ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი
Kurfüstin Elisabeth Auguste am Spinett.jpg
პფალცის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 31 დეკემბერი, 1742
მმართ. დასასრული: 30 დეკემბერი, 1777
წინამორბედი: ანა მარია ლუიზა მედიჩი
მემკვიდრე: მიუერთდა ბავარიას
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 30 დეკემბერი, 1777
მმართ. დასასრული: 17 აგვისტო, 1794
წინამორბედი: მარია ანა საქსონიელი
მემკვიდრე: მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 იანვარი, 1721
დაბ. ადგილი: მანჰაიმი, გერმანია
გარდ. თარიღი: 17 აგვისტო, 1794, (73 წლის)
გარდ. ადგილი: რაინ-ნეკარი, გერმანია
მეუღლე: კარლ IV, ბავარიის კურფიურსტი
შვილები: ფრანც ლუდვიგ იოზეფ ზულცბახელი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: იოზეფ კარლ ზულცბახელი
დედა: ელიზაბეთ ავგუსტა ნოიბურგელი

ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი (გერმ. Elisabeth Auguste von Sulzbach; დ. 17 იანვარი, 1721, მანჰაიმი, გერმანია — გ. 17 აგვისტო, 1794, რაინ-ნეკარი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტი 1742-1777 წლებში და ბავარიის კურფიურსტი 1777-1794 წლებში როგორც კარლ IV თეოდორის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ ავგუსტა დაიბადა 1721 წლის 17 იანვარს მანჰაიმში. იგი იყო მთავარ იოზეფ კარლ ზულცბახელისა და მისი მეუღლის, პფალცგრაფ კარლ III ფილიპის ასულ ელიზაბეთ ავგუსტა ნოიბურგელის ქალიშვილი. დედამისის მამიდები იყვნენ: ესპანეთის დედოფალი მარია ანა ნოიბურგელი, პორტუგალიის დედოფალი მარია სოფია ნოიბურგელი, პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფია ნოიბურგელი და საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი.

1742 წლის 31 დეკემბერს ელიზაბეთ ავგუსტა მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს, პფალცის კურფიურსტ კარლ IV თეოდორს. ეს ქორწინება მხოლოდ იმიტომ მოეწყო, რომ ზულცბახის ტახტი ვიტელსბახებს შეენარჩუნებინათ და სხვა დინასტიის წარმომადგენლებს არ გამოეთქვათ მასზე პრეტენზია, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე ევროპაში. კარლ თეოდორი აღწერილი იყო როგორც განათლებული და განმანათლებელი კაცი, ხოლო ელიზაბეთ ავგუსტა როგორც ენერგიული, განათლებული, სიამოვნების მოყვარე და არც ისე ღრმა სულიერების მქონე ქალი. ქორწინების პირველი წლების განმავლობაში ელიზაბეთ ავგუსტა მეტად შესამჩნევად დომინირებდა მეუღლეზე, რაც განსაკუთრებით შვიდწლიან ომში გამოვლინდა, სადაც კარლ თეოდორი ფაქტობრივად მისი მითითებებით მოქმედებდა. უკვე 1760 წლიდან კარლ თეოდორი განთავისუფლდა ცოლის დომინაციისაგან.

1762 წლის 28 ივნისს, ოცწლიანი ქორწინების შემდეგ ელიზაბეთ ავგუსტამ პირველი და უკანასკნელი ბავშვი გააჩინა, თუმცა დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ამან მათ ქორწინებაში იმდენად დიდი ბზარი გააჩინა, რომ წყვილი ფაქტობრივად დაშორდა ერთმანეთს და ცალ-ცალკე დაიწყეს ცხოვრება. მეუღლეზე გავლენადაკარგული ელიზაბეთ ავგუსტა ცდილობდა ვაჟის გაჩენას, რათა ძველი სტატუსი აღედგინა, თუმცა ამაოდ. ვინაიდან კარლ თეოდორი მას აღარ ეკარებოდა, ვეღარც დაორსულება მოახერხა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ ელიზაბეთ ავგუსტამ უცნობ მამაკაცთან გააბა რომანი, რომლისგანაც დაორსულდა კიდეც, მაგრამ მუცელი მოეშალა. ამ ფაქტმა მას სამეფო კარზე უკანასკნელი მოკავშირეებიც დააკარგვინა. 1764 წლიდან კარლ თეოდორმა ოფიციალური საყვარელი გაიჩინა მოცეკვავე ფრანსუაზ დესპრე-ვერნუელის სახით. 1766 წლიდან იგი იოზეფა შაიფერტით ჩაანაცვლა, რაც ელიზაბეთ ავგუსტასათვის უდიდესი დამცირება იყო.

პროტესტის ნიშნად ელიზაბეთ ავგუსტა საცხოვრებლად ოგერსჰაიმის სასახლეში გადავიდა. იგი ფაქტობრივად ამ სასახლეში ცხოვრობდა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება. თავისი ქმრის კარს იგი მხოლოდ ერთხელ, 1781 წლის ზამთარში ეწვია, რის შემდეგაც მეუღლე აღარც უნახავს. მას არ მოსწონდა ბავარიის სამეფო კარი, რადგან თავისი გემოვნებისათვის შეუფერებლად თვლიდა, ამიტომაც მიუნხენში მხოლოდ ერთხელ ჩავიდა. მას შემდეგ, რაც 1777 წელს კარლ თეოდორი ბავარიის კურფიურსტი გახდა და მიუნხენში გადასახლდა, ელიზაბეთ ავგუსტა პფალცში საოცრად პოპულარული გახდა.

1793 წელს, საფრანგეთის ჯარების შესვლის გამო ელიზაბეთ ავგუსტამ დატოვა პფალცი და რაინ-ნეკარში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1794 წლის 17 აგვისტოს, 73 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ახალგაზრდა მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტეზე, მაგრამ 1799 წელს უშვილოდ გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 92.
  • Lebenslust und Frömmigkeit, Kurfürst Carl Theodor zwischen Barock und Aufklärung, Handbuch ISBN 3-7917-1679-4 und Ausstellungskatalog ISBN 3-7917-1679-4
  • Karl Kreuter, Kurfüstin Elisabeth Auguste von Pfalz-Bayern 1727 - 1794, Oggersheim 1919