შინაარსზე გადასვლა

აკაცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაცია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acacia
Acacia drepanolobium
Acacia sp.

აკაცია (ლათ. Acacia) — მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ქვეოჯახისა. უმეტესად ეკლიანი ხეებია. გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცნობილია 750-მდე სახეობა. მათგან ნახევარზე მეტი გავრცელებულია ავსტრალიაში (იქ აკაცია ეროვნული ემბლემაა), ნაწილი კი — აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილია ლეგა აკაცია (ლათ. Acacia dealbata), აბანოზის აკაცია (ლათ. Acacia melanoxylon) და სხვა.

აკაცია იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკა, ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთი, მადაგასკარი). წყვილფრთისებრ-რთული ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებული. მრავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს) ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწი, ე. წ. ფილოდიუმი ასრულებს. სხვა სახეობებს აქვს ეკლებად გარდაქმნილი თანაფოთლები.

აკაციის წვრილ-წვრილი, თეთრი, მოყვითალო ან ნარინჯისფერი ყვავილები საგველად ან მტევნად არის შეკრებილი. ნაყოფი პარკია. აკაციას როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის, მის მერქანს კი იყენებენ ავეჯის წარმოებაში. სენეგალური აკაციასგან (ლათ. Acacia senegal) იღებენ გუმიარაბიკს.

ცნობილია აგრეთვე აბრეშუმა აკაცია (ალბიციის გვარის ხე), თეთრი ანუ ცრუაკაცია (რობინიის გვარისა) და ე. წ. ყვითელი აკაცია (უძრახელას გვარის ბუჩქი).