მარია დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია დ’ესტე
Maria d Este.jpg
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1 ოქტომბერი, 1668
მმართ. დასასრული: 20 აგვისტო, 1684
წინამორბედი: იზაბელა დ’ესტე
მემკვიდრე: დოროთეა სოფია ნოიბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 დეკემბერი, 1644
დაბ. ადგილი: მოდენა, იტალია
გარდ. თარიღი: 20 აგვისტო, 1684, (39 წლის)
გარდ. ადგილი: პარმა, იტალია
მეუღლე: რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
შვილები: ფრანჩესკო, პარმის ჰერცოგი
ანტონიო, პარმის ჰერცოგი
დინასტია: ესტეები
მამა: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
დედა: მარია კატერინა ფარნეზე
რელიგია: კათოლიციზმი

მარია დ’ესტე (იტალ. Maria d'Este; დ. 8 დეკემბერი, 1644, მოდენა, იტალია — გ. 20 აგვისტო, 1684, პარმა, იტალია) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი პირველი მეუღლის, მარია კატერინა ფარნეზეს უმცროსი ქალიშვილი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია 1668-1684 წლებში როგორც რანუჩო II-ის მესამე და უკანასკნელი მეუღლე. პარმის ორი ჰერცოგის: ფრანჩესკო და ანტონიო ფარნეზეების დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1644 წლის 8 დეკემბერს მოდენაში. იგი იყო მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი პირველი მეუღლის, მარია კატერინა ფარნეზეს მერვე შვილი ცხრიდან და მეოთხე ქალიშვილი ოთხიდან. დედამისი თავის მხრივ პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო I-ის ქალიშვილი იყო.

მარიას დედა 1646 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამამისმა კიდევ ორჯერ იქორწინა: 1648 წელს თავისსავე ცოლის დაზე, ვიტორია ფარნეზეზე, ხოლო 1649 წელს, მეორედ დაქვირვდა, რის გამოც 1654 წელს მესამედ დაქორწინდა ლუკრეცია ბარბერინიზე, რომელთან ერთადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება.

მას შემდეგ, რაც 1666 წელს მარიას უფროსი და, პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია იზაბელა დ’ესტე მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ, ჰერცოგმა რანუჩო II ფარნეზემ ახალი თანამეცხედრის ძიება დაიწყო. მარიას მამა ყოველთვის ცდილობდა პარმასთან დინასტიური ქორწინებების გზით ძლიერი ალიანსის შექმნას, რის გამოც რანუჩოს თავისი მეორე ქალიშვილის, ანუ მარიას ხელი შესთავაზა, რაზეც იგი სიხარულით დასთანხმდა. ამრიგად, მარია ცოლად მიჰყვებოდა მამაკაცს, რომელიც დედამისის ძმის, ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზესა და მარგერიტა მედიჩის ვაჟი იყო, ანუ ამ ხაზით რანუჩო მისი ღვიძლი ბიძაშვილი იყო, ხოლო მეორე მხრივ მისი დის ქვრივი გამოდიოდა. ამ ყველაფერმა ფრანჩესკო I-ს ხელი ვერ შეუშალა ესტე-ფარნეზეების კიდევ ერთი ქორწინება მოეწყო.

1667 წლის ოქტომბერში, მოდენაში შედგა მარიასა და რანუჩოს მარიონეტული ქორწინება. ამის მიუხედავად, მარიამ მშობლიური მოდენა მხოლოდ 1668 წლის 1 იანვარს დატოვა და სულ რამდენიმე დღეში ჩავიდა პარმაში, სადაც დიდი საქორწინო სამზადისი მიმდინარეობდა ჰერცოგის რიგით მესამე ქორწინებისათვის. 1668 წლის 1 ოქტომბერს მარია და რანუჩო პარმის კათედრალში დაქორწინდნენ.

რანუჩოს მარიასთან ყველაზე მეტი — ცხრა შვილი შეეძინა, მაგრამ მათგან მხოლოდ სამმა მიაღწია ზრდასრულობამდე. მარია მისი სამი ცოლიდან ერთადერთია, რომელთანაც რანუჩოს მომავალი ჰერცოგი შეეძინა.

მარია დ’ესტე გარდაიცვალა 1684 წლის 20 აგვისტოს პარმაში, 39 წლის ასაკში. იგი მეორე დღესვე, 21 აგვისტოს დაკრძალეს პარმაში, სანტა მარია დელა სტრეჩატას კათედრალში, განსვენებული დის, იზაბელას გვერდით. აღსანიშნავია, რომ რანუჩოს მეოთხე ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა კიდევ ათ წელს იცოცხლა და 1694 წლის 11 დეკემბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი მარიას ჯერ ერთმა, შემდეგ კი მეორე ვაჟმა დაიკავა, თუმცა ორივე მათგანი უშვილოდ აღესრულა, რის გამოც პარმის ტახტი მარიას დის, იზაბელასა და რანუჩოს შთამომავალმა, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ვაჟმა ფილიპე I ბურბონმა დაიკავა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იზაბელა ფრანჩესკა (1668-1718), მონაზონი;
  2. ვიტორია მარია (1669-1671), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მკვდარშობილი ვაჟი (1671);
  4. ვიტორია (1672), კატერინას ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილი;
  5. კატერინა (1672), ვიტორიას ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილი;
  6. მკვდარშობილი ვაჟი (1674);
  7. ელეონორა (1675), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. ფრანჩესკო (1678-1727), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. ცოლად შეირთო თავისი ნახევარ-ძმის ქვრივი დოროთეა სოფია ნოიბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  9. ანტონიო (1679-1731), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ენრიკეტა დ’ესტე, თუმცა შვილები არ ჰყოლია. მისი უშვილოდ გარდაცვალებით შეწყდა ფარნეზეების დინასტია, რის გამოც პარმისა და პიაჩენცის ტახტს მისი ნახევარ-ძმის ასულის, ისაბელ ფარნეზეს ვაჟი, ფილიპე ბურბონი იკავებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lundy, Darryl. "The Peerage: Maria d'Este, Principessa di Modena". Retrieved 9 March 2010.