რონალდ როსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რონალდ როსი
ინგლ. Ronald Ross
Ronald Ross.jpg
დაბ. თარიღი 13 მაისი 1857(1857-05-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Almora
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი 1932(1932-09-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (75 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია Putney Vale Cemetery
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო პარაზიტოლოგია და ეპიდემიოლოგია
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო კოლეჯი
ალმა-მატერი Barts and The London School of Medicine and Dentistry
მამა Campbell Claye Grant Ross[8]
დედა Matilda Elderton[8]
შვილ(ებ)ი Charles Campbell Ross of that Ilk, younger[8]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[9], ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] [11], Knight Commander of the Order of the Bath, ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია[9] , სამეფო მედალი, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის რაინდი[9] , Manson Medal და Bisset Hawkins Medal

რონალდ როსი (ინგლ. Ronald Ross; დ. 13 მაისი, 1857, ალმორა, ინდოეთი, — გ. 16 სექტემბერი, 1932, პუტნი-ჰითი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი ექიმი, მიკრობიოლოგი; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (1902). ცნობილია მალარიის გადაცემის გზების კვლევით. კოღო ანოფელესის საჭმლის მომნელებელ გზებში აღმოაჩინა მალარიის გამომწვევი პარაზიტი, რამაც გამოავლინა დაავადების გადამტანი და შექმნა მალარიასთან ბრძოლის მეცნიერული საფუძველი. როსი მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო: აქვს მათემატიკური შრომები; წერდა ლექსებს, მხატვრულ პროზას და სიმღერებს; იყო მოყვარული მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რონალდ როსი 1857 წელს დაიბადა ინდოეთში, ბრიტანეთის არმიის გენერლის ოჯახში. სწავლობდა ლონდონში, წმინდა ბართლომეს ჰისპიტლის სამედიცინო სკოლაში (1875-1879), შემდეგ შეუერთდა ინდოეთში ბრიტანეთის არმიის სამხედრო-სამედიცინო სამსახურს (1881-1894), მონაწილეობდა ინგლის-ბირმის ომში (1885). ამავდროულად, 1888-1889 წლებში ლონდონში ეუფლებოდა ბაქტერიოლოგიას. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ პარაზიტოლოგ პატრიკ მანსონის შთაგონებით და დახმარებით დაიწყო მალარიის კვლევა (1895). ცდილობდა ექსპერიმენტული გზით დაემტკიცებინა ალფონს ლავერანისა და პატრიკ მანსონის ჰიპოთეზა, რომ მალარიის გავრცელება კოღოს უკავშირდებოდა. ორწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, 1897 წელს, როსმა კოღო ანოფელესის ორგანიზმში აღმოაჩინა მალარიის გამომწვევი პარაზიტი პლაზმოდიუმი. მალევე მან მალარიით დაინფიცირებული ფრინველების კვლევით პლაზმოდიუმის სიცოცხლის მთელი ციკლის გამოვლენა შეძლო და დაადგინა, რომ დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელში ინფექციის გადატანა კოღოს ნაკბენის გზით ხდებოდა. იმავე წელს იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა ჯოვანი ბატისტა გრასის ხელმძღვანელობით გამოავლინა ადამიანის ორგანიზმში პლაზმოდიუმის სიცოცხლის ციკლი და განსაზღვრა პარაზიტის ადამიანისთვის პათოგენური სახეობები.

1899 წელს როსი ინგლისში დაბრუნდა და ლივერპულის ტროპიკული მედიცინის სკოლაში დაიწყო მუშაობა. შემდგომი კვლევებისთვის მივლენილი იყო დასავლეთ აფრიკაში, სადაც გამოავლინა აფრიკული ცხელების გადამტანი კოღოს სახეობები. 1901 წელს აირჩიეს ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯის და სამეფო საზოგადოების წევრად; 1911-1913 წლებში იყო ამავე საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 1911 წელს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის „აბანოს ორდენის“ რაინდის წოდება. 1912 წლიდან ექიმად მუშაობდა ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში. 1917 წლიდან იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო სამინისტროს მალარიოლოგიის კონსულტანტი, ხელმძღვანელობდა I მსოფლიო ომის წლებში ჯარისკაცებს შორის გავრცელებულ მალარიის ეპიდემიასთან ბრძოლას. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე როსი იყო მისივე სახელობის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტისა და ჰოსპიტლის დირექტორი. ამავდროულად, არჩეული იყო ტროპიკული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტად.

ნობელის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში რონალდ როსს 1902 წელს მიენიჭა. ის გახდა ნობელის პრემიის პირველი ბრიტანელი მფლობელი და ევროპის გარეთ დაბადებული პირველი ლაურეატი. დაჯილდოების გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა ახლდა თან. ნობელის კომიტეტი ფიქრობდა, რომ პრემია როსსა და ჯოვანი ბატისტა გრასის შორის უნდა განაწილებულიყო, თუმცა როსმა იტალიელი მეცნიერი მეცნიერულ თაღლითობაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ნეიტრალური არბიტრის სახით მიწვეული გერმანელი მიკრობიოლოგის, რობერტ კოხის ზეგავლენით პრემიის ერთპიროვნული მფლობელი როსი გახდა.[12]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი აქტიური კარიერის მანძილზე როსის ძირითადი ინტერესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მალარიის გავრცელების პრევენცია იყო. ამ მიზნით ის ატარებდა კვლევებს და სახავდა დაავადების მართვის პრაქტიკულ სქემებს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში — დასავლეთ აფრიკაში, სუეცის არხის ზონაში, საბერძნეთში, მავრიკზე, კვიპროსზე და I მსოფლიო ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე. როსი ასევე იყო ინდოეთსა და ცეილონზე სამრეწველო საწარმოებში მალარიის პრევენციის ღონისძიებების ორგანიზატორი. აქტიურად სწავლობდა მალარიის ეპიდემიოლოგიას და ამ მიზნით თვითონვე შექმნა მათემატიკური მოდელები, თუმცა მისი ინტერესი მათემატიკაში სცდებოდა მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ კვლევებს. როსის სამეცნიერო მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამებაა მისი ნაშრომი „მალარიის პრევენცია“ (The Prevention of Malaria, 1910). იყო პოლიმათი — მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი. სამედიცინო და მათემატიკური შინაარსის ნაშრომების გარდა, მას ეკუთვნის ლექსები, პიესები, ნოველები, სიმღერები, მემუარები; იყო ნიჭიერი მხატვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  8. 8.0 8.1 8.2 Lundy D. R. The Peerage
  9. 9.0 9.1 9.2 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  10. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1902/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  12. Esch GW (2007). Parasites and Infectious Disease: Discovery by Serendipity and Otherwise. Cambridge University Press, გვ. 137–138. ISBN 978-1-1394-6-4109.