თბილისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: lij:Tiblisi
ხაზი 200: ხაზი 200:
[[ko:트빌리시]]
[[ko:트빌리시]]
[[ku:Tiblîsî]]
[[ku:Tiblîsî]]
[[lij:Tiblisi]]
[[lt:Tbilisis]]
[[lt:Tbilisis]]
[[lv:Tbilisi]]
[[lv:Tbilisi]]

01:16, 5 აგვისტო 2007-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
თბილისი
ფაილი:City of tbilisi.gif
ფაილი:Tbilisi Flag.gif ფაილი:Armsoftbilisi.jpg
ზოგადი ცნობები
რეგიონის კოდი: GE-TB
ფართობი: 450 კმ²
მოსახლეობა: 1.090 ათასი (2002)
ადმ. ერთეულები: 1 ქალაქი
ქალაქის მერი: გიგი უგულავა
საკრებულოს
თავმჯდომარე:
ზაზა ბეგაშვილი
ქალაქის პრემიერი: თემურ ქურხული
თბილისის ხედი XIX ს.-ში

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი), საქართველოს დედაქალაქი; 1922-1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სდსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, 380-600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით - იერის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით - თრიალეთის ქედის განშტოებები. კოორდინატებით 41°43′N 44°47′E. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

ისტორია

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვოვნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. "თბილისი" - "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.

დაარსება

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება ახ. წ. IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

დედაქალაქი

ფაილი:Tbilisi 1671 by Chardin.jpg
თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671

ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი - წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ.თბილისის თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.

უცხოელთა გავლენა

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570-580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისი დაარბია ბიზანტია-ხაზარების ლაშქარმა; 736-738 წლებში - არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკლიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037-1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი გახდა.1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა - უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისის თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა.

ქართული რენესანსი

1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII-XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები - ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია - მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები, ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას.

თამარის მეფობის (1184-1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. "კარავის" დაწესება.

მონღოლთა შემოსევა

1226 წელს თბილისი ჯალალედინის სარდლობით ხვარაზმელებმა დალაშქრეს; ქალაქი სასტიკად აოხრდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა აიღეს. მათ არ მოშალეს ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველო მონღოლებზე დამოკიდებული ქვეყანა ხდებოდა, თბილისი კვლავ ქვეყნის ცენტრი იყო. 1259 წელს თბილისელები მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით აუჯანყდნენ მონღოლებს. 1260 წელს აჯანყდა მეფე დავით VII ულუ. ორივე აჯანყება გაჭირვებით ჩააქრეს. XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან - მონღოლთა ბატონობის გადაგდების შემდეგ, თბილისი კვლავ სრულიად საქართველოს დედაქალაქია. 1366 თბილისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა.

1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. საქართველოში მან 8 ილაშქრა, აქედან 2-ჯერ დაარბია იგი. ამ ლაშქრობების შემდეგ თბილისის საერთაშორისო მნიშვნელობა საგრძნობლად დაეცა. ალექსანდრე I დიდის მეფობის წლებში (1412-1243) დაიწყო ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა გეგმა. გარეშე დამპყრობთა გამუდმებულმა თავდასხმებმა მოშალა ქალაქის ეკონომიკური ცხოვრება, პარტახდებოდა ქალაქის ცალკეული უბნები. 1444 ქალაქი აიღო და დაარბია ქ. თავრიზის (ირანი) მფლობელმა ჯაჰან-შაჰმა; ამავე საუკუნის 70-იან წლებში თბილისი კვლავ სპარსელების ხელში იყო (უზუნ-ჰასანის ლაშქრობა საქართველოში).1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამტავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1522 თბილისი სპარსელებმა აიღეს. 1524 იგი მეფე დავით X-მ გაათავისუფლა. 1524-1541 წლებში ქალაქი მშვიდობიანად ვითარდებოდა. შეკეთდა ძველი და და აშენდა ახალი შენობები, იმატა მოსახლეობამ, გამოცოცხლდა ვაჭრობა და ხელოსნობა. 1541 წელს ქალაქი ააოხრა ირანის შაჰმა - თამაზ I-მა. 1578 ჩილდირის ბრძოლაში ოსმალთა გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. თბილისი ახალი მტრის ხელში აღმოჩნდა. ქართლის მეფის სიმონ I-ის ცდა, გაეთავისუფლებიენა ქალაქი ჯერ სპარსი, შემდეგ ოსმალო დამპყრობთაგან, უშედეგო იყო. 1609 წელს თბილისის მოურავი გახდა გიორგი სააკაძე. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის გამუდმებული აგრესიის პირობებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაინგრა. 1632-იდან, მას შემდეგ, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. გამოცოცხლდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ხელისუფლება გარკვეულ თანხებს გამოყოფდა ქალაქის კეთილმოწყობისათვის. 1700-თვის თბილისში 20 ათ. კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებთა ზედაფენას ქმნიდა ფეოდალური არისტოკრატია, მსხვილი ვაჭრები და სოვდაგრები, შემდეგ მოდიოდა ე. წ. მოქალაქეთა კატეგორია. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ნასყიდი, შეწირული და ნებიერი ყმები, ხიზნები და ქალაქის გლახაკნი. თბილისის უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მელიქ-მამასახლისი. თბილისის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული ე. წ. ქალაქური კოლორიტი - ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). ქალაქის ცხოვრების თავისებურ იერს მატებდა თბილისის ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები, გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის თავშეყრის, ახალი ამბების ურთიერთგაზიარების ადგილებს. დაარსდა სტამბა (1709), სადაც პირველად დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი". 1723 ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 იგი ერეკლე II-მ გაათავისუფლა. 1755 ქალაქში დაარსდა ფილოსოფიის სემინარია. 1762 თბილისი გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში იყო თოფხანა, ზარაფხანა, ქსოვილის სამღებროები, მარილის გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები. XVIII საუკუნის ბოლოს Xნდება მანუფაქტურული საწარმოებიც. მაგრამ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავ გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური მეურნეობა. 1795 თბილისი აიღეს და დაარბიეს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა (კრწანისის ბრძოლა 1795).

რუსეთის გავლენა

მეტეხის უბანი, ჩერნეცოვი, 1839.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდანთბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვიტარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა - "საქართველოს გაზეთი", 1828-იდან - "თბილისის უწყებანი" (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.

დამოუკიდებლობა 1918-1921

გასაბჭოება

წითელი არმიის შემოსვლა თბილისში, 25 თებერვალი, 1921.

სსრკ დაშლის შემდეგ

განათლება, მეცნიერება, კულტურა

საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.

თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI-XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.

XVIII საუკუნე

თბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვიტარების ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა[1]. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.

XIX საუკუნე

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ "თერგდალეულები" (ი. ჭავჭვაძე, ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადსხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან - პირველი მარქსისტული კულტურულ საზოგადოებრივი ჯგუფის "მესამე დასის" წევრები.

1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები - "ცისფერყანწელები". 1920-იანი წლების დასაწყისში აქ აღმოცენდა "აკადემიური მწელობის კავშირი", "ფუტურისტ-ლეფელებისა" და "პროლეტარული მწერლობის", ხოლო 1927-1928 - "არიფიონის" ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი).

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 - თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 - თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 - ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 - სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 - სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 - წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 - ვაჟთა სამიჯნაო სკოლა.

XIX საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 "საქველმოქმედო საზოგადოებამ" თბილისში გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში, 1862-1870 წლებში - 10 სკოლა, 1862 წელს - 4 უფასო სკოლა უღარიბესი მშობლების შვილებისათვის და 1866-1870 - კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით; 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა. 1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს - თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 - ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა.

1879 წელს თბილისში "ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების" (1878) ინიციატივით გაიხსნა "სათავადაზნაური ქართული სკოლა" პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის ქართული გიმნაზია).

80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს ი. გოგებაშვილის წინადადებით თბილისში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი (მალე დაიხურა). 1881 ქალაქის მმართველობამ თბილისში გახსნა 2 ქართული დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო.

XX საუკუნე

ფაილი:190px-Tbilissi 10.jpg
საქ. მეცნიერების აკადემია

XX საუკუნის დამდეგისათვის მთელ საქართველოში და, კერძოდ, თბილისში რამდენადმე გაიზარდა სკოლების ქსელი, მაგრამ სახალხო განათლების საქმე მაინც ჩამორჩენილი იყო. 1905-1907 წლებში გახშირდა მოსწავლეთა გაფიცვები და პოლიტიკური გამოსვლები. რევოლუციის შემდგომ პერიოდში სტოლიპინის რეაქცია სახლხო განათლების საქმესაც შეეხო, მაგრამ მას წინააღმდეგობას უწევდა პროგრელუსი მასწავლებლობა და მოსწავლე ახალგაზრდობა.

1909 წელს გაიხსნა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915-1916-თვის თბილისში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 2 კომერჩიული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოს სასწავლებელი, ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სასულიერო სემინარია, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ქალთა კომერციული სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვა. 1917 წელს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), 1918 - თბილისის უნივერსიტეტი (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

თბილისში არსებობდა რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღი (პირველი გაიხსნა 1859, მეორე - 1865 და სხვა.). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ქსელი, რომელიც გამუდმებით ფართოვდებოდა. 1921-1931 წლებში თბილისში გაიხსნა 140-მდე ახალი სკოლა (მ. შ. 4-წლიანი დაწყებითი, 7-წლიანი შრომის სკოლები, 9-წლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და 3-4 წლიანი ტექნიკუმები). 1923/1924 სასწავლო წელს თბილისში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი).

თბილისში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა თსუ-ში, შემდეგ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მას შემდეგ, რაც დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (1941). თუ 1941 წლისთვის თბილისში სულ იყო 42 სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (უმაღლესი სასწავლებლების ცათვლით), სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერ მუშაკი, 1979 თბილისში, აკადემიის სისტემის 32 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გარდა, იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სულ თბილისში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ. შ. 1167 მეცნიერებათა დოქტორი და 6584 მეცნიერებათა კანდიდატი.

1979 წელს თბილისში იყო 107 მასობრივი ბიბლიოთეკა (3047,9 ათ. წიგნი და ჟურნალი), 100 სამეცნიერო ბიბლიოთეკა (14845 ათ. წიგნი და ჟურნალი), უმაღლესი სასწავლებლების 11 ბიბლიოთეკა (6592 ათ. წიგნი და ჟურნალი), ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულებებისა და ორგანოების 54 ბიბლიოთეკა (1148 ათ. წიგნი და ჟურნალი).

1979-თვის თბილისში იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი , მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძრვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვტა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.

თეატრი

თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეთის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნო, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია "ქართული ფილმი". საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.

ბეჭდვითი სიტყვა

თბილისში პირველი ქართული სტამბა დაარსა ვახტანგ VI-მ 1709 წელს. პირველი ქართული ბეჭდვითი ორგანო "საქართველოს გაზეთი" გამოვიდა 1819 წელს (1820-იდან "ქართული გაზეთი"), 1828 - ოფიციალური გაზეთი "ტფილისის უწყებანი", 1852-1875 გამოდიოდა ჟურნალი "ცისკარი", 1866-1885 - გაზეთი "დროება". 1877 ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი "ივერია" (1886-იდან გაზეთი). 1903-1905 მუშაობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა. ამჟამად ... 1966 წელს დაარსდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. 1936 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო (საქინფორმი). რადიომაუწყებლობა მუშაობს 1927-იდან. ტელეგადაცემები დაიწყო 1956 წლის დეკემბრიდან. ტელეცენტრია თბილისში.

ბუნებრივი რესურსები

წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა - ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა - დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა - გლდანისხევი და ლოჭინა. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.

თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებულ ნაწილში, ისე მოსაზღვრე ვაკეებზე, გორაკ-ბორცვებსა და მთის კალთებზე უპირატესად ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობა (მ. შ. წიწვოვანები ) ხარობს. განაშენიანებული ტერიტორიის ირგვლივ ჭარბობს სტეპის ბალახეულობა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარი, უფრო დაშორებულ ადგილებში, ქედების კალთებზე კი მეორეული ფართოფოთლოვანი ტყეებია.

თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. თიხის საბადოა დიღმის ვაკეზე. თიხის ნაწილს იყენებენ აგურის წარმოებაში. ორხევში არის გაჯის საბადო. ავჭალაში მოიპოვება კვარცხის სილა.

კლიმატი

თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7°C, იანვარი 0,9°C, ივლისი 24,4°C; აბსოლუტირი მინიმალური ტემპერატურა - 23°C, აბსოლუტური მაქსიმალური 40°C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხცნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი - იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-სავასლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთი ქარი.


ფოტოგალერეა

ფაილი:Tbilisipanorama.jpg
თბილისის პანორამა ნარიყალადან


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. განაპირობებული იყო რუსეთთან ურთიერთობის გაფართოებით

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: