შინაარსზე გადასვლა

წირი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
წირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ზაყორი
კოორდინატები 42°08′13″ ჩ. გ. 44°22′33″ ა. გ. / 42.137028° ჩ. გ. 44.375861° ა. გ. / 42.137028; 44.375861
ცენტრის სიმაღლე 1100
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წირი (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წირი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

წირი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ზაყორის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ახალგორიდან 69 კმ-ში, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 31 კმ-ში.

წერილობით წყაროებში ცნობილია XV საუკუნიდან. 1459 წლის „სამთავისის გუჯარში“ სამთავნელის სარგოს ნუსხაში დასახელებულ სოფლებს შორის მოხსენიებულია უკანწირი, წირი და ქვემო წირი.[1] იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) წირი იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც ამოწყვეტილი ღაზნელების მამულები იყო და ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ ამილახვრებს მიეკუთვნა.[2]

რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში სოფელი წირი ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქსნის უბანში შედიოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს, 1922–1990 წლებში მიაკუთვნეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონს. 1930-იანი წლებიდან ზახორის სასოფლო საბჭოში შედიოდა: ზემო წირი, ქვემო წირი, შუა წირი და უკანწირი. 1989 წლის აღწერით ზემო წირში იყო 42 მცხოვრები, ქვემო წირში — 30, შუა წირში — 37, ძირითადად ოსები; უკანწირში მუდმივი მოსახლეობა არ იყო. ოლქის გაუქმების შემდეგ (1990) ეს დასახლებები ოფიციალურად შედის ახალგორის რაიონში (შემდეგ მუნიციპალიტეტში) წირის სახელწოდებით,[3] თუმცა 1990-იანი წლებიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო რეჟიმის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერით სოფელ წირში 7 მცხოვრებია.[4]

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

წირის (ზემო წირის) მიდამოებში, სოფლის დასავლეთით 2 კმ-ზე, ტყიანი ბორცვის თავზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები („ბზეზვა“).[5]