შინაარსზე გადასვლა

ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 27 სექტემბერი, 1651
მმართ. დასასრული: 13 ივნისი, 1676
წინამორბედი: მარია ანა ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ანტონია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1636
დაბ. ადგილი: ტურინი, სავოიის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 13 ივნისი, 1676, (39 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარიის საკურფიურსტო
მეუღლე: ფერდინანდ მარია, ბავარიის კურფიურსტი
შვილები: მარია ანა, საფრანგეთის დოფინი
მაქსიმილიან II, ბავარიის კურფიურსტი
იოზეფ კლემენტე, კელნის კურფიურსტ-არქიეპისკოპოსი
ვიოლანტე ბეატრისი, ტოსკანის დიდი პრინცესა
სრული სახელი: ჰენრიეტა ადელაიდა მარია სავოიელი
მამა: ვიტორიო ამადეო I, სავოიის ჰერცოგი
დედა: კრისტინა მარია ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი (იტალ. Enrichetta Adelaide di Savoia, გერმ. Henriette Adelheid von Savoyen; დ. 6 ნოემბერი, 1636, ტურინი, სავოია — გ. 13 ივნისი, 1676, მიუნხენი, ბავარია) — სავოიის დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და მისი ცოლის, პრინცესა კრისტინა მარია ფრანგის ქალიშვილი. ბავარიის კურფიურსტი 1651-1676 წლებში, როგორც ფერდინანდ მარიას მეუღლე. ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II ემანუელისა და საფრანგეთის დოფინ მარია ანა ვიქტორია ბავარიელის დედა.

ჰენრიეტა ადელაიდა დაიბადა 1636 წლის 6 ნოემბერს, სავოიის დედაქალაქ ტურინში მდგარ კასტელო დელ ვალენტინოში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კრისტინა მარია დე ბურბონის ქალიშვილი. მისი გაჩენიდან მალევე, 1637 წლის 7 ოქტომბერს მამამისი გარდაიცვალა. ჰენრიეტა ადელაიდას დედა, პრინცესა კრისტინა მარია იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის ქალიშვილი, რის გამოც ყოველთვის პრო-ფრანგული პოლიტიკის მატარებელი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ძმა, ჰერცოგი ფრანჩესკო ავიდა, რომლის რეგენტადაც კრისტინა მარია დაინიშნა, თუმცა იგი 1638 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტს მათი კიდევ ერთი ძმა, ჰერცოგი კარლო ემანუელე II იკავებს, რომლის რეგენტიც ასევე დედამისი გახდა. ბევრი ფიქრობს, რომ ფრანჩესკო დედამისმა მოწამლა, რათა ტახტზე თავისი საყვარელი ძე დაესვა. განსვენებული ვიტორიო ამადეოს ძმა, კარინიანოს პრინცი კრისტინა მარიას აუჯანყდა, თუმცაღა მას დიდი ფრანგული არმია მალევე მოეშველა და დაამარცხეს მეამბოხე.

როდესაც 1638 წელს ფრანჩესკო დაიღუპა, ტახტი მართალია კარლო ემანუელეს დარჩა, თუმცა ესპანელების დიდი მხარდაჭერით მისმა კიდევ ორმა ძმამ, მორისმა და ტომასმა ტახტისთვის ბრძოლა დაიწყეს, რაც პიემონტის სამოქალაქო ომის სახელითაა ცნობილი. სავოიელები ორად გაყვნენ, მეამბოხე პრინცების, ანუ პრო-ესპანური პოლიტიკის და კრისტინა მარიას, ანუ პრო-ფრანგული პოლიტიკის მომხრეებად. თუმცა საბოლოოდ კრისტინას მისი ძმის, საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის უზარმაზარი ჯარები დაეხმარნენ ტრიუმფალურ გამარჯვებაში.

ბავარიის კურფიურსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1650 წელს ჰენრიეტა ადელაიდა ბავარიის ტახტის მემკვიდრე ფერდინანდ მარიაზე დააქორწინეს, 1651 წელს კი მაქსიმილიან I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე თავად ფერდინანდ მარია ავიდა. მისი არასრულწოვანების გამო, ბავარიას 1654 წლამდე დედამისი, ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელი მართავდა.

ჰენრიეტა ადელაიდამ დიდი გავლენა მოახდინა ბავარიის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირეულ ცვალებადობაზე და დედის მითითებების დახმარებით ბავარია მალე საფრანგეთის მოკავშირედ გვევლინება. საბოლოოდ ამ ყველაფერმა გამოიწვია ფრანკო-ბავარიული ალიანსის შექმნა 1680 წელს, რაც ჰენრიეტა ადელაიდას უფროსი ქალიშვილის, პრინცესა მარია ანა ვიქტორიასა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ვაჟის, დოფინ ლუი დე ბურბონის ქორწინებით დაგვირგვინდა.

მან ასევე დიდი როლი ითამაშა ნაიმფენბურგის სასახლისა და მიუნხენის ეკლესიის მშენებლობა-რესტავრაციაში. მან მიუნხენში უამრავი იტალიელი მხატვარი, მოქანდაკე, კომპოზიტორი და მუსიკოსი მოიწვია, რასაც საბოლოოდ ბავარიის სამეფო კარზე ოპერის შექმნა მოჰყვა.

ჰენრიეტა ადელაიდა გარდაიცვალა 1676 წლის 13 ივნისს, 39 წლის ასაკში. დაკრძალულია მიუნხენის კათედრალში, მეუღლის გვერდით.

  1. მარია ანა ვიქტორია (დ. 28 ნოემბერი, 1660 — გ. 20 აპრილი, 1690), ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ვაჟს, დოფინ ლუი დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ესპანეთის მეფე ფილიპე V და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის მამა, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი;
  2. მაქსიმილიან II ემანუელი (დ. 11 ივლისი, 1662 — გ. 26 თებერვალი, 1726), ბავარიის კურფიურსტი, პირველად ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ასული მარია ანტონია ავსტრიელი, რომელთანაც სამი მკვდარი ვაჟი შეეძინა, ამის შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა პოლონეთის მეფე იან III-ის ქალიშვილ ტერეზა კუნეგუნდა პოლონელზე, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის საღვთო რომის იმპერატორი კარლ VII;
  3. ლუიზა მარგარეტე ანტონია (დ. 18 სექტემბერი, 1663 — გ. 10 ნოემბერი, 1665), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ლუდვიგ ამადეუს ვიქტორი (დ. 6 აპრილი, 1665 — გ. 11 დეკემბერი, 1665), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (4 აგვისტო, 1666);
  6. კაიეტან მარია ფრაცი (დ. 2 მაისი, 1670 — გ. 7 დეკემბერი, 1670), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  7. იოზეფ კლემენტე (დ. 5 დეკემბერი, 1671 — გ. 12 ნოემბერი, 1723), კელნის კურფიურსტ-არქიეპისკოპოსი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. ვიოლანტე ბეატრისი (დ. 3 აპრილი, 1673 — გ. 3 ივნისი, 1731), ცოლად შერთეს ტოსკანის დიდ პრინც ფერდინანდო მედიჩის, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;

გარდა ამისა, მან სამჯერ განიცადა მუცლის მოშლა: 1661 წლის ივნისში, 1664 წლის მარტსა და 1674 წელს.

  • 6 ნოემბერი, 1636 - 8 დეკემბერი, 1650: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი;
  • 8 დეკემბერი, 1650 - 27 სექტემბერი, 1651: მისი სამეფო უმაღლესობა ბავარიის პრინცესა ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი;
  • 27 სექტემბერი, 1651 - 13 ივნისი, 1676: მისი სამეფო უმაღლესობა ბავარიის კურფიურსტი ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი;
  • Preuß: Henriette Adelheid, Kurfürstin von Baiern [In:] Allgemeine Deutsche Biographie (ADB). vol. 50, Duncker & Humblot, Leipzig 1905, pp. 198–200.
  • Roswitha von Bary: Henriette Adelaide. Kurfürstin von Bayern. Pustet, Regensburg 2004, ISBN 3-7917-1873-8.
  • Cornelia Kemp: Das Herzkabinett der Kurfürstin Henriette Adelaide in der Münchner Residenz. Eine preziöse Liebeskonzeption und ihre Ikonographie [In:] Münchner Jahrbuch der bildenden Kunst 33, 1982, ISSN 0077-1899, pp. 131–154.
  • Reinhold Baumstark: Abbild und Überhöhung in der höfischen Malerei unter Henriette Adelaide und dem jungen Max Emanuel [In:] Hubert Glaser: Kurfürst Max Emanuel. Bayern und Europa um 1700. vol. I: Zur Geschichte und Kunstgeschichte der Max-Emanuel-Zeit. Hirmer, Munich 1976, ISBN 3-7774-2790-X, pp. 171–205.
  • Else Strobl (1953), "Adelheid (Henriette Maria Adelaide)", Neue Deutsche Biographie (NDB), 1, Berlin: Duncker & Humblot, pp. 58–59; (full text online)