ამალია დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამალია დ’ესტე
სრული სახელი
ამალია ჯუზეპინა
წოდებები
მოდენისა და რეჯიოს პრინცესა
დაიბადა 28 ივლისი, 1699
მოდენა, იტალია
გარდაიცვალა 5 ივლისი, 1778, (78 წლის)
მოდენა, იტალია
საგვარეულო დ’ესტეები
მეუღლე(ები) ვილენოფის მარკიზი
მამა რინალდო, მოდენის ჰერცოგი
დედა შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია კათოლიციზმი

ამალია დ’ესტე (იტალ. Amalia d'Este; დ. 28 ივლისი, 1699, მოდენა, იტალია — გ. 5 ივლისი, 1778, მოდენა, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ რინალდოსა და შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული. ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის უფროსი და და ერკოლე III-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალია დაიბადა 1699 წლის 28 ივლისს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ რინალდოსა და მისი ცოლის, შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის შუათანა შვილი. დედის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას დისწული და ამასთან, პოლონეთის დედოფალ მარია იოზეფასა და ბავარიის კურფიურსტ მარია ამალიას დეიდაშვილი იყო. მისი და-ძმები იყვნენ: პრინცესა ბენედეტა, ჰერცოგი ფრანჩესკო III და ჰერცოგინია ენრიკეტა. 1710 წელს დედამისი მშობიარობას გადაჰყვა.

1737 წელს რინალდო გარდაიცვალა და ტახტი ამალიას ძმამ, ფრანჩესკო III-მ დაიკავა. 1739 წლამდე ფრანჩესკო რუსეთ-თურქეთის ომში იბრძოდა, რა დროსაც მოდენასა და რეჯიოს ამალია და მისი და, ბენედეტა მართავდნენ რეგენტების სტატუსით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამალიას საქმროდ სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III მოიაზრებოდა, თუმცა ქორწინება არ შემდგარა. როგორც ცნობილია პრინცესა ამალია საიდუმლოდ დაქორწინდა ვილენოფის მარკიზზე, რომლის სახელიც დღემდე უცნობია. ასევე ცნობილია, რომ მისი ქმარი 1739 წელს მოკლეს ფუტაკის ბრძოლაში, ამალიას კი შვილი არ დარჩენია. ამის შემდეგ იგი აღარ გათხოვილა და გარდაიცვალა 1778 წლის 5 ივლისს 78 წლის ასაკში, მშობლიურ მოდენაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mina, Gregori (2000). Le Musée des Offices et le Palais Pitti. Editions Place des Victoires. pp. 457–603. ISBN 2-84459-006-3.
  • Rocca, Emilio Nasalli (1969). I Farnese. Dell'Oglio Editore.