ადიშის მყინვარი — მყინვარი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 7.6 კმ, ფართობი 10,2 კმ². ენის სიმაღლე დაახლოებით 2400 მ-მდე, ხეობის ტიპისაა. საზრდოობს მწვერვალების თეთნულდის, გისტოლის, ადიშის და ლაქუციას სამხრეთ ფერდობებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით.
გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მყინვარი სამ ნაწილად იყოფა: 1. ფირნის ველი (მკვებავი აუზი), რომელიც ზღვის დონიდან 3800 მ-ზე მაღლა მდებარეობს და რომელიც გარშემორტყმულია მაღალი მწვერვალებით, 2. ყინულვარდნილი (1200 მ სიმაღლის ყინულის ჩანჩქერი), 3. მყინვარის ენა, რომელიც თანდათანობით მარაოსებრი ფორმით ეშვება ზღვის დონიდან 2380 მ-მდე. ადიშის მყინვარიდან გამოედინება მდინარე ადიშისჭალა. მისასვლელი გზა — სოფელ ადიშიდან.