ბუღა თურქის შემოსევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუღა თურქის შემოსევა 853-854არაბთა ლაშქრობა თბილისის საამიროს დასამორჩილებლად და ამიერკავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად. ხალიფა მუთავაქილმა (847-861) თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის თომა არწრუნის ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ 853 წლის ზაფხულში ბუღა საქართველოს შემოესია. მას შეუკავშირდნენ ტაო-კლარჯეთის მთავარი ბაგრატ I კურაპალატი და კახეთ-ჰერეთის სამთავრო. აფხაზთა სამეფო კი საჰაკს მიემხრო. ბუღა თურქი ისანში დაბანაკდა და საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ზირაქი გაგზავნა. ზირაქი 5 აგვისტოს მდინარე მტკვარზე გავიდა და თბილისში შეიჭრა. არაბები ანთებულ კუპრს ისროდნენ, ქალაქში ხანძარი გაჩნდა. საჰაკი შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. შემდეგ ზირაქმა და ბაგრატ I-მა აფხაზთა მეფეც დაამარცხეს.

აღნიშნული ლაშქრობის შესახებ საუბარია ატენის სიონის წარწერაში:

ვიკიციტატა
„თთუესა აგუსტოსსა ე~სა, დღესა შაბათსა ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთასა ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა [აგუ]სტოსსა კ~ვსა, დღესვა შაბათსვე, ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძჵ მისი თარჴუჯი.[1]

ამიშ შემდეგ ბუღას ლაშქარი კახეთის დაბლობიდან მთიანეთში შეიჭრა. მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამასობაში დიდი თოვლი მოვიდა. არაბებს ცხენები იელის ჭამით დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ბუღა საქართველოს გაეცალა და ბარდავში დაბანაკდა. მაგრამ 854 წელს ისევ შემოესია საქართველოს და გარდაბანი ააოხრა. ბუღას ლაშქრობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. არაბი ისტორიკოსის ალ-ტაბარის ცნობით მარტო თბილისში 853 წელს დაიღუპა 50 ათასი კაცი, ქალაქი თითქმის მთლიანად გადაიწვა. მაგრამ ბუღას ლაშქრობათა მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა — არაბთა ბატონობის განმტკიცება ვერ მოხერხდა.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ. 1997 წ. გვ. 39
  2. საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ. 2008 წ. გვ. 181-182