ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
ერედა — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 920 მ-ზე, ახალგორიდან 4 კმ-ის დაშორებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 38 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერედა წყაროებში ცნობილია XV საუკუნის II ნახევრიდან. 1470 წლით დათარიღებული შალვა ქვენიფნეველის ლარგვისის მონასტრისადმი შეწირული სააღაპე გუჯარიდან ჩანს, რომ სოფლები ივრეთი, ერედა („ჰერედაჲ“), ქურთა და სხვ. მურვან-ყრუს მიერ ყოფილა მოოხრებული და დაუსახლებელი იყო მანამ, სანამ შალვას არ აღუშენებია. მომდევნო ხანებში ერედასთან გადიოდა საზღვარი ქსნის საერისთავოსა და საამილახვროს შორის. 1886 წლის აღწერით ერედა ქსნის უბნის ქვემო ბოლის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა და იქ 73 მცხოვრები (ყველა ქართველი) იყო.
1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში (ბოლის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის რაიონში. 2008 წლის აგვისტოდან მოქცეულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში.
სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი ანტიკური ხანის სამაროვნები. შემორჩენილია ფეოდალური ხანის კოშკის ნანგრევები, ასევე გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები და „ერედის ხატი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე ი., ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან, თბ., 1964, გვ. 9-10.
- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 71.
- ახლოური დ., ნასოფლარები ქარჩოხის ხეობაში, ჟურნ. „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“, № 9, 2023. — გვ. 25-45.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 35.