ზემო ნაწილში ხალდეს მყინვარი წარმოდგენილია სამი ყინულვარდნილით, რომლებიც დიდი ნაპრალიანობით ხასიათდებიან. ყინულვარდნილთა შეერთება ხდება 2800 მეტრზე. ქვემოთ კი მყინვარის ენა იცვლის მიმართულებას სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ბოლოვდება 2545 მეტრის სიმაღლეზე. სამივე მყინვარის შეერთების ადგილას მყინვარი ფართოვდება და ვრცელ მოედანს აჩენს, რომლის ქვემოთ მყინვარი ერთ მძლავრ ნაკადად მოედინება. ხალდეს მყინვარის ენის ბოლო დაფარულია სქელი მორენული საფარით და მყინვარის ზედაპირს ინტენსიური დნობისაგან იცავს. მყინვარიდან გამოდის მდინარე ხალდეჭალა.