ალვარ გულსტრანდი დაიბადა 1862 წელს ლანდსკრუნაში. მამამისი ქალაქის მთავარი ექიმი იყო. ალვარ გულსტრანდი მედიცინას სწავლობდა უფსალაში (1880-1885), ვენასა (1885) და სტოკჰოლმში (1886-1888); გეომეტრიული და ფიზიოლოგიური ოპტიკის საკითხებში მთლიანად თვითნასწავლი იყო. 1890 წელს გულსტრანდმა მიიღო სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. აკადემიურ მოღვაწეობასთან ერთად ის ექიმ-ოფთალმოლოგად მუშაობდა და 1892 წელს სტოკჰოლმის თვალის კლინიკის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1894 წელს გულსტრანდი აირჩიეს უფსალის უნივერსიტეტის თვალის დაავადებათა პროფესორად, ხოლო 1913 წელს — ფიზიოლოგიური და ფიზიკური ოპტიკის პროფესორად. ეს უკანასკნელი კათედრა საგანგებოდ შეიქმნა, რათა გულსტრანდი ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკისა და ელემენტარული სასწავლო პროცესისგან გათავისუფლებულიყო და თავისი შრომებისთვის მეტი დრო დაეთმო. 1927 წლიდან ის პენსიაზე გავიდა და უფსალის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი იყო.
1911 წელს გულსტრანდმა თვალის ოპტიკური თვისებების კვლევისთვის მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. მიღებული ჰქონდა სხვა მრავალი ჯილდო და წოდება. გულსტრანდი იყო უფსალის, იენისა და დუბლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, შვედეთისა და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრი. 1911-1929 წლებში ის იყო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის ნობელის ფიზიკის კომიტეტის წევრი, 1922-1929 წლებში კი — იმავე კომიტეტის თავმჯდომარე; ეწინააღმდეგებოდა ნობელის პრემიის გადაცემას ალბერტ აინშტაინისთვის, რომლის ფარდობითობის თეორიას არასრულყოფილად თვლიდა.
გულსტრანდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის თვალის, როგორც ოპტიკური სისტემის, შესწავლაში. ამისთვის ის გეომეტრიული ოპტიკის ცოდნას და რთულ მათემატიკურ გაანგარიშებებს იყენებდა, რის გამოც გულსტრანდის შრომები მისი თანამედროვე ბევრი ოფთალმოლოგისთვის უცნობი ან გაუგებარი იყო. გულსტრანდმა გაარკვია თვალის რქოვანა გარსის სტრუქტურისა და ფუნქციის, ასევე ასტიგმატიზმის არაერთი საკითხი. მან გააუმჯობესა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ გამოყენებისთვის განკუთვნილი მაკორეგირებელი ლინზები. 1911 წელს თვალის დეტალური გამოკვლევისთვის შექმნა საკუთარი მოდელის ნაპრალოვანი ნათურა (გულსტრანდის ნათურა). გერმანულ კომპანია Zeiss-თან თანამშრომლობით გულსტრანდის მიერ შექმნილი ბინოკულარული ურეფლექსო ოფთალმოსკოპი ყველა ოფთალმოლოგიური კაბინეტის ატრიბუტი გახდა. გულსტრანდის გამოკვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ოპტიკური გამოსახულების თეორიის ახალ კონცეფციას. მან გერმანელი ფიზიკოსის ჰერმან ფონ ჰელმჰოლცის კლასიკური თეორია თვალზე განავრცო აკომოდაციის უნარის ასახსნელად და დაადგინა, რომ ეს უნარი ნაწილობრივ დამოკიდებულია თვალის ბროლის ამოზნექილობის ხარისხზე.