სვანეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვანეთის ქედი
სვანეთის ქედი
სვანეთის ქედი
კოორდინატები: 42°55′ ჩ. გ. 42°35′ ა. გ. / 42.917° ჩ. გ. 42.583° ა. გ. / 42.917; 42.583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ლაჰილი
სიმაღლე 4008 
სიგრძე 90 კმ
სიგანე 23 კმ
სვანეთის ქედი — საქართველო
სვანეთის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

სვანეთის ქედი — მაღალმთიანი გასწვრივი ქედი საქართველოში, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება, ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ნამყვამთან. სიგრძე 90 კმ, სიგანე 23 კმ. ცენტრალური ნაწილის მაქსიმალური სიმაღლეა 4008 მ (მწვერვალი ლაჰილი).

უღელტეხილებიდან ყველაზე ცნობილია ლატფარი (2830 მ). სვანეთის ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლოვან-ქვიშქვოვანი ფლიშური წყებებით, ზედაიურული კარბონატული ნალექებით, ცენტრალური ნაწილი — პალეოზოური მეტამორფული ქანებით. უმთავრესად ახასიათებს ნაზი რელიეფი, ზოგან ციცაბო კლდოვანი მასივებია. ქედზე არის თანამედროვე მყინვარები (აღმოსავლეთი ლაჰილი, დასავლეთი ლაჰილი და სხვა), რომელთა საერთო ფართობი 32 კმ²-ია.

სვანეთის ქედზე ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა — დაწყებული ნოტიო ცივზამთრიანი და მოკლეზაფხულიანი ჰავიდან და დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივ უხვთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით. წელიწადში 1800-2000 მმ ნალექი მოდის. ქედი დასერილია მდინარეული ხეობებით. ქედიდან ჩამოედინება მდინარეების ენგურისა და ცხენისწლის შენაკადები: ხუმფრერი, ლასილი, ლაილჭალა, კასლეთი, ხელედულა, ლასკადურა და სხვა.

ქედის ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებულია შერეული ფართოფოთლოვანი დაქ მუქწიწვოვანი ტყეები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]