შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთი კავკასია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილო კავკასია)
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში

ჩრდილოეთი კავკასია — გეოგრაფიული მხარე ევროპისა და აზიის შესაყართან, კავკასიის ნაწილი. მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში შედის. ჩრდილოეთი კავკასია ადმინისტრაციულად იყოფა შემდეგ ერთეულებად:

სუბიექტი სტატუსი ადმ. ცენტრი ფართობი მოსახლეობა
კრასნოდარი მხარე კრასნოდარი 76,0 4.744.000
სტავროპოლი მხარე სტავროპოლი 66,5 2.497.000
ადიღე რესპუბლიკა მაიკოპი 7,6 422.000
დაღესტანი რესპუბლიკა მახაჩყალა 50,3 1.737.000
ინგუშეთი რესპუბლიკა მაგასი 4,6 180.000
ყაბარდო-ბალყარეთი რესპუბლიკა ნალჩიკი 12,5 715.000
ყარაჩაი-ჩერქეზეთი რესპუბლიკა ჩერკესკი 14,1 390.000
ჩეჩნეთი რესპუბლიკა გროზნო 15,9 980.000
ჩრდილოეთ ოსეთი რესპუბლიკა ვლადიკავკაზი 8,0 612.000

სავიზო რეჟიმი საქართველოსთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლიდან 2010 წლის მარტამდე ყაზბეგი–ზემო ლარსის ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე დაკეტილი იყო რუსეთის ცალმხრივი ინიციატივით.[1]

სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მიერ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 11 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც 13 ოქტომბრიდან ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას.[2]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამარტივება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზები არ გაიცემა და ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისათვის ვიზების მისაღებად რუსეთის დედაქალაქში უწევდათ ჩასვლა. რუსეთსა და საქართველოს შორის ეს ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტი მარტიდან გაიხსნა. მანამდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში რუსული მხარის ინიციატივით მიმოსვლა ამ მიმართულებით შეწყვეტილი იყო. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აეროპორტებში, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას შეუძლიათ ვიზების აღება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ცალმხრივად გააუქმოს სავიზო რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოსახლე მოქალაქეებისთვის, პროვოკაციად შეაფასა.[3]

ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებელთა რეაქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის მაცხოვრებლები მიესალმნენ საქართველოს გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მათი აზრით ეს მოხსნის ბევრ პრობლემას, რომელიც მანამდე საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე ხვდებოდათ. ამასთან ერთად, ამ ადამიანებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება გაამკაცროს თავისი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები.

ჩეჩნეთის მოქალქეები გამოთქვამენ გაკვირვებას საქართველოს გადაწყვეტილებაზე რუსეთის ნეგატიური რეაქციის გამო.[4]

მანამდე „კავკაზსკი უზელი“ წერდა ადიღეის მაცხოვრებელთა მოსაზრებაზე, რომლებმაც ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა შეაფასეს, როგორც ბუნებრივი, მაგრამ არასრულფასოვანი ნაბიჯი, რადგან მეზობელ კრასნოდარის მხარის მაცხოვრებელთ ის არ ეხება.[5]

უცხოური პრესის რეაქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ (ესპ. El País) კორესპონდეტის პილარ ბონეტის აზრით, „პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივამ შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გამართვა გაართულოს“.[6]

BBC-ის კავკასიის კორესპონდენტის ტომ ესლემონტის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ამ სამუშაო ძალის საკუთარი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების გამოყენებისკენ მიისწრაფვის.[7][8]

  1. Грузия изменила решение об ужесточении визового режима с Россией // Civil Georgia, Тбилиси / 4 сен. 2008[მკვდარი ბმული]
  2. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს უვიზო რეჟიმს უწესებს // სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ. 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2010-10-11.
  3. МИД России считает отмену Грузией виз для жителей Северного Кавказа провокацией // «Кавказский узел» окт. 14, 2010
  4. Жители Чечни приветствуют отмену визового режима с Грузией // «Кавказский узел», окт. 17, 2010
  5. Жители Адыгеи считают открытие безвизового въезда в Грузию неполноценным шагом // «Кавказский узел», окт. 16, 2010
  6. ელ პაისი - სააკაშვილის ინიციატივამ შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გამართვა გაართულოს[მკვდარი ბმული]
  7. რუსეთი გმობს საქართველოს სავიზო სქემას, როგორც „პროვოკაციას“ // BBC ოქტომბერი 17, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2010-10-18.
  8. Russia denounces Georgian visa scheme as 'provocation' // BBC 15 October 2010 (ინგლისურ ენაზე)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]