ჭორვილა
სოფელი | |
---|---|
ჭორვილა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | საირხე |
კოორდინატები | 42°17′21″ ჩ. გ. 43°24′52″ ა. გ. / 42.28917° ჩ. გ. 43.41444° ა. გ. |
პირველი ხსენება | XII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1451[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 4009[2] |
ჭორვილა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (საირხის თემი). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1451 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა[3]; აგრეთვე საექიმო ამბულატორია და სასტუმრო.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ჭორვილა მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, საჩხერიდან 6 კილომეტრი. ჭორვილას ესაზღვრება სოფლები: საირხე, მერჯევი, გორისა, მოძვი, ქორეთი და ითხვისი. სოფელში ჩამოედინება პატარა მდინარე ფრონე, რომელიც მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადია. სოფლის ჰავა ზომიერია. ნალექები – 900-1000 მმ წელიწადში. ზამთარი საკმაოდ ცივი და თოვლუხვია. სოფელში გავრცელებულია ყვითელმიწა ნიადაგები. სოფელი მდიდარია ბუნებრივი სასმელი წყლით და ტყის მასივით.
სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე საირხულას ხეობაში, სიმაღლე ზღვის დონიდან 560 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 842 მეტრი. ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 535 მეტრია. ჭორვილა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ-სათესი, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 4 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 3 კმ-ზე.
ჭორვილა შედის საირხის თემში, მანძილი ცენტრამდე 2 კილომეტრია, ხოლო მანძილი ქალაქ საჩხერემდე 7 კილომეტრია, სოფელში ცხოვრობს 688 კომლი, 1451 სული მცხოვრებით.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა 347 მოსწავლითა და 40 პედაგოგით.
ჭორვილის სანახების გეოგრაფიული სახელებია: ნიხიერი, საღორია, მაჩვიწყარო, ნადირაძის ტყე, გზ-აგასაყარი, მიშას ახო, საჩაიე, ღვლენჭი ყანები, წითელგორა, სილიონისახო, ნამოსახლი, მწყერაული, ვაშლანა, ახო, გაიანეს ბაღი. სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი კამკამა წყაროები: მაჩვიწყარო, ილარიონის წყარო, კოდისწყარო, წინწკილა, დიდაური. სოფლის ტერიტორიაზე გაედინებიან მცირე დებიტის მქონე ნაკადულები: ფერმისღელე, წინწკილისღელე, ბურძენიძეებისღელე, მწყერაულის ღელე (მდინარე ყვირილის აუზი).
მცენარეებიდან გავრცელებულია: მრავალძარღვა, ბოლოკურა, სამყურა, ლენცოფა, ძაღლყურძენა, ლემა, ბაბუაწვერა, გულყვითელა, გვირილა, ვირისტერფა, გეორგინა, მზესუმზირა, ასფურცელა, ნარგიზი, შროშანა, სიმინდი, ასკილი, სვინტრი, იაჟუჟუნა, ცირცელი, მოცვი, ჟოლო, მოცვი, ცაცხვი, მუხა, აკაცია, არყი, ფიჭვი, ია, ჭინჭარი, ფურისულა, ნაცარქათამა და სხვა.
ფაუნას წარმომადგენლებიდან გვხვდება: დედოფალა, თეთრყელა კვერნა, ლოკოკინა, კალია, მახრა, კოლორადოს ხოჭო, ჭიამაია, პეპელა, ფუტკარი, ჭიანჭველა, ბუზი, კოღო, ობობა, ბაყაყი, მერცხალი, შაშვი, მიმინო, ქორი, გომბეშო, ტრიტონი, ხვლიკი, ზღარბი, ბეღურა, კოდალა, მწყერი, ოფოფი, წივწივა, ბუ, გუგული, თხუნელა, ღამურა, თაგვი, ვირთხა, ტურა და სხვა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1451 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1535 | 793 | 742 |
2014[1] | 1451 | 720 | 731 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის ხანის ყორღანული ტიპის სასაფლაო. წყაროებში კი სოფელი XII საუკუნიდან იხსენიება. 1103 წელს თამარ მეფის ბრძანებით ჭორვილას 12 გელათელი ბერის გამოკვება დაევალა.
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები: გრიგოლწმინდას სალოცავი, წერეთლების ციხის ნანგრევები. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთ კედლის წარწერის მიხედვით 1901 წელსაა აგებული ოსტატ ნოზაძის მიერ.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია მევენახეობა. მოსახლეობას გაშენებული აქვს ვაზის სხვადასხვა ჯიში: ცოლიკოური, იზაბელა, ალიგოტე. ღვინის დაწურვა და შენახვა ძირითადად შინაურ პირობებში ხდება. იყენებენ სოფელ ტყემლოვანაში დამზადებულ ქვევრებს. ქვევრის ჰერმეტულად დასახურად ადგილობრივი ყვითელი მიწა გამოიყენება. მის გამოსარეცხად კი ტრადიციული იარაღები სარცხლი და თაგვისარა გამოიყენება.
სოფელში ასევე განვითარებულია ხე-ტყის დამუშავება, მრავლადაა ელექტროწისქვილები.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიძინა ივანიშვილი — ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი და ოლიგარქი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ფოლკლორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში აღნიშნავენ „გრიგოლობას“, გრიგოლ ხანძთელის სახელობის დღესასწაულს, რომელიც აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ აღინიშნება. ჭორვილას სამზარეულო იმერულია. მისი ძირითადი ელემენტებია: ხაჭაპური, მჭადი, ფელამუში, გოზინაყი, საცივი, წანდილი, ფხალი.
სოფლის მოსახლეობაში შემორჩენილია ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: სადღეგრძელოები და შელოცვები:
ლოცვა ქარწყლისა:
„დიდება დიდ ღმერთსაო, დიად მეუფესაო
|
ნეფე დედოფლის სადღეგრძელო:
„ამხანაგებო, ქორწილში სადღეგრძელოს თქმა ვალია
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 405.
- გიორგი დვალაშვილი, „საჩხერე (გეოგრაფიულ-ტურისტული ექსკურსი)“ გამომცემლობა „თბილისი“, 2010, გვ. 196.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 2011-07-24.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მთქმელი ივანე ივანაშვილი, 65 წლის.
- ↑ მთქმელი ლ. კვინიკაძე, 68 წლის.