ცაიშის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ცაიშის საკათედრო ტაძარი

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა[1].

VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს არის საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც "ბაგრატაფხაზთა მეფე და კურაპალატის” გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.

ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია II და გრიგოლ ჩიქოვანი (1777-1823).

1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ, მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზე მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.

1989 წლიდან გაუქმებულ ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა და მრევლიც გაჩნდა. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაძრის წინამძღვარი იყო ეპარქიის მოღძვართ-მოძღვარი აწ განსვენებული დეკანოზი ამირან შენგელი], რომელიც ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთანაა დაკრძალული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ზაბულონ ქობალია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაიშის საკათედრო ტაძრის კედლის ფრაგმენტი

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ზუგდიდის სამხრეთ-დასავლეთით ათიოდე კილომეტრზე. იგი მდებარეობს კოლხეთის დაბლობთან მომიჯნავე მთების დასაწყისში. "1614 წლის მიწისძვრამ ცაიშის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს წაუშალა თავდაპირველი სახე.

დღევანდელი ძეგლის მასათა კომპოზიციის დამაგვირგვინებელი ცილინდრული ფორმის გუმბათი მთლიანად ახალია, მას საფუძვლის კვადრატის კონსტრუქციული შვერილებიც კი არ გააჩნია.

ცაიშის კომპლექსის უძველესი ნაგებობა დგას გალავნის გარეთ ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში. მას პალატი ეწოდება.პალატის ინტერიერი დიდად შთამბეჭდავია, თაღოვანი ბოძები, რომელსაც შენობის ჭერი ეყრდნობა, გოთური სტილის ელემენტებს ატარებს. ნაგებობის დღევანდელი სურათი ორ სამშენებლო ფენას შეიცავს _ თავდაპირველსა და აღდგენილ ნაწილს. მხატვრული თვალსაზრისით, ამ ტაძრის პალატი დაახლოებით X საუკუნეშია აგებული. ამ სადგომის ზემოთ მდგარა ხის სახლი, რომელიც ხეზე ჭრის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა.

უცნობია, თუ ვინ არის ტაძრის ხუროთმოძღვარი. არაა გამორიცხული, რომ გუმბათის ყელში ერთ-ერთ დეტალზე დატანებული წარწერა ანანია ხუროთმოძღვრის ვინაობაზე მიგვანიშნებდეს.

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწილს ორსართულიანი სამრეკლო წარმოადგენს. იგი ჩაშენებულია სამხრეთით შიგ გალავანში. მისი აგების თარიღი უცნობია, რამეთუ მის შესახებ წყაროები არაფერს ამბობენ. სპეციალისტების დაკვირვებიდან კი ცხადია, რომ სამრეკლო შეიცავს რამდენიმე სამშენებლო ფენას, ასევე ტაძრის ფრაგმენტებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი მიწისძვრის შემდეგ იქნა აგებული. ამასვე ადასტურებს მალაქიას შემდეგი წარწერა: "სრულიად დაიქცა გალავანითა და შინაგან გარ-შენობითა და სამრეკლოთა ...".

ამდენად, ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ნიშანი უკვე XIII ს-ის დამდეგს ჩნდება. ძირითადად მასში III სამშენებლო პერიოდი განირჩევა. აქვე გვხვდება უფრო ადრეული, კერძოდ, X საუკუნის და უფრო მოგვიანო, XVII საუკუნის ხუროთმოძღვრების ნიმუშებიც.

ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა და ნეკროპოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Caishis sakatedro tadzari3.jpg

ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი ფრესკული მხატვრობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის კონქზე შესრულებული ღმრთისმშობლისა და მიქელ-გაბრიელის გამოსახულებები. ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომარეა, მას ყრმა იესო უჭირავს ხელში. მარიამის თვალები, სახის ნაკვთები და მდიდრული მოსასხამი ხაზს უსვამს მომხატველი ოსტატის ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობას. ყრმა იესოს სახეში იკვეთება შეწითლებული ლოყები და მოყავისფრო ინტენსიური ჩრდილები.

ღმრთისმშობლის გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს დასავლეთის მკლავის ცილინდრული კამარის მოხატულობა. აქ ცენტრალური ადგილი უკავია სფეროში ჩახატულ ღვთისმშობელს. მარიამის სახე სიმკაცრითა და ძალმოსილებით გამოირჩევა. მისი მუქი, მოყავისფრო-მოწითალო სამოსის მკვეთრი ნაკეცები ხაზს უსვამს მხატვრის რეალისტურ სტილს. ღმრთისმშობელს ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს. საგულისხმოა ყრმა იესოს გამოსახულებაც; მიუხედავად იმისა, რომ იესო ღვთისმშობლის ფონზეა დახატული, მაინც კარგად იკვეთება მისი ფიგურა, რის ხელშემწყობ პირობადაც მძაფრი კონტურები, თეთრი სამოსი და ოქროს შარავანდი გვევლინება.

შესრულების საუკეთესო რეალისტური სტილით გამოირჩევა აღმოსავლეთ კარიბჭის თაღზე მოთავსებული ჩვენთვის უცნობი სცენა (სამი მამაკაცი მთაში). აქ ყურადღებას იქცევს ადამიანთა ფიგურებისა და სახეთა გამოსახვის მანერა. სცენის კოლორიტი რბილ, ზუსტად მიგნებულ ტონთა რიტმულ შეხამებაზეა აგებული. ახალგაზრდა სახეები შუქჩრდილებით არის გაცხოველებული, მთლიანად სცენა მშვიდია და სათუთხაზოვან რიტმშია შესრულებული.

ცაიშის ფრესკული მოხატულობიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის სამხრეთ ნავში, ბოძის ქვედა რეგისტრზე გამოსახული ქტიტორები. პორტრეტები მეტად თუ ნაკლებად ფრაგმენტულია, წარწერა კი, სამწუხაროდ, სავსებით წაშლილია. ფრესკა ორ გამოსახულებას შეიცავს. მათგან აღმოსავლეთით მდებარე გვირგვინოსანი დედოფლის გამოსახულება უფრო მეტადაა შემორჩენილი. დედოფალს მდიდრული სამოსიდან გამოყოფილი მარჯვენა ხელი ოდნავ ზეაღმართული აქვს, თავზე ორნამენტებით შემკული გვირგვინი ახურავს. ორი დიდი ნაწნავი თითქმის მთელ სხეულზეა ჩამოშლილი. მაღალი ყელი, ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი თვალები დიდებული ქალის დახვეწილ ტიპს წარმოსახავს. დედოფლის მუქ შინდისფერ საკინძიან სამოსს ფრაგმენტულად შემორჩენილი ოქროსფერი მდიდრული მოსასხამი ამშვენებს, რომლის საყელოზეც საოცრად ნატიფი ორნამენტებია გამოსახული. დედოფლის ფიგურის პროპორციული სისწორე ოდნავ დარღვეულია თვალების, ყურების, თავის რამდენადმე გადიდებით, რაც გამოსახულების აღქმას აძლიერებს. დედოფლის დასავლეთით მოთავსებული მამაკაცის ფიგურა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მას აღმოსავლური ტიპის საკმაოდ მაღალი მოყავისფრო ქუდი ახურავს, რომელიც გეომეტრიული უჯრედებითაა გაფორმებული. ქართული ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები, შავი წარბ-ულვაში და სწორი ცხვირი პორტრეტს ლირიკულ იერს სძენს.

ცაიშის ტაძრის წინამძღვრის,ეპარქიის მოღძვართ-მოძღვრის, დეკანოზის ამირან შენგელიას საფლავი ცაიშის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან

უცნობია გამოსახულ ქტიტორთა ვინაობა. წარწერები სავსებით წაშლილია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში ნაწილობრივ შეიძლება დაგვეხმაროს ტაძრის მოხატვის პერიოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცაიშის კათედრის მოხატვა 1616 წელს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აქ იმდროინდელი სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი დაეხატათ.

ლევანი და ნესტან-დარეჯანი მსგავსი ჩაცმულობით წარმოგვიდგება კორცხელის რელიეფურ ხატზე. აქ ყურადღებას იქცევს ნესტანის ისეთივე ჩამოშლილი ნაწნავები, როგორც ფრესკაზე და ლევანის აღმოსავლური ტიპის ქუდი. პატრონიკეში შემორჩენილი მხატვრობიდან გამოვყოფთ წმინდა გიორგის წამების ორ სცენას: პირველზე ასახულია გიორგის მახვილით წამების სცენა. მხატვარს ფერთა საშუალებით გადმოცემული აქვს მოქმედ პირთა ხასიათი. მწვანე პერანგითა და წითელი მოსასხამით შემოსილი ხელაპყრობილი გიორგი დგას ჭაბუკებს შორის, რომლებიც მას მახვილს სცემენ. წმინდანის ნათელ სახეს შარავანდი აცისკროვნებს, მოძალადეთა სახეები კი მუქი ფერებითაა შესრულებული, მათი სამოსელი მოყავისფროა. ფერთა ასეთი განაწილება კარგად ასახავს როგორც მოქმედ პირთა ხასიათს, ასევე მთელი სცენის იდეურ შინაარსს.

წმინდა გიორგის ფრესკული გამოსახულების საპირისპიროდ პატრონიკეს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია მაცხოვრის წელზედა დიდი ზომის ფრესკა. მოხატულობას დინამიკურ იერს ანიჭებს ლურჯ და მუქ ოქროსფერთა მონაცვლეობა. იესოს სახის რბილი მოდელირება შემსრულებლის ოსტატობაზე მეტყველებს. მაცხოვრის სახის გამომეტყველება მშვიდი და შთაგონებულია.

ამრიგად, შესრულების მანერით, იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებით ცაიშის მოხატულობას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა მიენიჭოს XVII საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს შორის.

ცაიშის ტაძარი XIV საუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა, როგორც ჩანს, აქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვეღარ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით 6 საფლავია შემორჩენილი. რომლებიც ეკუთვნის დავით დადიანის შვილებს მართას, ნინასა და ალექსანდრეს, "უგანათლებულეს თავად" კონსტანტინე დადიანს.

ცაიშის მონასტერში დაკრძალული ყოფილა უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. მისი საფლავი უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს. მეცნიერი არ მიუთითებს, სად განისვენებდა ეს იერარქი ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

ცაიშის სამრეკლოს სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში შემორჩა სამარის ქვა ასომთავრული წარწერით:

  1. ესე (არ)ს განსას[უე]
  2. (ნ)ებელი ჩემი [და]
  3. (მ)ას დავემკვიდ[რო]
  4. რამეთუ მთნავს.

ამ წარწერის შინაარსიდან ბევრი ვერაფერი ირკვევა. სავარაუდოა, რომ იგი ეკვდერში იყო მოთავსებული და პალეოგრაფიული ნიშნებით XIII-XIV სს. განეკუთვნება, მაგრამ ვის ეკუთვნოდა წარწერა, ჯერჯერობით უცნობია. ეს ტექსტი არის 131-ე ფსალმუნის მე-14 მუხლი. მსგავსი შინაარსის წარწერა გვხვდება გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე, სადაც ნათქვამია:"ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს მასს დავემკვიდრო მე". ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან V დადიანის სიძე, მანუჩარ შარვაშიძე. ნიკო დადიანის თქმით, იგი აფხაზეთში მოკლეს. დატირების "შემდგომად მოვასვენეთ ეკლესიასა ცაიშს და დავმარხეთ მუნ შესაფერისა პატივითა".

ამდენად, როგორც ზემოთქმულიდან ცხადია, ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაიკარგა, ზოგიერთზე კი წარწერები აღარ იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კალანდია გ. „ოდიშის საეპისკოპოსოთა ისტორია (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი)“. თბილისი, 2004
  • თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 163-193.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8459

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]