შარლ რიშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლ რიშე
ფრანგ. Charles Richet
Charles Robert Richet nobel.jpg
დაბ. თარიღი 26 აგვისტო 1850(1850-08-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი პარიზი[8]
გარდ. თარიღი 4 დეკემბერი 1935(1935-12-04)[8] [3] [9] [6] (85 წლის) ან 3 დეკემბერი 1935(1935-12-03)[10] (85 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[8]
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო მედიცინა და ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
მამა Alfred Richet
შვილ(ებ)ი Charles Richet
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] და prix de poésie de l'Académie française

შარლ-რობერტ რიშე (ფრანგ. Charles Robert Richet; დ. 26 აგვისტო, 1850, პარიზი, — გ. 4 დეკემბერი, 1935, იქვე) — ფრანგი ფიზიოლოგი; პარიზის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი (1887–1927). ცნობილია თავისი გამოკვლევებით სუნთქვისა და საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის და პათოლოგიის, ეპილეფსიის, სხეულის ტემპერატურის რეგულირების, ბაქტერიოლოგიის და სხვა საკითხების შესახებ. აღწერა სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია უწოდა. ამ აღმოჩენისთვის 1913 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. დაინტერესებული იყო ასევე პარაფსიქოლოგიითა და სპირიტუალიზმით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ-რობერტ რიშე დაიბადა პარიზში 1850 წელს. მამა, ალფრედ რიშე იყო პარიზის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ქირურგიის პროფესორი. შარლ რიშემ დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (1869). პრუსია-საფრანგეთის ომის (1870-1871) დროს სასწრაფო დახმარების ნაწილში მუშაობდა. 1878 წელს გახდა პარიზის უნივერსიტეტის დოქტორი, 1887 წელს — ფიზიოლოგიის პროფესორი. 24 წლის მანძილზე, 1878-1902 წლებში იყო ჟურნალ Revue Scientifique-ის რედაქტორი, 1917 წლიდან ასევე Journal de Physiologie et de Pathologie Générale-ის თანარედაქტორი. აქვეყნებდა ნაშრომებს ფიზიოლოგიაში, ბიოქიმიაში, ექსპერიმენტულ პათოლოგიაში, ნორმალურ და პათოლოგიურ ფსიქოლოგიაში. მისი ყველა მნიშვნელოვანი კვლევა პარიზის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ტარდებოდა. მნიშვნელოვანია რიშეს შრომები ჰომოთერმულ ცხოველებში თერმორეგულაციის მექანიზმების შესახებ. რიშეს მიერ პოლიპნოეს და კანკალის როლის გარკვევამდე (1885-1895) ცოტა რამ იყო ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ იცავენ თავს გადახურებისგან ცხოველები კანის ზედაპირიდან აორთქლების გზით და შემდეგ როგორ აღიდგენენ კვლავ სითბოს. ექსპერიმენტული თერაპიის დარგში რიშე მუშაობდა ტუბერკულოზის სეროთერაპიის საკითხებზე, დიეტური ნატრიუმის და კალიუმის როლზე ეპილეფსიის მკურნალობაში. რიშემ განსაკუთრებით გაითქვა სახელი სიცოცხლისთვის საშიში მყისიერი ალერგიული რეაქციის აღწერით (1901-1903). ძაღლებზე ექსპერიმენტის გზით მან გაარკვია, რომ ამ რეაქციას ორგანიზმში უცხო ნივთიერების განმეორებითი შეყვანა იწვევდა და მას ანაფილაქსია უწოდა. ამ აღმოჩენამ დიდი წვლილი შეიტანა იმუნოლოგიის შემდგომ განვითარებაში. ამისათვის რიშეს 1913 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

ფიზიოლოგიური ექსპერიმენტებისგან თავისუფალ დროს რიშე სპირიტუალიზმსა და მხატვრულ ლიტერატურას უთმობდა; შარლ ეფიეირის (Charles Ephyeyre) ფსევდონიმით წერდა ლექსებს, რომანებსა და პიესებს. დაინტერესებული იყო ექსტრასენსური ფენომენით და ჰიპნოზით, ცდილობდა ე. წ. პარანორმალური მოვლენებისთვის ფიზიკური ახსნა მოეძებნა. რიშე ასევე იყო ევგენიკის და მეცნიერული რასიზმის მიმდევარი, მხარს უჭერდა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების სტერილიზაციას და მათთვის დაქორწინების უფლების ჩამორთმევას, შავკანიანებს განვითარების დაბალ საფეხურზე მდგარ ადამიანებად თვლიდა. იყო პაციფისტი, ამავდროულად პატრიოტიც. I მსოფლიო ომის წლებში ფრონტის ხაზთან ახლოს მუშაობდა, მკურნალობდა ტუბერკულოზით დაავადებულ ჯარისკაცებს და ცდილობდა დაჭრილების სისხლის პლაზმის ტრანსფუზიით მკურნალობის მეთოდის დამუშავებას. ომმა იმსხვერპლა რიშეს სიძე და ერთ-ერთი ვაჟი, რომლებიც საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.[13] ჰყავდა 7 შვილი. მისი ძე, შარლ რიშე შემდგომში მამის მსგავსად პარიზის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი გახდა. რიშე გარდაიცვალა პარიზში 1935 წელს, 85 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wolf, Stewart (1993) Brain, mind, and medicine: Charles Richet and the origins of physiological psychology. Transaction Publishers. ISBN 1-56000-063-5. 
  • Haas, LF (1 February 2001). "Charles Robert Richet (1850-1935)". Journal of Neurology, Neurosurgery & Psychiatry 70 (2): 255–255. .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.armb.be/index.php?id=1011
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Léonore databaseministère de la Culture.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.
  8. 8.0 8.1 8.2 Рише Шарль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Who Named It?
  10. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  11. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1913/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. Stewart 1993, გვ. 117-126.