღირის-ძეთა და ამანელის-ძეთა მოდება და დადება ხრმლისა.“

როგორც აქედან ჩანს სამეფო რეგალიერბის — გვირგვინის დადგმა და ხმლის შერტყმა სწორედ ქუთათელისა და ლიხთ-იმერეთის დიდგვაროვნების ისტორიულ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით მეფის კურთხევის წესთან დაკავშირებით როგორც ჩანს დავა წარმოიშვა, რომელიც ქუთათელის სასარგებლოდ გადაწყვეტილა. XIV საუკუნის ქართული სამართლის ძეგლში „ხელმწიფის კარის გარიგება“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„დაისარჩლნეს აფხაზეთის კათალიკოზი და ქუთათელი იოვანე. ქუთათელმა სთქუა: თუ აწ ორჯერ სამჯერ ჩემს საყდარსა შიგან ორნი მეფენი დალოცვილან და არ მემართლები. გვირგვინი ანუ სკიპტრა ჩემს საყდარსა შიგან არ დასდვა.“

იქვე ჩამოთვლილია ქუთათელის მიერ ნაკურთხი მეფეები: ვახტანგ ნარინის ძე (1289-1293), კონსტანტინე ნარინის ძე (1293-1327), დავით ნარინი რუსუდანის ძე (1245-1293), როგორც ჩანს ხელისუფლებამ ქუთათელს დაუჭირა მხარი და სამეფო გვირგვინისა და სკიპტრის შესანახ ადგილად ქუთაისის საკათედრო ტაძარი დაადგინეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბრწყინვალეს შორსგამიზნული პოლიტიკის წყალობით, გიორგი I-ის (1014-1027) ქუთაისის საკათედრო ტაძარში დასაფლავების მაგალითის საფუძველზე ქუთათელი დარბაზმა საქართველოს მეფეთა „მოსაფლავედ“ (მეფის საფლავზე მწირველ ეპისკოპოსად) დაადგინა.

ბაგრატის ტაძარში დაკრძალულია ერთიანი საქართველოს მეორე მეფე გიორგი I (104-1027), ვარაუდობენ რომ აქვე უნდა იყოს დაკრძალული ჰერეთის დედოფალი დინარა და ბაგრატ IV-ს პირველი მეუღლე ბიზანტიის იმპერატორის ასული ელენე, საკათალიკოსო ტაძარში განისვენებენ ქუთათელი მღვდელმთავრები. ჯუანშერის ცნობით, VIII საუკუნის დასაწყისში „ქუთათისის საყდარში დაჰფლენ“ ქართლის დევნილი ერისმთავარი სტეფანოზ II, ცნობილი მეფისა და მოწამის არჩილის მამა. სავარაუდებელია, რომ პირველი მეფე, რომელიც ქუთაისის საკათედრო ტაძარში აკურთხეს გიორგი I იყო. ეს მოხდა 1014 წელს. 1027 წელს ის თრიალეთში გარდაიცვალა, წამოიყვანეს და „დამარხეს საყდარსა ქუთაისსა“.

„შემდგომად მიცვალებისა დიდისა გიორგისა, მასვე ჟამსა მეფედ იქმნა“ მისი 9 წლის ვაჟი ბაგრატ IV (1027-1072), სავარაუდოდ მეფე გიორგი დამარხეს ქუთაისის საყდარში და ამავე დროს მეფედ აკურთხეს მისი მცირეწლოვანი ვაჟი-ბაგრატი.

1054 წელს ბიზანტიაში წასვლის წინ ბაგრატ IV-ემ „დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა“, სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ბაგრატმა მეფედ აკურთხა გიორგი II (1072-1089), თუმცა ურჩმა ფეოდალმა კლდეკარის ერისთავთ-ერისთავმა ლიპარიტმა, ბაგრატის ბიზანტიაში ყოფნის დროს, გამოითხოვა ქუთაისში დატოვებული გიორგი, წაიყვანა რუისში და მეფედ აკურთხა, სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი არ ცნობდა ქუთაისში ცენტრალური ხელისუფლების რეზიდენციაში გიორგის მეფედ კურთხევას და ის ხელმეორედ აკურთხა თავისი ზედამხედველობის ქვეშ.

სამწუხაროდ დავით აღმაშენებელის მეფედ კურთხევის ადგილზე არაფერი ვიცით, სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო ქუთაისის საკათედრო ტაძარში.

1230 წელს რუსუდანმა „მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავთა, კათალიკოზსა აფხაზეთისასა და დასუეს მეფედ დავით ძე რუსუდანისა, აკურთხეს ქუთათისს და დაადგეს თავსა მისსა გვირგვინი“.

1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ნარინი იძულებული გახდა ქუთაისში გადმოსულიყო: „...ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანმან, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთ იმერელთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა და მეფედ-ყვეს დავით აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე“ ანუ ამ წელს მომხდარა დავით ნარინის კურთხევა დასავლეთ საქართველოს მეფედ.

1360 წელს გამეფებული ბაგრატ V, დავითის ძის, (რომელიც 1393 წლამდე მეფობდა), კურთხევა ივანე ჯავახიშვილის აზრით ასევე ქუთაისში მომხდარა.

1414 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მეფედ აკურთხეს ალექსანდრე პირველი კონსტანტინეს ძე. ვახუშტის თქმით: „შემოკრებული იმერ-ამერთა დიდებულთა და კათალიკოზთა და ეპიზკოპოსთაგან ეკურთხა მეფედ მუნ“.

XV-XVIII საუკუნეებში ბაგრატის ტაძარში ასევე ხდებოდა იმერეთის მეფეების კურთხევა.

ოსმალების მიერ 1691 წელს ბაგრატის ტაძრის დანგრევის შემდეგ საეპისკოპოსო კათედრა დროებით მოშლილა, თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ XVII საუკუნის 20-იან წლებამდე. სოლომონ I-ის აქტიური მოღვაწეობით და 1759 წლის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით კათედრა განაახლეს და წინამძღვრად აკურთხეს ცნობილი საეკლესიო მოღვაწე მაქსიმე აბაშიძე. ქუთათელი ეპისკოპოსის კათედრამ 1820-იან წლებამდე იარსება (ბაგრატის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში იყო მოწყობილი), სანამ რუსეთის იმპერიის მიერ არ იქნა გაუქმებული საქართველოს ავტოკეფალია და იმერეთის სამეფოში მოწყობილი აჯანყება, სისხლში არ იქნა ჩახშობილი.

ქუთათელ მთავარეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთათელ მთავარეპისკოპოსებს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიის მესვეურებს, სრულიად კანონზომიერი პატივი მიეგებოდათ ერთიანი ქართული სამეფოს თუ მოგვიანებით იმერეთის სამეფო კარზე. ერთიანი საქართველოს სამეფოში, როგორც ეს საგანგებოდ არის აღნიშნული „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში“, მეფის კურთხევისას ქუთათელი მთავარეპისკოპოსის მოვალეობას მომავალი მონარქისთვის სამეფო გვირგვინის დადგმა შეადგენდა. მეფეთათვის გვირგვინის დადგმის უფლება ქუთათელ მღვდელმთავრებს ფაზისელი მიტროპოლიტებისაგან უნდა მიეღოთ. საისტორიო წყაროებიდან ცნობილია, რომ ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესიაში საქართველოს მეფეებად აკურთხეს გიორგი II (1072-1089 წწ.), დავით VI ნარინი (1230-1289 წწ.), ვახტანგ II (1289-1292 წწ.), კონსტანტინე I (1293-1327 წწ.), ალექსანდრე I (1412-1442 წწ.).

„ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით ქუთათელ მთავარეპისკოპოსი მეფის „მოსაფლავეა“ ანუ მეფის საფლავზე მწირველი ეპისკოპოსი. ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალულია საქართველოს მეფე გიორგი I (1014-1027 წწ.). კათედრალურ ეკლესიაში სამეფო სკრიპტა ინახებოდა. ეს უფლება ქუთათელმა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთან დიდი დავის შემდეგ მოიპოვა. ქუთათელ მთავარეპისკოპოსი პატივით იშხანის მთავარეპისკოპოსს უთანაბრდებოდა და საეკლესიო იერარქიაში მეოთხე საფეხური ეკავა.

პირველი ქუთათელი მთავარეპისკოპოსების შესახებ საისტორიო წყაროებში მასალები ჯერჯერობით არ ჩანს. მათ შესახებ მხოლოდ XI საუკუნიდან მოგვეპოვება ცნობები.

საისტორიო წყაროებში ცნობილი პირველი ქუთათელი მთავარეპისკოპოსი არის ანტონ I, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის „ოქროს ჯვრის“ ეკლესიის წარწერაშია მოხსენიებული. ის ასევე იხსენიება ბაგრატის ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილ კერამიკის ნამსხვრევის წარწერაში. ანტონ I-ის მოღვაწეობა XI საუკუნის I ნახევრის დასაწყისით თარიღდება. მომდევნო ქუთათელი მთავარეპისკოპოსი სამოელი ათონის ქართველთა მონასტრის 1074 წლის სააღაპე წიგნში - სინოდიკონშია მოხსენიებული, სადაც მისთვის საგანგებო აღაპი განუწესებიათ. სამოელი ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრას XI საუკუნის I ნახევრის შუა წლებში განაგებდა. იმავე საუკუნის შუა ხანაში ქუთათელი მთავარეპისკოპოსი იყო თეოდორე, რომელიც ამ საუკუნის იერუსალიმურ ხელნაწერ წიგნში - „ეპისტოლენი წმიდა მაკარისანის“ მინაწერშია მოხსენიებული. მის შემდეგ ქუთათელი მთავარეპისკოპოსია ილარიონი, რომელიც 1060 წელს საქართველოში ბიზანტიიდან დაბრუნებულ ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს გიორგი მთაწმიდელს ფოთში შეეგება. ილარიონის ქუთათელობა XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

ამის შემდეგ ქუთათელი მთავარეპისკოპოსები მხოლოდ XII საუკუნეში გვხდებიან. 1160-1161 წლების ახლო ხანაში გადაწერილ ტბეთის სახარების მინაწერში გვხდებიან ნიკოლოზ და არსენ ქუთათელი მთავარეპისკოპოსები. რადგან მინაწერში ნიკოლოზი უფრო ადრეა დასახელებული ის ქუთაისის საეპისკოპოსოს სავარაუდოდ XII საუკუნის I ნახევარში განაგებდა, ხოლო არსენი II ნახევარში იყო ქუთათელი მთავარეპისკოპოსი. მომდევნო მთავარეპისკოპოსის შესახებ ცნობას ათონის ივერთა მონასტრის სააღაპე წიგნი გვაწვდის, სადაც აღაპი განუწესებიათ აბულასან ქუთათელისათვის, რომელსაც ათონის ივერთა სავანისათვის 40 პერპერა (ოქროს მონეტა) შეუწირავს. მისი მოღვაწეობა XII საუკუნის 70-იანი წლებით თარიღდება. ამავე სააღაპე წიგნში შეტანილია პავლე ქუთათელი მთავარეპისკოპოსის მოსახსენებელი, რომელიც ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრაზე ამ საუკუნის 80-იან წლებში მოღვაწეობდა. ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრაზე მოკლე ხანში ერთი ეპისკოპოსის მეორეთი მონაცვლება იმ დაპირისპირების გამოძახილი უნდა იყოს, რომელიც ქართულ ეკლესიაში 1178 წელს მოხდა. ამ წელს კათალიკოს-პატრიარქობიდან იძულებით გადადგა ნიკოლოზ გულაბერისძე და საპატრიარქო ტახტზე მიქაელ მირიანისძე ავიდა. როგორც ჩანს აბულასანი ნიკოლოზის მომხრე იყო, ხოლო პავლე მიქაელ მირიანისძის.

1184 წლიდან ქუთაისის მთავარეპისკოპოსად ანტონ საღირისძე ჩანს, რომელიც მემატიანის სიტყვით იყო:

ვიკიციტატა
„დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმითა და სიტყვითა.“

1185 წელს გამართულ საეკლესიო კრებაზე ანტონი ნიკოლოზ გულაბერისძესთან ერთად ცდილობდა კათალიკოს-პატრიარქობიდან მიქაელ მირიანისძის გადაყენებას, რადგან:

ვიკიციტატა
„არ ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლის კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა.“

მაგრამ ამ კრებაზე მათ ეს ვერ მოახერხეს. ანტონ საღირისძე ქუთათელ მთავარეპისკოპოსად 1191 წლამდე (ან XII საუკუნის მიწურულამდე) მოღვაწეობდა.

XIII საუკუნის ქუთათელი მთავარეპისკოპოსების შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. მხოლოდ ერთადერთ მღვდელმთავარზეა ძალზე მწირი ცნობა შემორჩენილი იერუსალიმში კატამონის წმინდა სვიმეონ მიმრქმელის მონასასტრიდან, სადაც ქვაზე შესრულებულ დაზიანებულ წარწერაში ქუთათელი ეპისკოპოსის სახელის აღმნიშვნელი პირველი ასო „ქ“ არის შემორჩენილი. საფიქრებელია მას ქრისტეფორე ერქვა. წარწერა XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება და ამ მღვდელმთავარის მოღვაწეობა ამ დროით არის სავარაუდებელი. საისტორიო დოკუმენტის „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მოხსენიებულია იოვანე ქუთათელი, რომელიც სამეფო რეგალიების შენახვის თაობაზე ედავებოდა დასავლეთ საქართველოს ანუ აფხაზეთის კათალიკოსშ. დავა ქუთათელი მთავარეპისკოპოსის გამარჯვებით დასრულდა. თვითონ დოკუმენტის და მასში მოხსენიებული მეფეების: ვახტანგ II-ის და კონსტანტინე I-ის ზეობის წლების მიხედვით იოვანე ქუთათელის მოღვაწეობა XIII-XIV საუკუნის მიჯნით უნდა დათარიღდეს. იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერიეს სვინაქსარის აღაპებში მოხსენიებულია სამი ქუთათელი მღვდელმთავარი. მათგან მიქაელ ქუთათელის მოღვაწეობა XIV საუკუნის I ნახევრით თარიღდება, ხოლო ბიძა-ძმისწულის: ოქროპირისა და მახარობელის ქუთათელ მთავარეპისკოპოსობა ამ საუკუნის შუა ხანას და II ნახევარს განეკუთვნება.

XV საუკუნეში ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრას მანუელ ქუთათელი განაგებდა. იგი მოხსენიებულია თოფურიძეთა სასისხლო სიგელში. მანუელის მოღვაწეობა ამ საუკუნის II ნახევრიდან 1488 წლამდე თარიღდება. 1488 წლიდან ქუთათელ მთავარეპისკოპოსად ბართლომე ჩანს, რომელიც მანამდე ცაიშელი ეპისკოპოსი იყო. ბართლომე ქუთათელი საეკლესიო იერარქიაში შემდგომ კიდევ უფრო დაწინაურდა. იგი 1488-1519 წლებში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი იყო, ხოლო 1488 წლიდან 1501 წლამდე კათალიკოსობის პარალელურად ქუთათელ მთავარეპისკოპოსობსაც ფლობდა.

XVI საუკუნის I მესამედში ქუთაისის საეპისკოპოსოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) და დასავლეთ საქართველოს კათალიკოს მალაქია აბაშიძის ინიციატივით ქუთაისის ეპარქიას სამწყსოს მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოერთვა და ახალი საეკლესიო ცენტრები - გელათის და ხონის საეპისკოპოსო კათედრები დაარსდა. ახალი კათედრების დაფუძნება ქუთათელი მთავარეპისკოპოსის გერასიმეს გარდაცვალებას და მის მაგივრად ქუთათელად მისი ძმისწულის სვიმონის კურთხევას დაემთხვა. გერასიმე ქუთათელი საეპისკოპოსოს 1501 წლიდან 1529 წლის 10 იანვრამდე განაგებდა, ხოლო მისი ძმისწული სვიმონი 1529 წლის ივლისიდან XVI საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით. ბიძა-ძმისწული ქუთათელების ფრესკები გამოსახული იყო ტაბაკინის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ისინი ჩხეტიძეთა სათავადო სახლს განეკუთვნებოდნენ. სვიმონ I ქუთათელის შეკვეთით 1556 წელს გადაუწერიათ საეკლესიო წიგნი, რომელიც გელათის გულანის სახელით არის ცნობილი. სავსებით დასაშვებია, რომ ეს გულანი თავდაპირველად ქუთაისის კათედრალის საკუთრება ყოფილიყო. სვიმონ I ქუთათელი მონაწილეობდა 1548-1549 წლებს შორის გამართულ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაში. მისი ქუთათელობის დროს, 1534 წელს (სხვა დათარიღებით 1544 წ.) დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი - ნიკორწმინდის საეპისკოპოსო დაარსდა.

ახალი საეპისკოპოსო კათედრების დაარსება იმ საეკლესი რეფორმის ძირითადი ნაწილი იყო, რომელსაც ბაგრატ III იმერთა მეფე და აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია ატარებდნენ. თუ ერთიანი საქართველოს დროს ძალზე ვრცელი ქუთაისის საეპისკოპოსო მისაღები იყო, იმერეთის სამეფოსთვის ასეთი ეპარქიის არსებობა მიუღებელი იყო, რადგან ანაქრონიზმს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მეზობელ სამეგრელოსა და გურიის სამთავროებში რამდენიმე ეპარქია არსებობდა. ამიტომ იმერეთის სამეფო კარზე ქუთაისის საეპისკოპოსოს დაყოფის და მის ხარჯზე საეპისკოპოსოების გაზრდის საკითხიც დადგა.

მომდევნო ქუთათელი მთავარეპისკოპოსის არის ბასილი ჩხეტიძე. იგი მოხსენიებულია ათონის ივერთა მონასტრისადმი მის მიერ შეწირულობის სიგელში და პალიასტომის ხატის წარწერაში. ამ წარწერის მიხედვით ბასილი ქუთათელს პალიასტომის ხატის მოჭედილობა ხელახლა განუახლებია. ბასილი ქუთათელის მთავარეპისკოპოსობა XVI-XVII საუკუნის მიჯნიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე არის საფიქრებელი. ამ დროიდან ამავე საუკუნის შუა ხანამდე ქუთაისის საეპისკოპოსოს სავარაუდოდ თეოფილე გურიელი განაგებდა. იგი გრიგოლ ნაზიანზინელის თხუზულების „სიტყვანის“ გვიანდელ მინაწერშია მოხსენიებული. ხოლო ამ საუკუნის შუა წლებიდან , კერძოდ 1651 წლის 9 ოქტომბრიდან ქუთაისის მთავარეპისკოპოს-მიტროპოლიტად სვიმონ II ჩხეიძე გვხდება. იგი საკუთარ თავს „ქუთაისისა და პალიასტომის ყოვლად წმიდისა მიტროპოლიტს“ უწოდებდა. 1660 წელს სვიმონ II დასავლეთ საქართველოს კათალიკოსიც გახდა და გარდაცვალებამდე, 1666 წლის 11 ოქტომბრამდე, ერთდროულად ქუთათელი მიტროპოლიტი და კათალიკოსი იყო. შესაბამისად იგი „კათალიკოს-ქუთათელად“ ან „ქუთათელ-კათალიკოსად“ იწოდებოდა. სვიმონ II ქუთათელი მთავარეპისკოპოსის აშენებულია სოფელ თხილთაწყაროს ეკლესია, რასაც ტაძრის სამშენებლო წარწერა გვაუწყებს.

სვიმონ II კათალიკოს-ქუთათელის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის საეპისკოპოსოს მისი ძმისწული, სვიმონ III ჩხეიძე ჩაუდგა სათავეში. ვახუშტი ბაგრატიონი სვიმონ III ქუთათელს ძალზე უარყოფითად ახასიათებს, რომელიც საეკლესიო საქმეების ნაცვლად უფრო საერო-პოლიტიკური ცხოვრებით ყოფილა გართული და ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრაზე მოღვაწეობის დროს მრავალ უკანონობას ჩადიოდა. სვიმონ III მართლაც ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმერეთის სამეფოში გაჩაღებულ შინა ომებში, მაგრამ იმავდროულად ოსმალების წინააღმდეგაც შემართებით იბრძოდა. იგი ქუთათელ მთავარეპისკოპოსად XVIII საუკუნის დასაწყისამდე იყო. ამ საუკუნის I მესამედში ქუთაისის საეპისკოპოსოს სვიმონ III ჩხეიძის მერე ევდემონ ქუთათელი განაგებდა, რომელიც რამდენიმე „ფიცის წიგნში“ არის მოხსენიებული. ამ სიგელებიდან ჩანს, რომ იგი მაშინდელ საქართველოში გავრცელებულ მანკიერ მოვლენას - ტყვეთა სყიდვას ებრძოდა. ევდემონის ქუთათელ მთავარეპისკოპოსობა XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამავე საუკუნის 30-იან წლებამდე თავსდება.

XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრას ტიმოთე გაბაშვილი, ცნობილი საეკლესიო მოღვაწე განაგებდა. იგი საისტორიო წყაროში ქუთათელ მთავარეპისკოპოსად 1737 წელს იხსენიება, მაგრამ აღნიშნული ხარისხი მას რამდენიმე წლით ადრე უნდა მიეღო. 1737 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის (1720-1752 წწ.) დავალებით რუსეთში ელჩობაში გაემგზავრა, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა. იმერეთში მისი არყოფნისას 1740 წლის 27 სექტემბერს ქუთათელ მიტროპოლიტად ანტონი, შემდგომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I, დაინიშნა. ანტონმა ქუთათელობა 1743 წლის 5 იანვარს დატოვა და დავით გარეჯის უდაბნოს მიაშურა. ეს ტიმოთე გაბაშვილის რუსეთიდან დაბრუნებით უნდა იყოს გამოწვეული. ქუთათელ მთავარეპისკოპოსად ტიმოთე 1747 წლის ბოლომდე დარჩა, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. ეს განპირობებული იყო იმერეთში ოსმალთა გამუდმებული შემოსევით და ქუთაისის ეპარქიის ფაქტობრივი მოშლით. ქართლში ყოფნისას ტიმოთე გაბაშვილი 1752 წლამდე ქუთათელის საეპისკოპოსო ხარისხს ატარებდა.

ოსმალების მიერ იმერეთის სამეფოს დედაქალაქის ქუთაისის დაპყრობამ და იქ მათი გარნიზონის ჩაყენებამ ქუთაისის საეპისკოპოსოს განუზომელი ზიანი მიაყენა. ფაქტობრივად ეპარქია არ არსებობდა და არც მთავარეპისკოპოსი ჰყავდა. საეპისკოპოსოს ეკონომიკური საფუძველიც მოიშალა. ყმა-მამული ზოგი ოსმალებმა, ზოგიც ადგილობრივმა ფეოდალებმა მიიტაცეს, მრევლიც მიმოიბნა. ტიმოთეს მერე ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრას ფორმალურად მაქსიმე აბაშიძე განაგებდა, მაგრამ იგი მხოლოდ „ქუთათელად წოდებული“ იყო და არც კურთხევა ჰქონდა მიღებული.

„ქუთათელად წოდებულ“ მაქსიმეს ქუთაისში ოსმლთა თარეშის გამო საეპისკოპოსოს რეზიდენციის სოფელ მაღლაკში გადატანა მოუხდა. მას იქ ჟორჟოლიანების მამულში მცირე ეკლესია აუშენებია და ღვთისმშობლის ხატი დაუბრძანებია. 1759 წლის 4 დეკემბერს იმერეთის მეფე სოლომონ I-ის (1752-1784 წწ.) მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაზე მაქსიმე აბაშიძე ქუთათელ მთავარეპისკოპოსად აკურთხეს და მოშლილი ეპარქიაც აღადგინეს. საეპისკოპოსოს კუთვნილი ყმა-მამული დაუბრუნდა. 1768 წელს სოლომონ I-ის ბრძანებით მაქსიმე ქუთათელი რუსეთში ელჩობაში გაემგზავრა, საიდანაც ერთი წლის მერე დაბრუნდა. 1776 წლის 13 მაის მაქსიმე დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად აკურთხეს, მაგრამ იმავდროულად ქუთათელ მიტროპოლიტობასაც ფლობდა და „კათალიკოს-ქუთათელად“ იწოდებოდა. მხოლოდ 1781 წელს დატოვა მან ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრა. მაქსიმე კათალიკოსი 1795 წლის 30 მაისს რუსეთის იმპერიაში გარდაიცვალა და კიევის მღვიმის (პეჩორის) ლავრაშია დაკრძალული. იგი დასავლეთ საქართველოს ბოლო კურთხეული კათალიკოსია.

1881 წელს ქუთათელ მთავარეპისკოპოსი დოსითეოს წერეთელი გახდა. იგი დიდი მონდომებით შეუდგა მისდამი მინდობილ ეპარქიაზე ზრუნვას. იმავდროულად 1784 წლიდან, მაქსიმე კათალიკოსის რუსეთში ყოფნის გამო, დოსითეოსი საკათალიკოსო საქმეებს განაგებდა და 1795 წლიდან იგი ოფიციალურად გახდა „გამგებელი საკათალიკოსო მამულთა“ („გამგე კათალიკოსი“, „საკათალიკოსოს გამგე“). ამ თანამდებობაზე დოსითეოსი საგანგებო ბრძანებით იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დაამტკიცა.

მეფის მიერ „გამგე კათალიკოსად“ დანიშნულ დოსითეოშს კათალიკოსობა რომ მიეღო, საეკლესიო კრების მიერ დამტკიცება სჭირდებოდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს საეკლესიო კრება არ გამართულა. ამის მიზეზი სავარაუდოდ შიძლება ისიც იყო, რომ სოლომონ II-ს და იმერეთის უმაღლეს საეკლესიო წრეებს იერარქიულად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქისადმი დაქვემდებარება და საქართველოს ეკლესიის გაერთიანება სურდათ.

1810 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო დაიპყრო. 1814 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდმა დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო გააუქმა და იგი ეგზარქოს დაუქვემდებარა, რომელიც ოფიციალურად საქართველო-იმერეთის ეგზარქოსად იწოდებოდა. ამის შემდეგ დოსითეოსი საკათალიკოსო საქმეების მართვა-გამგეობას ჩამოაშორეს. მან მხოლოდ ქუთათელ მიტროპოლიტობა შეინარჩუნა.

1819 წელს რუსეთის კოლონიურმა ხელისუფრლებამ დასავლეთ საქართველოში ახალი საეკლესიო პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელსაც ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი ახორციელებდა. საეკლესიო რეფორმა მიზნად ისახავდა: მიტროპოლიტთა დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიების, ყმა-მამულის, ქონების და შემოსავლების, სამრევლო ეკლესიების და სასულიერ პირთა, მონასტრების შემოსავლების და იქ მყოფ ბერ-მონაზონთა, იმ საეკლსიო აზნაურტა და გლეხთა, რომლებიც ეპისკოპოსებს არ ეკუთვნოდნენ, დაწვრილებით აღწერას. ასევე ნატურალური გადასახადების ფულადით შეცვლას. ეკლესიის უკეთ მართვის მიზნით ეპარქიათა შემცირებას და გადასახადების გადიდებას.

საეკლესიო რეფორმის გატარება ეგზარქოსმა თეოფილაქტემ ქუთაისის საეპისკოპოსოდან დაიწყო, რადგან იგი ქუთათელ მიტროპოლიტს თავიდანვე დაუპირისპირდა. რეფორმამ იმერეთში მოსახლეეობის ყველა ფენის ინტერესი შელახა და აჯანყებამაც არ დააყოვნა. აჯანყების ერთერთ ძირითად მოთავედ რუსეთის ხელისუფლებამ დოსითეოს ქუთათელი მიიჩნია, რომელსაც მრავალი ბრალდება, მათ შორის თითქოს საეკლესი შემოსავლებით უკანონო სარგებლობა დააბრალეს. ეგზარქოსმა თეოფილაქტემ მთავრობას ისე გააცნო საქმე, რომ დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გენათელი იყვნენ გამოსვლების მთავარი მოთავეები და მხოლოდ მათი გასახლების შემდეგ იქნებოდა იმერეთში მშვიდობის დამყარება შესაძლებელი, შესაბამისად საეკლესიო რეფორმის განხორციელება.

თავის მხრივ დოსითეოს მიტროპოლიტმა ეფთვიმე გენათელთან ერთად კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა წერილი, სადაც მოთხრობილი იყო თუ რა უბედურება განიცდიდა დასავლეთ საქართველოს ეკლესია რუსეთის ხელისუფლებისაგან და ორივე მიტროპოლიტი სთხოვდა პატრიარქს, რომ მათინ სამწყსო თავის დაქვემდებარებაში მიეღო.

1819 წლის ივლისში ქუთათელი მიტროპოლიტი გიორგი ავალიშვილმა ინახულა. დოსითეოსმა მას ეგზარქოსის უსამართლობაზე შესჩივლა. გ . ავალიშვილის დახასიათებით ქუთათელი მიტროპოლიტი იყო:

ვიკიციტატა
„...გონიერი, შუენიერმოუბარი, მდაბლად მქცეველი, უხვი, სტუმართმოყვარე, დიდშემძლებელი და თანასწორ გამოცდილი ვითარცა საღმრთოთა დოღმატთა, ესრეთუე აქაურთა სამხედროთა და სამოქალაქოთაცა საქმეთა შინა.“

დოსითეოსი ქუთაისში ყოფნისას ღვთისმშობლის თითქმის დაქცეულ ტაძართან მიდგმულ მცირე სამწირველოში ცხოვრობდა, ხოლო მეორე სამყოფლი სოფელ მაღლაკში ჰქონდა.

1820 წლის 4 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ იმერეთის აჯანყების მოთავეები, მათ შორის დოსითეოს ქუთათელი, ქუთაისში მოტყუებით შეიპყრო. დაკავების დროს დოსითეომა რუსებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ შემდეგ გონება დაკარგა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მიტროპოლიტი სალდათებმა სცემეს. 8 მარტს გადასახლებაში გაგზავნილი დოსითეოს ქუთათელი სურამსა და გორს შორის გზაზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მიტროპოლიტის ცხედარი სათანადო პატივის გარეშე ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს.

1821 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით რუსეთის ეკლესიის სინოდმა ქუთაისი, გელათის და ხონის საეპისკოპოსოები გააუქმა და მათ მაგივრად იმერეთის ეპარქია დააარსა, რომლის კათედრალი ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია გახდა. სინოდის ამ განკარგულებით ქუთაისის უძველესმა საეპისკოპოსო კათედრამ არსებობა შეწყვიტა. ახლადშექმნილი იმერეთის საეპისკოპოსოს მიტროპოლიტად ნიკორწმინდელი არქიეპისკოპოსი სოფრონი დაინიშნა, რომელიც 1843 წლამდე განაგებდა აღნიშნულ ეპარქიას. მის შემდეგ მიტროპოლიტი დავით წერეთელი გახდა, რომელიც 1853 წელს გარდაიცვალა. იმერეთის ეპარქიის მომდევნო მიტროპოლიტად გერმანე გოგილაშვილი დაინიშნა, რომელიც 1860 წლის 2 ივლისს ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ, მთავარეპისკოპოსმა Gგაბრიელ ქიქოძემ შეცვალა.

ეპისკოპოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანტონ I - XI საუკუნის დასაწყისი.
  2. სამოელი - XI საუკუნის I ნახევრის შუა წლები.
  3. თეოდორე - XI საუკუნის შუა ხანა.
  4. ილარიონი - XI საუკუნის II ნახევარი.
  5. ნიკოლოზი - XII საუკუნის I ნახევარი.
  6. არსენი - XII საუკუნის შუა ხანა.
  7. აბულასანი - XII საუკუნის 70-იანი წლები.
  8. პავლე - XII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი.
  9. ანტონ II (საღირისძე) - დაახლოებით 1184 წლიდან 1191 წლამდე (ან XII საუკუნის მიწურულამდე.
  10. ქრისტეფორე - სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნა.
  11. იოვანე - XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა.
  12. მიქაელი - XIV საუკუნის I ნახევარი.
  13. ოქროპირი - XIV საუკუნის შუა ხანა.
  14. მახარობელი - XIV საუკუნის II ნახევარი.
  15. მანუელი - XV საუკუნის II ნახევრიდან 1488 წლამდე.
  16. ბართლომე - 1488 წლიდან დაახლოებით 1500 წლამდე. დაახლოებით 1488-1519 წლებს შორის ბართლომე დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი იყო.
  17. გერასიმე (ჩხეტიძე) - დაახლოებით 1501 წლიდან 1529 წლის 10 იანვრამდე.
  18. სვიმონ I (ჩხეტიძე) - 1529 წლიდან XVI საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით.
  19. ბასილი (ჩხეტიძე) - XVI-XVII საუკუნის მიჯნიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე.
  20. თეოფილე (გურიელი) - სავარაუდოდ XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან ამავე საუკუნის შუა ხანამდე.
  21. სვიმონ II (ჩხეიძე) - XVII საუკუნის შუა ხანიდან (1651 წ.) 1666 წლის 11 ოქტომბრამდე. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი 1660-1666 წლებში.
  22. სვიმონ III (ჩხეიძე) - 1666 წლიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე.
  23. ევდემონი - XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამავე საუკუნის 30-იან წლებამდე.
  24. ტიმოთე (გაბაშვილი) - XVIII საუკუნის 30-იან წლებიდან 1747 წლის ბოლომდე.
  25. ანტონ III (ბაგრატიონი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I) - 1740-1743 წლის 5 იანვარი.
  26. მაქსიმე (აბაშიძე) - 1750-1759 წლებში ,,ქუთათელად წოდებული”. 1759 წლის 4 დეკემბრიდან 1781 წლამდე ქუთათელი მიტროპოლიტი. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი 1776-1795 წლებში.
  27. დოსითეოსი (წერეთელი) - 1781-1820 წლის 8 მარტი. დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი 1795-1814 წლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბისონია პ., ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორია, თბ., 2017
  • ბოგვერაძე, გ.-ქუთაისის ციხე-ქალაქის განთავისუფლების ისტორიისათვის (1770 წელი), ქუთაისი, 2003.
  • გორგაძე, ს. ბაგრატის ტაძარი : ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერა. ტფილისი, 1911
  • ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება. ტ.4. თბ. 1973
  • მატიანე ქართლისაი, ქართლის ცხოვრება., ტ.1, თბ. 1955
  • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ.3. თბ. 1966
  • მ. ლორთქიფანიძე, ქუთაისი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი, კრ. ქუთაისი უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე. 1994
  • ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოსაცემად მოამზადა იასე ცინცაძემ, თბ. 1955
  • თ. ქორიძე, მე 11-16 სს. აფხაზეთის კათალიკოსთა ქრონოლოგია. ჟურნალი ,,კლიო“#15, თბ. 2002
  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.1, თბილისი, 1962
  • ზ. აბაშიძე, ერთი ეპიზოდი ქუთაისის ეპარქიის ისტორიიდან, თსუ შრომები #226, თბ. 1986
  • პ. ინგოროყვა, გიოტგი მერჩულე, თბ. 1954
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია. ნ.1, თფილისი, 1923
  • ვ. ჯაოშვილი, ქუთაისი (ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება), თბ. 1962
  • ვაჭრიძე პ. ბაგრატის ტაძრის ისტორიიდან ჟურნალი „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები.“ კრ.22 ქუთაისი 2012
  • დე გრაი დე ფუა საქართველოს შესახებ, თბილისი, 1985
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საეკლესიო ორგანიზაციის ისტორიიდან. კრ. საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, თბ. 1990
  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1967
  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, ტ. 4, თბ., 1982