შინაარსზე გადასვლა

ბერიკაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერიკაობა, გურამ დოლიძე, 1999
ბერიკაობა საქართველოში

ბერიკაობა — ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი „ბერიკაობა“ განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).

ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).

დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო (სადღესასწაულო). საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო), მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები.

ბერიკები უსულო საგნებს და განყენებულ ცნებებსაც განასახიერებდნენ (მაგ., ალავერდის ტაძარი, საბძელი, ხე, უკუღმართი ცხოვრება, ავსიტყვაობა და სხვა). ისინი თამაშობდნენ ნაბადქუდა ნიღბებში, „ისხდნენ“ ტახის, დათვის, თხის, ხარის და სხვა „ტყავში“ (ბერიკოში). დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). წარმოდგენა იწყებოდა მტრის მიერ სოფლის აწიოკებისა და ხარკის აკრეფის წარმოსახვით, რასაც თან ახლდა სიმღერა და საკრავიერი მუსიკა. ბერიკაობას ხელმძღვანელობდა ბერიკათწინამძღვარი. საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი. XX საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდნენ.