პაულ ერლიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაულ ერლიხი
გერმ. Paul Ehrlich
Paul Ehrlich 3.jpg
Paul Ehrlich by Franz Wilhelm Voigt 2014.031.jpg
დაბ. თარიღი 14 მარტი 1854(1854-03-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი Strzelin
გარდ. თარიღი 20 აგვისტო 1915(1915-08-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] (61 წლის)
გარდ. ადგილი Bad Homburg vor der Höhe[11]
დასაფლავებულია Old Jewish Cemetery
მოქალაქეობა Flag of Prussia (1892-1918).svg პრუსიის სამეფო
Flag of Germany (1867–1919).svg გერმანიის იმპერია
სამეცნიერო სფერო იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, ქიმია და chemotherapy
მუშაობის ადგილი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი როსტოკის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი და ფრაიბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[11]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[12] [13], ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ლიბიხის მედალი, კრუნის სახელობის პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი
ხელმოწერა Paul Ehrlich signature.jpg

პოლ ერლიხი (გერმ. Paul Ehrlich; დ. 14 მარტი, 1854, შტრელენი, პრუსია, ახლანდ. სტშელინი, პოლონეთი, — გ. 20 აგვისტო, 1915, ბად-ჰომბურგ-ფორ-დერ-ჰოე, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მეცნიერი, თანამედროვე ჰემატოლოგიის, იმუნოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილია სიფილისის პირველი ეფექტიანი სამკურნალო საშუალების აღმოჩენით; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ილია მეჩნიკოვთან ერთად, 1908).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერლიხი დაიბადა ებრაელ მეწარმეთა ოჯახში 1854 წელს. 1872-1877 წლებში სამედიცინო განათლება ბრესლაუს, სტრასბურგის, ფრაიბურგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრევე დაინტერესდა უჯრედების შეღებვის მეთოდებით, რომელიც ნათესავმა, პათოლოგმა კარლ ვაიგერტმა გაააცნო. სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ საღებავების მიერ უჯრედის შეღებვა უჯრედს შიგნით მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციის შედეგი იყო და იმავე პრინციპით შეიძლებოდა სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას დაავადებულ უჯრედზე ზემოქმედება მოეხდინა. 1878 წელს ექიმად მუშაობა ბერლინში, შარიტეს ჰოსპიტალში დაიწყო. აქ მან შეიმუშავა ტუბერკულოზის ბაცილის ქიმიური შეღებვის მეთოდი. მან ასევე აღწერა სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპი და ამით თანამედროვე ჰემატოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ბიოლოგიური ქსოვილების შეღებვის ახალი მეთოდების ძიების პროცესში ერლიხმა დაასკვნა, რომ მეთილენის ლურჯის გამოყენება შესაძლებელი იყო ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მან ასევე შეიმუშავა ტიფით დაავადებულ პაციენტებში შარდის სპეციფიკური ანალიზის მეთოდი, მუშაობდა ცხელების საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალების შექმნაზე და თვალის დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. 1885 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ერლიხმა აღწერა მისი დაკვირვება, რომ სხვადახვა ქსოვილი ჟანგბადს სხვადასხვა მოცულობით მოიხმარს და ეს განსხვავება უჯრედის სასიცოცხლო პროცესის ცხოველმყოფელობის მახასიათებელია.

ტუბერკულოზით დაავადებული ერლიხი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა და ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. 1889 წელს, ბერლინში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა პატარა კერძო ლაბორატორიაში განაგრძო, შემდეგ კი რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტს შეუერთდა და იმუნიტეტის პრობლემებს მიაპყრო ყურადღება. იმუნოლოგიური ფენომენების ასახსნელად ე. წ. გვერდითი ჯაჭვების თეორია შექმნა, რომელიც აღწერდა იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნივთიერებების, ანტისხეულების ურთიერთქმედებას სხვა ნივთიერებებთან. კოლეგებს ერლიხმა მისი ჰიპოთეზა 1900 წელს სამეფო საზოგადოების სხდომაზე წარუდგინა. ამ თეორიამ, მიუხედავად მისი ბევრი შემადგენლის მცდარობისა, დიდი გავლენა იქონია ერლიხის შემდგომდროინდელ მოღვაწეობასა და მის მემკვიდრეებზე. ერლიხის მიერ იმუნოლოგიაში წარმოებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი 1890 წელს ემილ ბერინგს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ერლიხის მეთოდოლოგიით დიფტერიის საწინააღმდეგო ეფექტიანი შრატის შექმნა შეძლო. 1892 წელს ერლიხმა ასევე დაადასტურა, რომ ანტისხეულები დედის რძით ახალშობილს გადაეცემოდა.

1896 წელს ერლიხი ბერლინის შრატის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელად, 1899 წელს კი ფრანკფურტის ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ამ დაწესებულებებში ერლიხს საკუთარი გამოკვლევებისთვის შეუზღუდავი პირობები მიეცა, თუმცა ბერინგი ცდილობდა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ იმუნოლოგიასა და სეროთერაპიაში ემუშავა. ამან ორ მეცნიერს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ დროისათვის ერლიხი დარწმუნდა, რომ სეროთერაპიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და არაეფექტიანი იყო არაბაქტერიული, მაგალითად, პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ. ერლიხმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო ისეთი ნივთიერებების გამოვლენისა და სინთეზის მიზნით, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად მასპინძელი ორგანიზმის დაზიანების გარეშე. ამით მან თანამედროვე ქიმიოთერაპიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ქვანახშირის ფისის პრეპარატების შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ერლიხმა თავისი მცდელობები სიფილისის გამომწვევზე — მკრთალ ტრეპონემაზე განაგრძო. თავისი გამოკვლევებისთვის ერლიხმა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიიზიდა და მის გარშემო თანამშრომელთა კომპეტენტური გუნდი შემოიკრიბა. მათ შორის იყო იაპონელი ჰატა საჰაჩირო, რომელმაც სამუშაოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 1909 წელს მან ერლიხის ხელმძღვანელობით ალფრედ ბერთჰაიმის მიერ შექმნილი დარიშხანის შემცველი ნივთიერება „606“-ის (შემდგომში — სალვარსანი, არსფენამინი) ანტისიფილისური თვისებები აღმოაჩინა. ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოცდის შემდეგ, 1910 წელს კომპანია Farbwerke-Hoechst-თან თანამშრომლობით ერლიხმა პრეპარატის 65 000 ერთეული უფასოდ გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებს. წარმატებამ ერლიხს ბევრი მოშურნე და ცილისმწამებელი შესძინა. მომდევნო წლებში მიმდინარე „სალვარსანის ომმა“, რომლის დროსაც ერლიხს პირადი გამორჩენის მიზნით პრეპარატის არაკეთილსინდისიერ გავრცელებაშიც კი ადანაშაულებდნენ, მეცნიერის ჯანმრთელობას დაღი დაასვა. ის ინსულტით გარდაიცვალა 1915 წელს, 61 წლის ასაკში.

ერლიხი ბევრი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი იყო. 1908 წელს მან იმუნოლოგიის კიდევ ერთ პიონერთან, ილია მეჩნიკოვთან ერთად ნობელის პრემია მიიღო. პრუსიის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო მრჩევლის“ უმაღლესი სამოქალაქო საპატიო წოდება. ერლიხი იყო ოქსფორდის, ჩიკაგოსა და ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.
  4. 4.0 4.1 Who Named It?
  5. 5.0 5.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Czech National Authority Database
  8. 8.0 8.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  10. 10.0 10.1 Roglo — 1997. — 8261991 ეგზ.
  11. 11.0 11.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118529358 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1908/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/