ოსების აჯანყებები საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსების აჯანყებები საქართველოში
თარიღი 1918–1920
მდებარეობა ცხინვალის რეგიონი
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
საქართველოს დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოსი ბოლშევიკები
მხარს უჭერდა:
რსფსრ-ის დროშა რსფსრ
მეთაურები
საქართველოს დროშა ვალიკო ჯუღელი

ოსების აჯანყებები საქართველოში — ოსთა სეპარატისტული გამოსვლები 1918-1920 წლებში, რომლის მიზანიც იყო შიდა ქართლის მთიანი ზონიდან ქართველი მოსახლეობის გამოდევნა, ამ ტერიტორიის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისაგან ჩამოცილება და იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. აჯანყებულებს იარაღითა და შეიარაღებული ძალებით ეხმარებოდა საბჭოთა რუსეთი.

აჯანყებების მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლშევიკური ლოზუნგებით ოსთა პირველი გამოსვლა დაიწყო 1918 წლის 25 იანვარს და გრძელდებოდა მარტის დასაწყისამდე. გამოსვლა შეგულიანებული იყო იმ ხანად ჩრდილოეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებითა და თერგის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნით. ამ პერიოდში პორუჩიკ ი. ხარებოვის 300-კაციანმა შეიარაღებულმა რაზმმა შიდა ქართლის ოცზე მეტი სოფლის თავადაზნაურობა გაძარცვა, მათი სახლ-კარი გადაწვა, ზოგიც ადგილზევე სიკვდილით დასაჯა. მის წინააღმდეგ სახალხო გვარდიის ნაწილები გაიგზავნა, რადგან შეიარაღებული ძალები ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდა. 1918 წლის 13-14 მარტს ოსმა ბოლშევიკებმა ჩრდილოეთ კავკასიიდან შეუარაღებული დახმარება მიიღეს და მათზე დაყრდნობით ცხინვალისა და ჯავის რაიონებში ახალი აჯანყება წამოიწყეს. შედეგად ცხინვალი აიღეს. დახოცეს ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი წარჩინებულები, მათ შორის, გორის მაზრის კომისარი გიორგი მაჩაბელი, ალექსანდრე (სანდრო) კეცხოველი და კოსტა ყაზიევი. ამბოხებულებმა 140 გვარდიელი ტყვედ აიყვანეს. 19 მარტს ცხინვალში ოსების ეროვნული საბჭოს სახელით საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ამიერკავკასიის მთავრობის გადაწყვეტილებით ადგილზე სახალხო გვარდია გაიგზავნა ალექსანდრე კონიაშვილისა და ვალიკო ჯუღელის სარდლობით. 22 მარტს სახალხო გვარდიამ აჯანყება ჩაახშო.

1918 წლის ივნისში ოსების გამოსვლები დაიწყო საჩხერის რაიონში, გამოსვლებს ხელმძღვანელობდა ი. ხარებოვი. გამოსვლის მიზანი სამთავრობო ძალების შეჩერება, რკინიგზის დაკავება, ქუთაისზე გალაშქრება და საქართველოში ფართომასშტაბიანი აჯანყება იყო. აჯანყებულების რაოდენობა 5 000 კაცამდე იყო, მათ 1918 წლის 26 ივნისს საჩხერე აიღეს, მაგრამ მალევე დასთმეს სამთავრობო ჯარების შეტევის შედეგად. 19 ივნისს აჯანყებულმა ოსებმა დუშეთი აიღეს და იქ 26 ივნისს საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. სამთავრობო ძალებმა აღნიშნული გამოსვლები ჩაახშეს.

1919 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს ბოლშევიკური ორგანიზაციების წაქეზებით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კვლავ დაიგეგმა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება. აღნიშნული საკითხი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკური ორგანიზაციების არალეგარული კონფერენციის 1919 წლის 12 ივნისის სხდომაზე განიხილეს და 5 აგვისტოს რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს. აჯანყების ეპიცენტრად როკის რაიონი გამოაცხადეს. საქართველოს სიახლოვეს ამავდროულად გართულდა მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებს თეთრი არმია მოუახლოვდა. შეიქმნა ანტონ დენიკინის თავდასხმის რეალური საფრთხე. ოსებმა ისარგებლეს ამ გართულებებით და ამბოხების წამოწყების პერიოდიც განსაზღვრეს.

აჯანყების დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული განყოფილების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დუშეთში აჯანყების მოსაწყობად გაგზავნილი ვლ. სუხიშვილი და გ. გაფრინდაშვილი დააპატიმრეს. იმავდროულად, დააპატიმრეს გორის მაზრის აჯანყების ცენტრის, თბილისის აჯანყების ბოლშევიკთა სამხედრო რევოლუციური შტაბისა და საბჭოს წევრთა უმეტესობა. 1919 წლის 7 აგვისტოს ოსების შეიარაღებული აჯანყება მაინც დაიწყო ჯავისა და როკის ხეობებში. ოქტომბრიდან ოსების აჯანყება გავრცელდა ოსებით დასახლებულ სხვა სოფლებშიც, მაგრამ წარუმატებლად. აჯანყება დამარცხდა.

1920 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის მაისში დაიწყო ოსთა რიგით მესამე მასშტაბური აჯანყება. ამ პერიოდში ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდა. ოსებმა ისევ ხელსაყრელი დრო შეარჩიეს და „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის“ დადგენილებით, 1920 წლის 8 მაისს როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ამასთანავე მიიღეს ამ რაიონის რუსეთის სფს რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებაც. აჯანყებულებს როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც შეუერთდნენ. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩრდილო ოსეთიდან ოსთა პარტიზანული რაზმი შემოვიდა ვ. სანაკოევის ხელმძღვანელობით. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე, ასევე „ონიდან დუშეთამდე“ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920 წლის 12 ივნისს ქართულმა ჯარმა გიორგი კვინიტაძის სარდლობით ცხინვალი გაანთავისუფლა, ხოლო 23 ივნისს ოსების რაზმების უკანასკნელი ნარჩენები როკის უღელტეხილის გავლით ჩრდილოეთისკენ განდევნა. ქართული შენაერთების წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აჯანყება ჩაახშეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 310-311.
  • ვადაჭკორია შ., ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917-1925 წწ.), თბ., 2017
  • ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბ., 2018
  • მენთეშაშვილი ა., ოსური სეპარატიზმი 1918-1920 წწ., კრებულში – ოსთა საკითხი, გორი, 1996