წოლდა
წოლდა — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ზაყორის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).
მდებარეობს მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1280 მ-ზე, ახალგორიდან 70 კმ-ში, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 36 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წერილობით წყაროებში ცნობილია XIV საუკუნიდან „წოლდის“ სახელით. საკათალიკოსო მამულების 1392 წლის 1 დეკემბერის სითარხნის გუჯარის მიხედვით „წოლდს სამი კომლი კაცი“ საკათოლიკოსო ყმა ყოფილა.[1] ვახუშტი იხსენიებს „წოლდის ხევს“.[2] იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) წოლდი იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც ამოწყვეტილი ღაზნელების მამულები იყო და ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ ამილახვრებს მიეკუთვნა.[3] გერმანელი სწავლული იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც საქართველოში 1770-იან წლებში იმოგზაურა, სოფელს წოლდევად იხსენიებს.[2]
რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში სოფელი წირი ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქსნის უბანში შედიოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს, 1922–1990 წლებში მიაკუთვნეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონს. 1930-იანი წლებიდან ზახორის სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფლები ქვემო წოლდა და ზემო წოლდა. 1989 წლის აღწერით ქვემო წოლდაში იყო 124 მცხოვრები, ზემო წოლდაში — 11, ძირითადად ოსები. ამჟამად ზემო წოლდა ნასოფლარია, ქვემო წოლდა კი იწოდება წოლდად.
ოლქის გაუქმების შემდეგ (1990) წოლდა ოფიციალურად შედის ახალგორის რაიონში (შემდეგ მუნიციპალიტეტში) წოლდას სახელწოდებით,[4] თუმცა 1990-იანი წლებიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო რეჟიმის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერით სოფელ წოლდაში 30 მცხოვრებია.[5]
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, თბ., 1970. — გვ. 179.
- 1 2 ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 680, თბ., 2013 წელი.
- ↑ ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ, 1986. — გვ. 39.
- ↑ ახალგორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ, 2014 წლის 26 დეკემბერი. «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე».
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года. — გვ. 18.