აზერბაიჯანის ტბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალმთიანი ტბა გოიგოლი, რომელიც ერთ-ერთი უღრმესია კავკასიაში (96 მეტრი)
მთის პატარა ტბა ბათაბათი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებულია დაახლოებით 450 ტბა, რომელთა საერთო ფართობია 395 კმ².[1] ტბების უმეტესობა პატარაა, მათი დიდი ნაწილი ზაფხულში შრება. აზერბაიჯანში მხოლოდ 10 ტბას აქვს 10 კმ²-ზე მეტი ფართობი, ხოლო 25 ტბა 1 კმ²-ზე მეტი ფართობისაა. ზედაპირის ფართობით აზერბაიჯანის უდიდესი ტბაა სარისუ, რომლის ფართობია 65,7 კმ².[1]

მყინვარული წარმოშობის ტბებია კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე, რომელთაგან ყველაზე დიდია დიდი ალაგიოლის ტბა, რომლის ფართობია 5,1 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე 9,4 მ. იგი მდებარეობს ყარაბაღის ვულკანურ მთიანეთზე. მუროვდაღის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებულია თვალწარმტაცი ტბების ჯგუფი,[2] რომელთა შორისაა კავკასიის ერთ-ერთ ულამაზესი და უღრმესი ტბა გოიგოლი.[1] ბევრია ტბა მტკვარ-არაქსის დაბლობზე, რომელთაგან აღსანიშნავია სარისუ, აღგიოლი და მეჰმანი.

მნიშვნელოვანია მასაზირის ტბა, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის მნიშვნელოვან წყაროს, რომლის მარაგი შეადგენს დაახლოებით 1735 მლნ. ტონას. 2010 წელს ტბის სანაპიროზე გაიხსნა მარილის მწარმოებელი ქარხანა „Azeri“.[3]

წარმოშობის მიხედვით აზერბაიჯანში გამოიყოფა ტბების 7 ტიპი: მყინვარული, ჭალის, ტექტონიკური, ლაგუნური, კარსტული, ტბიურ-მდინარეული და რელიქტური.[1] მთის ტბების დიდი ნაწილი გამოიყენება პირუტყვისა და ფრინველთა წყურვილის დაკმაყოფილებისათვის. მაგალითად, ჰაჯიყაბული, სარისუ და აღგიოლი გამოიყენება თევზის სარეწად და ნაწილობრივ სარწყავად, აფშერონის ნახევარკუნძულის ტბები ქიმიური ნივთიერებების მისაღებად. მდინარეთა ზემო დინებებში არსებული ზოგიერთი ტბა წყალსაცავად არის გადაქცეული, რომლებიც ზაფხულში დამატებითი წყლით უზრუნველყოფენ მდინარეებს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, ზღვის დონიდან 291,4 მ სიმაღლეზე მდებარეობს ჯანდარის ტბა, რომლის აუზის ფართობის 33 %-ია მოქცეული აზერბაიჯანში. ტბა მდიდარია თევზით.[4]

აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი ტბები[5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგი ტბა ფართობი (კმ²) მოცულობა (კმ³) მაქს. სიღრმე (მ)
1. სარისუს ტბა 65,7 59,1 6
2. აღგიოლი 56,2 44,7 2,2
3. მეჰმანი 35 29,6 2,3
4. აღზიბირჩალა 15,4 11,5 4
5. აჯინოურის ტბა 12,4 7,2 1,4
6. ბოიუქშორის ტბა 11 12 5
7. ჯანდარის ტბა * 10,6 51 7,2
8. მასაზირის ტბა 9,2 3,5 1
9. ჰაჯიყაბულის ტბა 8,4 12,1 2
10. დიდი ალაგიოლი 5,1 24,3 9,4
  • ცხრილში მოყვანილია ჯანდარის ტბის საერთო ფართობი და მოცულობა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]