ოთარ ჭილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ჭილაძე
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1933(1933-03-20)[1]
დაბადების ადგილი სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ[2]
გარდაცვალების თარიღი 1 ოქტომბერი, 2009(2009-10-01)[3] [4] [1] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი[1] , პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მწერალი[1]
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი მაგიური რეალიზმი
პოსტმოდერნიზმი
Magnum opus გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ყოველმან ჩემმან მპოვნელმან და რკინის თეატრი
ჯილდოები ღირსების ორდენი, რუსთაველის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია

ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, (1983), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს ქ. სიღნაღში, დედის მშობლების სახლში. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი იყო ეკონომიკური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარ მათეშვილი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო. მან, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო, ძმა – თამაზ ჭილაძე მწერალი.

პირველი ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი“ 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.

მწერალთა კავშირში 1959 წელს მიიღეს, პირველი პოეტური კრებულის გამოცემამდე.

მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958–64). მსახურობდა ჟურნალ „მნათობში“, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.

ყმაწვილთა საკითხავად სამი ლექსი აქვს დაწერილი: „ზოოპარკი„, „პედრო“ და „ფრანგული ზღაპრის ფრაგმენტი“. რაც შეეხება „საქმიან მოგზაურობებს საზღვარგარეთ“, ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, ერთხელ დიდი ხნის წინათ, მართლაც იყო მცდელობა, ისიც ჩაერთოთ „საქმიან მოგზაურობაში“, ანუ ისიც შეიყვანეს სამკაციან დელეგაციაში, ფინელ მწერლებთან შესახვედრად, მაგრამ ადგილობრივმა ცენტრალურმა კომიტეტმა ვერ გაბედა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რის მერეც, საკმაოდ დიდი ხნით, საერთოდ აეკრძალა იმას ყველანაირი მოგზაურობა საზღვარგარეთ.

ოჯახი და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ და თამაზ ჭილაძეების მემორიალური დაფა ბათუმში.

დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეუღლე — ნანა თოფაძე. ჰყავს ორი შვილი – ზაზა და თაკო – და ოთხი შვილიშვილი – ნანა, ანა, ოთარი და ნათელა.

იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი“ (1952), ლექსების პირველი კრებული „მატარებლები და მგზავრები“ გამოვიდა 1959 წელს. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: „თიხის ფირფიტები“ (1963), „რკინის საწოლი“ (1965), „სინათლის წელიწადი“ (1967), „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968), „ცხრა პოემა“ (1969), „გულის მეორე მხარე“ (1974), „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984; 1992), „ლექსები, პოემები“ (1991).

ჭილაძის რომანებია: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1973), „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976), „რკინის თეატრი“ (1981), „მარტის მამალი“ (1987), „აველუმი“ (1995), „გოდორი“ (2003)

ავტორია ორი პიესისა – „წათეს წითელი წაღები“ (დაიწერა 1969, გამოქვეყნდა 1986), „ლაბირინთი“ (1990). ჭილაძის შემოქმედებისათვის უცხოა პათეტიკა. მას ახასიათებს ფილოსოფიური განსჯა, ადამიანის სულის სიღრმეების წვდომა, უბერებელ პრობლემათა დღევანდელი ფეთქვის შეგრძნება.

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექვსივე რომანში დროსივრცული მოდელი გადასვლის, ცვლილების მომენტს ასახავს. ძველი ვანის დაღუპვით მარადისობაში პირველად იჭრება დრო, ისტორია კი – მითში. მთავრდება ვანის „ბავშვობის ხანა“, მისი განვითარების ერთი ციკლი და იწყება მეორე („გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“). ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ დღეებსა და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიულ-პოლიტიკური ეპოქის დადგომას ასახავს „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. „სოვეტური“ მმართველობის ადრეული პერიოდის, დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი დღეების დაძაბული რიტმი იგრძნობა „რკინის თეატრში“. ახალი, ომისშემდგომი თაობის ცნობიერების გამოფხიზლებაა ნაჩვენები „მარტის მამალში“. ეს ის თაობაა, რომელმაც 1956 წლის მარტის გამოსვლებით ბიძგი მისცა „ერად ყოფნის ძალისხმევის“ (მერაბ მამარდაშვილი) კიდევ ერთ ამოფრქვევას. „აველუმი“ ცხრა აპრილის მოვლენების ამსხაველი ტილოა – ეროვნული ცნობიერების კიდევ ერთი გამოღვიძების, კიდევ ერთი მოუთმენლობისა და კიდევ ერთი კრიზისის სურათი.

პოემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ჭილაძე ცხრა განსხვავებული პოემის ავტორია. მეოცე საუკუნის სამოციანი წლების დამდეგს ოთარ ჭილაძემ ახალგაზრდა მწერალთა და ხელოვანთა მოზრდილ ჯგუფთან ერთად იტალიის ქალაქებში იმოგზაურა და ხსენებული პოემა მაშინდელ შთაბეჭდილებებზე დაიწერა.

ოთარ ჭილაძე არგონავტების მითზე პოემის დაწერას აპირებდა, მაგრამ ხანგრძლივი ცდის მერე დარწმუნდა, რომ ჩანაფიქრს ეპიური ტილო უფრო შეეფერებოდა და წლების ტიტანური შრომის შემდგომ იშვა მისი პირველი რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, რომელმაც სხვადასხვა ენებზე თარგმნის მერე მსოფლიო სახელი მოუტანა.

ახალგაზრდა, ხელისუფლების მიერ „მუქთახორად“ შერაცხილი, ჯერ კიდევ დაუპატიმრებელი იოსებ ბროდსკი, როდესაც ოთარ ჭილაძის ლექსს თარგმნიდა, ერთი დღით ჩამოფრინდა თბილისში, რათა ძმები ჭილაძეები გაეცნო. მას ძალიან უნდოდა ეთარგმნა ოთარ ჭილაძის პოემა „სინათლის წელიწადი“, ბწკარედსაც ითხოვდა, მაგრამ, მიზეზთა გამო, ეს განზრახვა შეუსრულებელი დარჩა.

ოთარ ჭილაძე განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ბროდსკის დიდ, მრავალმხრივ ტალანტს;

გამოხმაურება უცხოეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, დანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი - ნაწილია იმ ქვეყნებისა, სადაც ოთარ ჭილაძის შემოქმედებამ დიდი რეზონანსი მოიპოვა.

„რკინის თეატრმა“ საფრანგეთში გამოსვლისთანავე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ხოლო დანიის გაზეთ „ვიკენდავისენში“ დაიწერა, რომ ამ რომანის შემდეგ „საქართველო უბრუნდება მსოფლიო ლიტერატურის რუკას“.

რუსმა კრიტიკოსმა სტანისლავ რასსადინმა ზედიზედ გამოქვეყნებული რომანების ტრაგიკული ტონალობის გამო ოთარ ჭილაძეს „ქართველი ესქილე“ უწოდა, „გოდორის“ წაკითხვის შემდეგ კი განაცხადა - ეროვნული გამოფხიზლების წარმომჩენი ასეთი სიძლიერის რომანი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოგვეპოვებაო.

გამომცემლობა „აზბუკამ“ 2000 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოსცა მისი პირველი რომანი გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. წიგნის ანოტაციაში ლაპარაკია ოთარ ჭილაძის პროზის რთულ, ძნელად ასახსნელ ფენომენზე, კერძოდ, ნათქვამია: „ამ პროზის პოლიფონიურობა გვაჯადოებს, ხოლო მისი კუთვნილება მარადისობისადმი სიმშვიდითა და იმედით გვასაჩუქრებს“.

ნობელის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ოთარ ჭილაძე ბრიტანელი ქართველოლოგის დონალდ რეიფილდის წყალობით წარადგინეს ნობელის პრემიაზე, თუმცა ჟიურიმ გამარჯვებულად გერმანელი მწერალი – გიუნტერ გრასი გამოავლინა.

პუბლიცისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ჭილაძე მეგობრებთან ერთად
ოთარ და თამაზ ჭილაძეები

ოთარ ჭილაძე გამორჩეული პუბლიცისტია. მისი წიგნი „წინ მარადისობაა!“, რომელიც 2009 წელს ზვიად კვარაცხელიას რედაქტორობით გამოსცა „ინტელექტმა“, მნიშვნელოვანი ნაშრომია. იგი იტევს „საუბრებს“, „სიტყვებს“, „მოკლე ავტობიოგრაფიას“ და მკაცრი საზომებით აფასებს მის თანამედროვეობას. თავის დროზე ეს რთული და საშშიც კი იყო. ავტორი წერს: „ბოლო ორის საუკუნის მანძილზე, ცენზურრის განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ შექმნილი ქართველი ადამიანის გაუტეხელობის, მსი ამოუწურავი ენერგიისა და შინაგანი თავისუფლების სადიდებელია. თუკი წერა ძნელი იყო როდისმე, მაშინ იყო ძნელი. უფრო მეტიც, წერა მაშინ ომს ნიშნავდა და ყველა როდი ბრუნდებოდა ამ ომიდან ცოცხალი..“

ინტერესი გამოიწვია ოთარ ჭილაძის სხვადასხვა დროის ჩანაწერებმა სათაურით „ცა მიწიდან იწყება“ (ინტელექტის გამომცემლობა, 2000 წელი, რედაქტორი თამაზ ჭილაძე). წიგნს წინ უძღვის თამაზისავე შესავალი წერილი „ბედნიერება უნდა მოითმინო“, რომლის პირველი აბზაცი ასეა წარმოდგენილი: „ეს არის ოთარ ჭილაძის რვეულებიდან ამოკრეფილი ჩანაწერები და წარმოადგენს ძალზე მცირე ნაწილს იმ ზღვა მასალისას, რომელიც უამრავსა და უამრავ რვეულშია გაბნეული. ბევრი რამ ვერ ამოვიწერე, მწერლის თანდათანობით გაუარესებული კალიგრაფიის გამო, ბევრი რამ კი გარკვეული მიზეზით არ იბეჭდება, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ისურვებდა ზოგიერთი ჩანაწერის გამოქვეყნებას“.

დაუმთავრებელი რომანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებით საინტერესო 2009 წლის ბოლო, უკანასკნელი ჩანაწერები, სადაც მოგვითხრობს დაუმთავრებელი მორიგი რომანის „აკმე“–ს შესახებ. ამ დროს ოთარი საავადმყოფოშია და ისევ და ისევ შემოქმედებით მუშაობაზე ფიქრობს: „წავალ დავწვები საავადმყოფოში და „აკმეზე“ ვიფიქრებ–მეთქი. ყვავს კაკალს გავაგდებინებ–მეთქი, აქ კი ათას სისულელეს ვფიქრობ, რაც კიდევ უფრო მაშორებს ჩემს რომანს.“ მომდევნო გვერდზე მწერალი ნაღვლიანად წერს: „2009 წლის 7 მაისს, სისხლიანი გიორგობის მეორე დღეს, კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერადაც საბოლოოდ, ვიწყებ წერას (გულისხმობს „აკმეზე“ მუშაობას) და უფალს ვთხოვ შემწეობას, ძალას და შთაგონებას.“[5]

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალიან გაჭირდა ოთარ ჭილაძის პიესების „წათეს წითელი წაღები“ (1969) და „ლაბირინთი“ (დაიბეჭდა 1990 წელს) გამოქვეყნება და დადგმაც (რადგან კომუნისტური რეჟიმის ცენზურა ედავებოდა და კრძალავდა). „წათე“ მხოლოდ 1986 წელს გამოქვეყნდა ნოდარ გურაბანიძის გაბედულების შედეგად. „წათეს“ დადგმა სწადდათ რეჟისორებს რობერტ სტურუასა და გ. მარგველაშვილს, მაგრამ აქაც ცენზურა ჩაერია საქმეში. მხოლოდ დ. კობახიძემ მოახერხა მისი დადგმა თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე. ზ. კანდელაკმა კი შექმნა რადიოსპექტაკლი.[6] მხოლოდ გიგა ლორთქიფანიძემ შეძლო „წათეს“ დადგმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 2007 წელს.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ჭილაძემ თავი გამოსცადა კინოდრამატურგიაშიც. ამის ნათელი მაგალითია კინორეჟისორ თამაზ მელიავას ფილმი „ლონდრე“, რომლის სცენარი ოთარმა ქართული ხალხური ზღაპრების მოტივების მიხედვით შექმნა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუბლიცისტიკა და დოკუმენტური პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრამატურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დევებით სავსე ქუდი“
  • „თიხის სამი ფირფიტა“
  • „იტალიური რვეული“
  • „რკინის საწოლი“
  • „თაკო და ზაზა“
  • „ცირკი“
  • „ადამიანი გაზეთის სვეტში“
  • „სინათლის წელიწადი“
  • „სიყვარულის პოემა“

პოეტური კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მატარებლები და მგზავრები“ (1959)
  • „თიხის ფირფიტები“ (1963)
  • „რკინის საწოლი“ (1965)
  • „სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967)
  • „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968)
  • „ცხრა პოემა“ (1969)
  • „გულის მეორე მხარე“ (1974)
  • „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984)
  • „ლექსები“ (1987)
  • „მზე დეკემბერში” (1999)
  • „კიბე“ (2002)
  • „100 ლექსი“ (2009)

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოსცენარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესის დასტურია ის, რომ 1999 წელს მწერალი დასახელებული იყო ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში. 1992 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის (1997) და ალექსანდრე ყაზბეგის (1999) პრემიები. 1983 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1983).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი.

1997 წლის 31 მარტს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით[7].

2003 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „გოდორი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]