ოსეთის სასულიერო კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოსეთის სასულიერო კომისია (რუს. Осетинская духовная комиссия) — სამისიონერო ორგანიზაცია, რომელიც შექმნა რუსეთის მთავრობამ 1744 წლის დამდეგს ოსეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად. ოსეთის სასულიერო კომისიის ნამდვილი მიზანი იყო რუსეთის გაბატონება კავკასიაში. კომისია დაკომპლექტებული იყო ქართველი სასულიერო პირებით. მისი ძირითადი ამოცანა იყო ქრისტიანობის საშუალებით ოსებისა და სხვა მთიელების რუსეთის მხარეზე გადაყვანა. კომისიის წევრების მხარდაჭერით რუსეთის მთავრობამ 1768-1774 წლებში სამი სამთო ექსპედიცია მოაწყო ჩრდილოეთ ოსეთში მადნეულის შესასწავლად და მისი გამოყენების საკითხების გასარკვევად.

ოსეთის სასულიერო კომისიის საქმიანობისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები. 1746 წელს თბილისში თეიმურაზ I-მა და ანტონ I-მა დიდი პატივით მიიღეს ამ კომისიის წევრი ეფრემ ჯანდიერი. კომისიის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი პახომი საქართველოდან ფულად სახსრებს იღებდა ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველთა ტყვეების გამოსასყიდად და სამშობლოში დასაბრუნებლად. მას ბრალად დასდეს, თითქოს ოსების საქართველოს ქვეშევრდომობაში შეყვანა სურდა.

1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის წინ ქართველი მეფე მთავრების პოზიციის გასარკვევად, საქართველოში ჩამოვიდა კომისიის წევრი გრიგოლ რომანიშვილი. იგი მიიღეს ერეკლემ და სოლომონ I-მა. 1768 წელს იგი თურქების აგენტებმა მოკლეს გურიაში. ოსეთის სასულიერო კომისია ოსთა შორის ქართულ მწიგნობრობას ავრცელებდა. პახომი და გრიგოლი ოს ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, სინოდის დავალებით ქართულიდან ოსურ ენაზე საეკლესიო ხასიათის წიგნებს თარგმნიდნენ და საამისოდ იყენებდნენ ქართულ ანბანს. 1753 წლიდან პახომის ინიციატივით ქურთათის ხეობაში 30 ბავშვისათვის უნდა გახსნილიყო სკოლა, მაგრამ იგი მხოლოდ 1764 წელს გაიხსნა მოზდოკის ციხესიმაგრესთან. 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის წარმატების შემდეგ, 1771 წლიდან, ოსეთის სასულიერო კომისიას სათავეში რუსი სამღვდელო პირი ჩაუყენეს, კომისიის წევრები რუსი მისიონერებით შეავსეს და იგი მეფის რუსეთის კავკასიური პოლიტიკის იარაღად აქციეს. ოსურ ანბანს ქართულის ნაცვლად რუსული გრაფიკა დაუდეს საფუძვლად. 1792 წელს ოსეთის სასულიერო კომისიამ არსებობა შეწყვიტა. 1815 წელს რუსეთის მთავრობამ კომისია აღადგინა. სათავეში ჩაუყენეს დოსითეოზ ფიცხელაური. მან 13 ათასამდე ოსი გააქრისტიანა. ქრისტიანობის მიღების პირობად იგი ოს გლეხებს მებატონისაგან განთავისუფლებას და სახაზინო გლეხების კატეგორიაში ჩარიცხვას ჰპირდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მებატონეების წინააღმდეგობის შედეგად დოსითეოსი გადააყენეს და ოსეთის სასულიერო კომისია უშუალოდ საქართველოს ეგზარქოსს დაუქვემდებარეს. კომისია 1861 წლამდე არსებობდა. 1863 წლიდან იგი ჩაანაცვლა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოებამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოგოშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 593, თბ. 1984 წელი.
  • თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVII საუკუნეები, თბ., 1969;
  • ხანთაძე შ., ქართველი მოღვაწეები ჩრდილო კავკასიაში XVIII საუკუნეში, „ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1957, ტ. 19A და 20B;