დაამთავრა აბერდინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1898). 1899-1902 წლებში ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიას ასწავლიდა ლონდონის ჰოსპიტალის კოლეჯში. 1903-1918 წლებში იყო ვესტერნ-რეზერვის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი (კლივლენდი, ოჰაიო, ამერიკის შეერთებული შტატები). 1918 წელს მუშაობას შეუდგა ტორონტოს უნივერსიტეტში (ონტარიო, კანადა), სადაც მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი იყო. ამ დაწესებულებაში ბანტინგთან და ბესტთან ერთად იკვლევდა პანკრეასის სეკრეციის საკითხებს, რასაც შედეგად 1921 წელს ჰორმონ ინსულინის პრეპარატის შექმნა მოჰყვა. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: „პრაქტიკული ფიზიოლოგია“ (Practical Physiology, 1902) და „ფიზიოლოგია და ბიოქიმია თანამედროვე მედიცინაში“ (Physiology and Biochemistry in Modern Medicine, 1918). მაკლაუდი იყო კანადის სამეფო საზოგადოების (1919), ლონდონის სამეფო საზოგადოების (1923), ლონდონის ექიმთა სამეფო კოლეჯის (1930), ედინბურგის სამეფო საზოგადოების (1932) წევრი, ამერიკის ფიზიოლოგიური საზოგადოების (1921-1923) და კანადის სამეფო ინსტიტუტის (1925-1926) პრეზიდენტი და სხვ.