სამყურა (Trifolium) — ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთაგვარიპარკოსანთაოჯახისა. ყველა სახეობა ბალახოვანია. მათი ფოთოლი სამ ფოთოლაკიანია (აქედან მოდის მისი სახელიც). ყვავილები წითელი, ყვითელი, თეთრი ან ვარდისფერია, შეკრებილი თავაკისებრ, იშვიათად მტევნისებრ ყვავილებად. ნაყოფი პატარა პარკია, 1-2, იშვიათად 3-6 თესლით. ფესვები მთავარღერძიანია. მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიების კოჟრები, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით.
300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში. საქართველოში იზრდება 40-მდე სახეობა. სამყურას ბევრი სახეობა საქონლის საუკეთესო საკვებია და დიდი ხანია კულტურებშია შეყვანილი. ამ მხრივ აღსანიშნავია წითელი ანუ მდელოს სამყურა (Trifolium pratense), რომლის ორი ფორმა არსებობს — საგვიანო ანუ ჩრდილოეთის ერთსათიბა და საადრევო ანუ სამხრეთის ორსათიბა; ვარდისფერი ანუ შვედური სამყურა (Trifolium hybridum) — საკვებად იყენებენ სხვა მარცვლოვნებთან ერთად; თეთრი სამყურა (Trifolium repens) — თესენ სხვა სამყურასთან ან მარცვლოვნებთან ერთად. გაძოვების შემდეგ სწრაფად ამოიზრდება.