ანა დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა დ’ესტე
Anna dEste Versailles.jpg
წოდებები
გიზის ჰერცოგინია
ნამიურის ჰერცოგინია
დაიბადა 16 ნოემბერი, 1531
ფერარა, იტალია
გარდაიცვალა 17 მაისი, 1607, (75 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო ესტეები
მეუღლე(ები) ფრანსუა, გიზის ჰერცოგი
ჟაკი, ნამიურის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ათი შვილი
მამა ერკოლე II, მოდენის ჰერცოგი
დედა რენე დე ვალუა
რელიგია კათოლიციზმი

ანა დ’ესტე (იტალ. Anna d'Este, ფრანგ. Anne d'Este; დ. 16 ნოემბერი, 1531, ფერარა, იტალია — გ. 17 მაისი, 1607, პარიზი, საფრანგეთი) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. ფერარისა და მოდენის ჰერცოგ ერკოლე II-ისა და რენე დე ვალუას ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის შვილიშვილი. ფრანსუა დე გიზის მეუღლე და ანრი დე გიზის დედა. საფრანგეთის რელიგიური ომების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1531 წლის 16 ნოემბერს ფერარაში. იგი იყო ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე II-ისა და მისი მეუღლის, რენე დე ვალუას უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ჰერცოგი ალფონსო I და მისი მეორე ცოლი, რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ასული ლუკრეცია ბორჯია ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე ლუი XII და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ანა ბრეტონელი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი).

ფერარის კარზე მან კარგი განათლება მიიღო, უკვე 1548 წლიდან კი დაიწყო მისი საქორწინო მოლაპარაკებები. 1548 წლის 28 სექტემბერს იგი დანიშნეს ჰერცოგ ფრანსუა დე გიზზე, რომელზეც ამავე წლის 16 დეკემბერს დაქორწინდა პარიზში. ამის შემდეგ იგი მშობლიურ იტალიაში აღარასოდეს ჩასულა.

ანა დ’ესტე

კათოლიკობის დამცველ ფრანსუაზე ქორწინებით იგი მალევე დაუახლოვდა საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის, რომელიც ანას ღვიძლი დეიდაშვილის, საფრანგეთის მეფე ანრი II-ის მეუღლე იყო. ანა და ეკატერინე მსგავს მოსაზრებებს იზიარებდნენ და სურდათ, რომ ფრანგული მიწებიდან აღმოეფხვრათ პროტესტანტობა. 1550 წელს, მამამთილის დაღუპვის შემდეგ ანა გიზის ჰერცოგინია გახდა და მთელი რიგი პასუხისმგებლობები და მოვალეობებიც დაეკისრა, რომელთა შესრულებაშიც მისი დედამთილი, ანტუანეტ დე ბურბონი ეხმარებოდა.

ანა ასევე ახლოს იყო თავისი ქმრის დისწულ მარიამ სტიუარტთან, შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალთან. 1562 წელს, ფრანსუა დე გიზის ხისტი პოლიტიკის გამო საფრანგეთში რელიგიური ომები დაიწყო, რომელიც ოცდაათ წელს გაგრძელდა. 1563 წელს ფრანსუა დე გიზი ჰუგენოტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ფრანგი ჰუგენოტების ლიდერმა, გასპარ დე კოლინმა მოკლა, რის შემდეგაც ანამაც და მისმა ვაჟმაც, ახალმა ჰერცოგმა ანრი დე გიზმა მასზე შურისძიება დაისახეს მიზნად.

1566 წლის 29 აპრილს, კავშირების გასაძლიერებლად ანა ცოლად გაჰყვა ნამიურის ჰერცოგ ჟაკ სავოიელს, რომელთანაც მან კიდევ სამი შვილი გააჩინა. ჟაკი სავოიის ჰერცოგის ნათესავი და გავლენიანი კათოლიკე იყო, რომელიც დიდად დაეხმარა დე გიზებს. 1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს ღამეს ანას, ეკატერინე მედიჩისა და ანრი დე გიზის თაოსნობით მოეწყო ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რა დროსაც დაიღუპა 10,000-ზე მეტი ჰუგენოტი. ამ ღამეს გიზებმა შური იძიეს ფრანსუას მკვლელობისათვის და ანრიმ საკუთარი ხელით მოკლა და შემდეგ ფანჯრიდან გადააგდო ხანში შესული გასპარ დე კოლინი.

1585 წლის ივნისში გარდაიცვალა ჟაკ სავოიელიც. ამავე წელს ანრიმ ანას წაქეზებით ჩამოაყალიბა კათოლიკური ლიგა, რომლის მეთაურიც თავად გახდა. ასევე დედის წაქეზებით, როგორც ლუი XII-ის შთამომავალმა, ანრი დე გიზმა საფრანგეთის ტახზე განაცხადა პრეტენზია, რითაც მას, მეფე ანრი III-სა და ანრი ნავარელს შორის დაიწყო ტახტისათვის ბრძოლა, ე.წ. „სამი ანრის ბრძოლა“. 1588 წელს ანრი III-მ ანას ვაჟი, ანრი დე გიზი მოაკვლევინა, რის საპასუხოდაც გიზების დაკვეთილმა მკვლელმა 1589 წელს მოკლა მეფე ანრი III, რითაც ვალუას დინასტია შეწყდა და ტახტზე ჰუგენოტი ანრი IV ნავარელი ავიდა, რაც ნამდვილი კატასტროფა იყო ანასა და მისი მომხრეებისათვის. ანამ და მისმა რძალმა, კატრინ კლეველმა მოახერხეს პარიზელთა ამბოხება მეფის წინააღმდეგ და ანრი IV მანამდე არ შეუშვეს დედაქალაქში, სანამ კათოლიკობა არ მიიღო.

1598 წელს ანრი IV-მ ნანტის ედიქტი გააფორმა, რითაც საბოლოოდ დასრულდა რელიგიური ომები. მომდევნო წელს იგი გასცილდა მარგარიტა ვალუას და ტოსკანის დიდი ჰერცოგის ასული მარია მედიჩი შეირთო ცოლად. დედოფალ მარიას, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, ერთობ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანასთან, რის გამოც დედოფალი ყოველთვის სარგებლობდა გიზების მხარდაჭერით. მალევე მან ანა სამეფო სასახლის დიასახლისად დანიშნა.

ანა დ’ესტე გარდაიცვალა 1607 წლის 17 მაისს პარიზში, 75 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქორწინებიდან:

  1. ანრი (1550-1588), გიზის ჰერცოგი. ცოლად შეირთო კატრინ კლეველი, რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი;
  2. კატრინი (1551-1596), ცოლად გაჰყვა მონპესიეს ჰერცოგ ლუი დე ბურბონს, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
  3. შარლი (1554-1611), მაინის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ენრიკეტა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  4. ლუი (1555-1588), რეიმსის არქიეპისკოპოსი და კარდინალი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ანტუანი (1557-1560), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ფრანსუა (1559-1573), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. მაქსიმილიანი (1562-1568), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

მეორე ქორწინებიდან:

  1. შარლ ემანუელი (1567-1595), ნამიურის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. მარგარიტა (1569-1572), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ანრი I (1572-1632), ნამიურის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ანა ლოთარინგიელი, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christiane Coester: Schön wie Venus, mutig wie Mars. Anna d'Este, Herzogin von Guise und von Nemours (1531–1607). Oldenbourg, Munich (2007); ISBN 978-3-486-58028-0.
  • Huguette Leloup: Anne d'Este (1531–1607). Fille aînée de Renée de France, Duchesse de Guise puis duchesse de Nemours, Dame de Montargis. Special issue of the Bulletin de la Société d'Émulation de l'Arrondissement de Montargis. 3rd ser., pp. 119, 2002.
  • Jessica Munns, Penny Richards: Exploiting and destabilizing Gender Roles: Anne d'Este. In: French History. Vol. 6 (1992), pp. 206–215.
  • Matteo Sanfilippo: article: Este, Anna d'. In: Dizionario biografico degli Italiani. Vol. 43, Istituto della Enciclopedia Italiana, Rome (1993), pp. 315–320.