მარია ფორტუნატა დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ფორტუნატა დ’ესტე
Fortunée d'Este, Countess of La Marche, Princess of Conti, by an unknown artist.png
კონტის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო, 1776
მმართ. დასასრული: 21 სექტემბერი, 1803
წინამორბედი: ლუიზ დიანა ორლეანელი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1731
დაბ. ადგილი: მოდენა, იტალია
გარდ. თარიღი: 21 სექტემბერი, 1803, (71 წლის)
გარდ. ადგილი: ვენეცია, იტალია
მეუღლე: ლუი ფრანსუა II, კონტის პრინცი
მამა: ფრანჩესკო III, მოდენას ჰერცოგი
დედა: შარლოტ აგლაე ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Fortunée d'Este, Princess of Conti in 1778 at the baptism of the Duke of Berry.jpg

მარია ფორტუნატა დ’ესტე (იტალ. Maria Fortunata d'Este, ფრანგ. Marie Fortunée d'Este; დ. 24 ნოემბერი, 1731 — გ. 21 სექტემბერი, 1803) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის უმცროსი ასული. პენტიევრის ჰერცოგინია მარია ტერეზა ფელიჩიტა დ'ესტეს უმცროსი და. კონტის უკანასკნელი პრინცესა 1776-1803 წლებში როგორც ლუი ფრანსუა II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ფორტუნატა დაიბადა 1731 წლის 24 ნოემბერს მოდენაში, იტალიაში. იგი იყო მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და მისი მეუღლის, შარლოტ აგლაე ორლეანელის უმცროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ მოდენას ჰერცოგი რინალდო I და კარლოტა ბრაუნშვაიგელი, ხოლო დედის მხრიდან ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II და მისი ცოლი, ლუი XIV-ის ასული ფრანსუაზ მარი დე ბურბონი. მისი დეიდა იყო ესპანეთის დედოფალი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი.

1740 წლიდან მისი დედ-მამა ერთმანეთს გაცილდნენ, თუმცა არაოფიციალურად, რაც იმის ბრალი იყო, რომ მოდენას სამეფო კარზე ჰერცოგი დე რიშელიე ჩავიდა, რომელიც შემდგომში შარლოტ აგლაეს საყვარელი გახდა. ფრანჩესკომ გააძევა მოღალატე მეუღლე, რომელიც მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც თავისი ქალიშვილებიც წაიყვანა. მალევე მან თავისი უფროსი ასული მარია ტერეზა ფელიჩიტა ცოლად შერთო ლუი XIV-ის შვილიშვილს, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონს.

1759 წლის 7 თებერვალს მარია ფორტუნატა ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, კონტის მომავალ პრინც ლუი ფრანსუას. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს მრავალწლიანი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, მათ შვილები არასდროს ჰყოლიათ. ბევრი ამის მიზეზად ლუი ფრანსუას ახალგაზრდობის რომანს ასახელებს მადამ დე კორალინთან, რომლისგანაც მან ვენერიული დაავადება აიკიდა.

1770 წლიდან მარია ფორტუნატა საფრანგეთის მომავალი მეფის, ლუი XVI-ის მეუღლის, დოფინ მარია ანტუანეტა ავსტრიელის ფრეილინა ხდება. სამეფო წყვილთან ერთად მარია ფორტუნატა ხშირად დადიოდა პარიზის ოპერაში და ესწრებოდა სამეფო ბანკეტებს. ასევე მან გაუწია ორგანიზება დოფინების ქორწილს.

1776 წელს მისი მამამთილის გარდაცვალების შემდეგ კონტის პრინცი ლუი ფრანსუა II ხდება, მარია ფორტუნატა კი კონტის პრინცესად გვევლინება. ღვთისმოშიში და ძალიან ფრთხილი მარია ფორტუნატა ცდილობდა თავი დაეღწია დედოფალ მარია ანტუანეტასთან მსახურობისგან, რომელიც ხალხში განსაკუთრებული ზიზღის ობიექტი იყო. იგი ძალიან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს თავის სიძესთან, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მართან, რომლის ცოლიც, ანუ მარია ფორტუნატას დაც ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა, თუმცა მას მეორე ცოლი აღარ შეურთავს. გარდა ამისა, იგი ახლოს იყო პრინცესა დე ლამბალთან და ორლეანის ჰერცოგინიასთან.

1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დაწყების გამო მარია ფორტუნატამ და მისმა ქმარმა დატოვეს საფრანგეთი და ესპანეთის მეფე კარლ IV-ს შეაფარეს თავი, რომელმაც ისინი ბარსელონაში დააბინავა. აქ ისინი მრავალი წელი ცხოვრობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ფრანგები ესპანეთშიც შეიჭრნენ, კონტის პრინცი და პრინცესა იტალიაში, ჯერ მილანში შემდეგ კი ვენეციაში გაიქცნენ, სადაც 1803 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა მარია ფორტუნატა, 71 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierre Houdion: La dernière princesse de Conti, Fortunée-Marie d’Este 1731–1803. L’Harmattan, Paris 2007.
  • Frédéric Chappey (Hrsg.): Les Trésors des princes de Bourbon Conti. Somogy éditions d’art, Paris 2000, ISBN 2-85056-398-6