ალექსის კარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსის კარელი
ფრანგ. Alexis Carrel
დაბ. თარიღი 28 ივნისი, 1873(1873-06-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი სენტ-ფუა-ლე-ლიონი
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1944(1944-11-05)[11] [4] [3] [2] (71 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[11]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბიოლოგი, ქირურგი[12] , ფიზიოლოგი[13] და სოციოლოგი[14]
მუშაობის ადგილი ჩიკაგოს უნივერსიტეტი[15] და The Rockefeller University[15] [16]
ალმა-მატერი ლიონის უნივერსიტეტი[17] [15] და Saint-Marc Lycée
მეუღლე Anne Gourlez de La Motte
მამა Alexis Carrel-Billiard
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[18] [19] [16], Commander of the Order of Leopold, Bordin Prize და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი
ხელმოწერა

ალექსის კარელი (ფრანგ. Alexis Carrel; დ. 28 ივნისი, 1873, სენტ-ფუა-ლე-ლიონი, საფრანგეთი, — გ. 5 ნოემბერი, 1944, პარიზი) — ფრანგი ქირურგი და ფიზიოლოგი. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1912 წელს სისხლძარღვების გაკერვის ინოვაციური მეთოდის შემუშავებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. კარელმა ასევე შექმნა (ჩარლზ ლინდბერგთან ერთად) პერფუზიული ტუმბო, რომლის მიზანი ტრანსპლანტაციისთვის ორგანოთა მომზადება იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსის კარელი დაიბადა 1873 წელს. დაამთავრა ლიონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1890) და იქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1900). ქირურგად მუშაობდა ლიონის ჰოსპიტალში; ლიონის უნივერსიტეტში ასწავლიდა ანატომიასა და ოპერაციულ ქირურგიას. ადრევე დაინტერესდა სისხლძარღვების ქირურგიული აღდგენის პრობლემით და შექმნა მათი გაკერვის მეთოდი „პირით-პირში“ პრინციპით. ეს მეთოდი ბევრი ქირურგიული ჩარევის, მათ შორის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების, აუცილებელი ნაწილი გახდა. 1902 წელს კარელის სამეცნიერო რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა ლურდში ღვთისმშობლის სალოცავის მონახულების დროს გოგონას თითოქოსდა სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შემთხვევის დამოწმებამ, რომელიც შემდგომში კარელმა უარყო, თუმცა კოლეგების კრიტიკა გამოიწვია და კარელის მიერ საფრანგეთის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. 1904 წელს კარელი ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) გადავიდა და ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიუ-იორკში როკფელერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტში მოღვაწეობდა. აქ ის აქტიურად მუშაობდა ადამიანის ორგანიზმის გარეთ ცოცხალი ქსოვილების და ორგანოების შენახვა-შენარჩუნების გზებზე. ამ საკითხების მექანიკური კომპონენტის გადაწყვეტაში ცნობილი ამერიკელი ავიატორი და გამომგონებელი ჩარლზ ლინდბერგი ეხმარებოდა.

პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) საფრანგეთში დაბრუნდა. მაიორის წოდებით მსახურობდა საფრანგეთის არმიის სამედიცინო კორპუსში. მისი მონაწილეობით შეიქმნა ანტისეპტიკური ხსნარებით საომარი ჭრილობების დამუშავების მეთოდი (კარელ-დაკინის მეთოდი), რომელსაც იმ დროს ფართოდ იყენებდნენ. მსოფლიო ომებს შორის პერიოდში კვლავ აშშ-ში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1939 წელს, საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მივლინებული სპეციალური მისიის შემადგენლობაში საფრანგეთში დაბრუნდა. 1941 წელს გახდა ვიშის მთავრობის მიერ დაარსებული ადამიანის პრობლემების შემსწავლელი ფრანგული ფონდის (პარიზი) დირექტორი. 1944 წლის აგვისტოში პარიზის გათავისუფლების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს, ფონდი კი დემოგრაფიული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტად გადაკეთდა. კარელი მალევე, 1944 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა პარიზში.

დადებითი მეცნიერული რეპუტაციისა და მიღწევების მიუხედავად, კარელის პიროვნება, მისი ფილოსოფიური შეხედულებები და მეორე მსოფლიო ომის წლებში მოღვაწეობა ხშირად კრიტიკის საგანი იყო. ბიოსამედიცინო ხასიათის ნაშრომების გარდა კარელს ეკუთვნის ცნობილი წიგნი „უცნობი ადამიანი“ (L'Homme, cet inconnu; 1935), რომელშიც ავტორის რელიგიური და საზოგადოებრივი შეხედულებებია გადმოცემული. თხზულებაში ასახული პოზიტიური ასპექტების მიუხედავად, კარელის ბევრი მოსაზრება ახლოს იდგა რასობრივი თეორიისა („მეცნიერული რასიზმი“) და ევგენიკის პრინციპებთან. 1912 წელს სისხლძარღვთა ქირურგიაში შეტანილი წვლილისთვის კარელი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ის ასევე იყო საფრანგეთის, აშშ-ის, ესპანეთის, რუსეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ვატიკანის, გერმანიის, იტალიისა და საბერძნეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრი, ბელფასტის, პრინსტონის, კალიფორნიის, ნიუ-იორკის, ბრაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის (საფრანგეთი), ლეოპოლდის (ბელგია), პოლარული ვარსკვლავის (შვედეთი) ორდენებით და სხვა ჯილდოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ozkan, Judy (14 February 2020). „Alexis Carrel: The Known, the Unknown and the Unknowable“. European Heart Journal. 41 (7): 810–811. doi:10.1093/eurheartj/ehaa060.
  • Reggiani, Andrés Horacio (2007) God's eugenicist : Alexis Carrel and the sociobiology of decline. Berghahn Books. ISBN 9781845451721. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Léonore databaseministère de la Culture.
  2. 2.0 2.1 Carrel, Alexis, 1873-1944 — 2010.
  3. 3.0 3.1 Alexis Carrel
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France Alexis Carrel (1873-1944) — 2011.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. GeneaStar
  8. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  9. AlKindi
  10. Base biographique
  11. 11.0 11.1 Каррель Алексис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Nye R. God’s Eugenicist: Alexis Carrel and the Sociobiology of Decline (review) // Bull. Hist. Med.JHU Press, 2008. — Vol. 82, Iss. 3. — ISSN 0007-5140; 1086-3176doi:10.1353/BHM.0.0061
  13. Tort P. Des figures de l'eugénisme en France // Pour la Science — 1999. — გამ. 342. — ISSN 0153-4092; 1766-0351; 2267-490X
  14. CARREL ALEXIS(1873-1944)Encyclopædia Britannica.
  15. 15.0 15.1 15.2 Alexis Carrel — 2002.
  16. 16.0 16.1 1912 Nobel Prize in Physiology or MedicineThe Rockefeller University.
  17. Bell A. Alexis Carrel - FRENCH SURGEON, SOCIOLOGIST, AND BIOLOGISTEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  18. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1912 // nobelprize.orgNobel Foundation.
  19. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.