ჭიკვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიკვარა

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  იხვი
სახეობა:  ჭიკვარა
ლათინური სახელი
Anas crecca (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22729717
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  მიგრაცია
  წლიური არეალი

ჭიკვარა,[1] სტვენია იხვი (ლათ. Anas crecca) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა.

მცირე ზომის მდინარის იხვია. აქვს მოკლე კისერი და წამახვილებული ფრთები, რომელთა საშუალებით თითქმის ვერტიკალურად დაფრინავს და სხვა იხვებისაგან განსხვავებით შეუძლია იცხოვროს მცირე წყალსატევებში. ფრენს ძალიან სწრაფად და უხმაუროდ.[2] მისი სხეულის სიგრძეა 34–38 სმ, ფრთის შლილი 58–64 სმ. მამალი იწონის 250–450 -ს, ხოლო დედალი — 200–400 გ.[3] მამალი შეფერილია ნაცრისფრად, აქვს მუქი თავი, მოყვითალო ზურგი და თეთრი ზოლი ფრთების გასწვრივ; მუცელი თეთრია. დედალი, ისევე როგორც სხვა იხვები, შეფერილია მუქ მურა ფერში და აყრია ღია ყავისფერი ქობები.

ბუდობს ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილში, აღწევს არქტიკის სანაპიროებს, ფართოდ გვხვდება რუსეთში, მცირე პოპულაციების სახით — ისლანდიაზე, ფარერის კუნძულებზე, კორსიკაზე, ალეუტის, კომანდორის, კურილის კუნძულებზე, სახალინზე, ჰოკაიდოზე, ჩრდილოეთ ჰონსიუზე, აგრეთვე მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, ყაზახეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში.

იზამთრებენ სამხრეთით, უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში, სამხრეთ აზიაში, ნილოსის ხეობაში და სხვ.

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 800–1500 ჭიკვარა იყენებს.[4]

მცირე რაოდნობით ბინადრობს ტყეებში, ბუდობისას — ტუნდრასა და ტყეტუნდრაში, აგრეთვე ტყესტეპში.[3] გამრავლების პერიოდში მტკნარწყლიან და მეზოფიტი მცენარეულობით მდიდარ ნაპირებიან წყალსატევებს იყენებენ.[2] სხვა დროს ჩვეულებრივ გვხვდება სხვადასხვა წყალსატევში: მარილიანი წყლების სანაპიროზე, ესტუარებში, დელტებში და სხვ.; ყველა შემთხვევაში საცხოვრებლად ირჩევს მაღალი მცენარეულობის მქონე ადგილებს, სადაც საკვებიც ბევრია და მტაცებლებისაგანაც დაცულია.[5][6]

დედალი

გაზაფხულზე და ზაფხულში ჭიკვარას კვების რაციონში ძირითადად ცხოველური საკვები შედის, შემოდგომასა და ზამთარში კი — მცენარეული. ცხოველურ საკვებს შეადგენს მოლუსკები, ჭიაყელები, მწერები და კიბოსნაირები, მცენარეულისას კი — წყლის მცენარეთა თესლები, ბალახები, ისლი, მარცვლოვანი კულტურები (მათ შორის პურეული და ბრინჯი).[6]

მონოგამები არიან. ბუდეს აკეთებენ წყალთან ახლოს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მასზე 500 მ-ით მაღლა.[2] დედალი ბუდეში ფეხებით აკეთებს ორმოს, რომელშიც ფაფუკ ბუმბულს აწყობს. ბუდის ზომებია: დიამეტრი 150–180 მმ, გვერდების სიმაღლე — 70–90 მმ.[7] დედალი ჩვეულებრივ დებს 8–11 (საერთოდ 5-დან 16-მდე) თეთრ, მცირედ მოყვითალო კვერცხს.[6] კვერცხის ზომებია 41–49 х 30–38 მმ.[7] ინკუბაცია გრძელდება 21–23 დღე-ღამე.[6] ახალგამოჩეკილი ბარტყები დაფარული არიან ზევიდან ზეთისხილისფერ-მურა, ხოლო ქვევიდან — გოგირდისფერ-მოყვითალო ღინღლით. ისინი პირველივე დღეებიდან კარგად ყვინთავენ, დარბიან და დამოუკიდებლად მოიპოვებენ საკვებს. საფრთხის შემთხვევაში დედა საგანგაშო სიგნალებით აფრთხილებს მათ და ბალახებში მალავს. 25–30 წლის ასაკში ბარტყები ფრთიანდებიან.[6] ევროპაში დაფიქსირებული უდიდესი ასაკია 21 წელი და 3 თვე.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврилов Э. И. Фауна и распространение птиц Казахстана. — Алматы: Наука, 1999. — 198 с.
  • Дементьев Г. П., Гладков Н. А. Птицы Советского Союза. — Советская наука, 1953. — Т. 4. — С. 382-395. — 635 с.
  • Лысенко В. И. Том 5 - Птицы. Вып. 3 - Гусеобразные // Фауна Украины. — Киев: Наукова думка, 1991.
  • Михеев А. В. Биология птиц. Полевой определитель птичьих гнёзд. — М.: Топикал, 1996. — 460 с. — ISBN 978-5-7657-0022-8.
  • Рябицев В. К. Птицы тундры. — Свердловск: Средне-Уральское книжное издательство, 1986. — 192 с.
  • Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири: Справочник-определитель. — Екатеринбург: Изд-во Уральского университета, 2001. — 608 с. — ISBN 5-7525-0825-8.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельных территорий. — М.: Академкнига, 2003. — 727 с.
  • Carboneras C. 1992. Family Anatidae (Ducks, Geese and Swans) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds. Vol. 1. // Путеводитель по птицам мира = Handbook of the birds of the world. — Barcelona: Lynx Edicions, 1992. — ISBN 84-96553-42-6.
  • Gooders, John & Trevor Boyer. Ducks of Britain and the Northern Hemisphere. — London: Collins & Brown, 1997. — ISBN 1855855704.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.
  2. 2.0 2.1 2.2 Дементьев Г. П., Гладков Н. А. Птицы Советского Союза. — Советская наука, 1953. — Т. 4. — С. 382-395. — 635 с.
  3. 3.0 3.1 Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири: Справочник-определитель. — Екатеринбург: Изд-во Уральского университета, 2001. — С. 69-70.
  4. ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში
  5. Madge, Steve & Burn, Hilary. Wildfowl: an identification guide to the ducks, geese and swans of the world. — London: Christopher Helm, 1987.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Carboneras C. 1992. Family Anatidae (Ducks, Geese and Swans) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds. Vol. 1. // Путеводитель по птицам мира = Handbook of the birds of the world. — Barcelona: Lynx Edicions, 1992.
  7. 7.0 7.1 Михеев А. В. Биология птиц. Полевой определитель птичьих гнёзд. — М.: Топикал, 1996. — 460 с. — ISBN 978-5-7657-0022-8.
  8. European Longevity Records. The European Union for Bird Ringing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 28 апреля 2010.