ჟიულ ბორდე
ჟიულ-ჟან-ბაპტისტ-ვინსენტ ბორდე (ფრანგ. Jules-Jean-Baptiste-Vincent Bordet; დ. 13 ივნისი, 1870, სუანი, ბელგია, — გ. 6 აპრილი, 1961, ბრიუსელი) — ბელგიელი მიკრობიოლოგი და იმუნოლოგი. 1919 წელს იმუნოლოგიაში გაკეთებული აღმოჩენებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიულ ბორდე დაიბადა ბელგიის ქალაქ სუანში 1870 წელს. 1892 წელს დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი. 1894–1901 წლებში ის მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. აქ მან რამდენიმე წელი დაჰყო ილია მეჩნიკოვის ლაბორატორიაში. 1900 წელს დაბრუნდა ბელგიაში და სათავეში ჩაუდგა თავისსავე დაარსებულ პასტერის ინსტიტუტს ბრიუსელში. 1907-1935 წლებში ასევე ხელმძღვანელობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის კათედრას; 1935 წლიდან იქვე იყო საპატიო პროფესორი. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ბელგიის ოკუპაციის პერიოდში, ბორდემ პასტერის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა თავის შვილს, პოლს გადასცა, თავად კი საპატიო დირექტორი გახდა.
საფრანგეთში მუშაობის წლებში იკვლევდა ცოცხალ ორგანიზმებში ბაქტერიების გაუვნებელყოფის მექანიზმებს, ბიოლოგიურ სითხეებში იმუნურ რეაქციებს. 1895 წელს მან აღმოაჩინა სისხლის შრატის 2 კომპონენტი, რომელიც ბაქტერიული უჯრედის კედლის დაშლაზე (ბაქტერიოლიზზე) იყო პასუხისმგებელი: ბაქტერიის მიმართ იმუნიტეტის მქონე ცხოველის ორგანიზმში არსებული თერმომდგრადი ანტისხეული და ყველა ცხოველის სისხლში მოცირკულირე თერმომგრძნობიარე ნივთიერება, რომელსაც ბორდემ ალექსინი უწოდა, შემდეგ კი კომპლემენტის სახელი მიენიჭა. 1898 წელს ბორდემ დაადგინა, რომ ერთი სახეობის ცხოველის ორგანიზმში შეყვანილი განსხვავებული სახეობის წარმომადგენლის სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) ნადგურდება ბაქტერიოლოზის მსგავსი მექანიზმით (ჰემოლიზი). ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სეროლოგიისა და იმუნოლოგიის განვითარებაში. ბელგიაში დაბრუნების შემდეგ ბორდემ იმუნური რეაქციების სხვადასხვა საკითხზე კვლევა თავის სიძესთან, ოქტავ ჟენგუსთან ერთად განაგრძო. 1900 წელს მათ აღმოაჩინეს კომპლემენტის ფიქსაციის რეაქცია, რასაც იყენებენ ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებათა სეროდიაგნოსტიკისათვის, ხოლო 1906 წელს — ყივანახველის გამომწვევი (Bordetella pertussis). ბორდემ ასევე აღწერა შრატოვანი სინჯი, რომელიც მის სახელს ატარებს. იმუნოლოგიის საკითხში კვლევებისთვის 1919 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
ჟიულ ბორდე იყო ბრიუსელის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საბჭოს მუდმივი წევრი, I საერთაშორისო მიკრობიოლოგიური კონგრესის პრეზიდენტი (პარიზი, 1930), ერთხანს ბელგიის ჰიგიენის პირველი საბჭოს, პარიზის პასტერის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და ბელგიის მედიცინის აკადემიის პრეზიდენტი, ბელგიისა და უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ფლობდა მსოფლიოს არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას. ნობელის პრემიის გარდა მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის, ბელგიის გვირგვინის ორდენი (1930), ლეოპოლდის ორდენი (1937), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვარი (1938) და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cavaillon, Jean-Marc; Sansonetti, Philippe; Goldman, Michel (11 September 2019). „100th Anniversary of Jules Bordet's Nobel Prize: Tribute to a Founding Father of Immunology“. Frontiers in Immunology. 10. doi:10.3389/fimmu.2019.02114.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟიულ ბორდე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Jules Bordet – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2020.
- Jules Bordet. ამერიკის იმუნოლოგთა ასოციაცია. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2020.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de Belgique — BXL.
- ↑ 5.0 5.1 Dictionnaire des Wallons — Fédération Wallonie-Bruxelles, Institut Jules Destrée.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ 12.0 12.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1919 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'hui — Laval University.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 41.
- ↑ Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176
- ↑ L'Information universitaire — 1925. — ISSN 2024-3693
- ↑ https://journals.openedition.org/framespa/515?lang=en#tocto2n11
|