საამილახორო
საამილახორო, საამილახვრო — პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეული — სათავდო, რომელსაც მართავდა მეფის დანიშნული მოხელე — ამილახვარი. საამილახოროს ტერიტორია მოქცეული იყო მდინარეებს ლეხურასა და ლიახვს შორის. წარმოიშვა XIV საუკუნის დასაწყისში, როდესაც ზევდგენიძეებმა სამემკვიდრეოდ მიიღეს სხვილოური მამული. XIV საუკუნის ბოლოს მათ ებოძათ ახალციხე (არაგვის ხეობაში) და შიომღვიმე საგვარეულო საძვალედ (გვიანდელ ხანაში ამილახვრები სამთავისშიც იმარხებოდნენ).
1429 წელს ზევდგენიძეების ხელში გადავიდა კასპი, იგოეთი, ნადარბაზევი, გომი, უფლისციხე, გვერდისძირი. XV საუკუნის I ნახევარში ზევდგენიძეებმა მიიღეს ამილახორის სახელი. 1470-იან წლებში ისინი ყმა-მამულებს ფლობდნენ მცხეთაში, კარსანში, ძაგნაკორნაში, ახატანში, ხატისწობენში. ზევდგენიძე-ამილახორთა უფლებები განმტკიცდა XV-XVI საუკუნეებში, როდესაც ქართლი დაიყო სადროშო-სასარდლოებად და მემარჯვენე სასარდლოს მეთაურად ამილახორი დაილახორი დაინიშნა. ამილახორთა ძლიერებას ზრდიდა ისიც, რომ XV საუკუნის დასაწყისიდან ისინი ფლობდნენ გორის მოურავის სახელოს. XIV-XVI საუკუნეებში ცენტრი იყო სხვილო, ხოლო XVII საუკუნის დასაწყისიდან ქვემო ჭალა. საამილახორო განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის II ნახევრიდან და XVIII საუკუნის I ნახევარში.
XVII საუკუნის 20-იან წლებში ამილახვრებმა და ქსნის ერითავებმა ერთობლივი ძალებით ამოწყვიტეს ღაზნელთა საგვარეულო და საღაზნილო ერთმანეთში გაინაწილეს. ამის შემდეგ საამილახოროს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო.[1] გივი ამილახვრის აჯანყების დამარცხების შემდეგ მისი ძლიერება თანდათან დაეცა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა ამილახორის სახელომ და საამილახორო, როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული, უკვე აღარ არსებობდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 536.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გვრიტიშვილი დ., გვიანფეოდალური ქართლის სოციალური ურთიერთობიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 42.