მარგერიტა ალდობრანდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგერიტა ალდობრანდინი
Margarita Aldobrandini, Duchess of Parma by Bartolome Gonzalez, held in the Hermitage collection.jpg
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 მაისი, 1600
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1622
წინამორბედი: მარგარეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარგერიტა მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 მარტი, 1588
გარდ. თარიღი: 9 აგვისტო, 1646, (58 წლის)
მეუღლე: რანუჩო I, პარმის ჰერცოგი
შვილები: ოდოარდო, პარმის ჰერცოგი
მარია, მოდენის ჰერცოგინია
ვიტორია, მოდენის ჰერცოგინია
მამა: ჯოვანი ფრანჩესკო ალდობრანდინი
დედა: ოლიმპია ალდობრანდინი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგერიტა ალდობრანდინი (იტალ. Margherita Aldobrandini; დ. 29 მარტი, 1588 — გ. 9 აგვისტო, 1646) — იტალიელი არისტოკრატი და რომის პაპ კლემენტ VIII-ის ძმისწული. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია 1600-1622 წლებში როგორც რანუჩო I-ის მეუღლე. ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზეს დედა და მისი რეგენტი 1626-1628 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტა დაიბადა 1588 წლის 29 მარტს, რომიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ კაპოდიმონტეში. იგი იყო რომის პაპ კლემენტ VIII-ის ძმის, ჯოვანი ფრანჩესკო ალდობრანდინისა და მისი მეუღლის, ოლიმპია ალდობრანდინის პირველი შვილი.

1600 წლის 7 მაისს, 12 წლის მარგერიტა რომში დააქორწინეს 30 წლის პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო I ფარნეზეზე. მათ ჯვარი თავად რომის პაპმა დასწერა.

ქორწინება მიზნად ისახავდა ფარნეზეებისა და პაპის დაახლოვებას. გარდა ამისა, რანუჩომ იგი ცოლად მისი უზარმაზარი მზითევის გამო შეირთო. დიდი ასაკობრივი სხვაობისა და პატარძლის მცირეწლოვანების გამო, ქორწინების პირველი წლების განმავლობაში რანუჩოს საყვარელი ჰყავდა კლაუდია კოლას სახით. აღსანიშნავია, რომ 1611 წელს კლაუდიას ჯადოქრობაში დასდეს ბრალი და სახალხოდ კოცონზე დაწვეს.

მარგერიტასა და რანუჩოს პირველი შვილი, პრინცი ალესანდრო 1610 წელს დაიბადა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. ამას 1612 წელს მოჰყვა მეორე, ჯანმრთელი ვაჟის, ოდოარდოს გაჩენა. მომდევნო წლებში მარგერიტამ კიდევ ორი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა, რომელთაგან ყველამ მიაღწია ზრდასრულობამდე.

მიუხედავად ყველაფრისა, ქორწინება უიღბლო იყო. მარგერიტას განსაკუთრებით თავისი ქმრის დაუსრულებელი რომანები და მისი უკანონო შვილების დაბადება აღიზიანებდა, რაც წყვილის ურთიერთობაში მუდმივი დავის საგანი იყო.

1622 წელს მარგერიტა დაქვრივდა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, ოდოარდომ დაიკავა. მცირეწლოვანების გამო ოდოარდოს რეგენტი თავდაპირველად მარგერიტას მაზლმა, კარდინალი ოდოარდო ფარნეზე გახდა. 1626 წელს, მისი გარდაცვალების გამო რეგენტი მარგერიტა ხდება. მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1628 წელს ოდოარდო სრულწლოვანი გახდა და რეგენტიც აღარ სჭირდებოდა.

რეგენტობის ჩამორთმევის შემდეგ მარგერიტა პარმის სამეფო კარზე ცხოვრებას განაგრძობდა, სადაც უკანასკნელი წლები სიმშვიდესა და ფუფუნებაში გაატარა. 1646 წელი მისთვის მეტად ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგან ამ წლის 25 ივლისს მისი ქალიშვილი, მარია კატერინა მშობიარობას გადაჰყვა, რაც მარგერიტამ ვერ გადაიტანა და ამავე წლის 9 აგვისტოს თავადაც გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში. ამ ამბიდან ერთ თვეში, 1646 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა ოდოარდო ფარნეზეც.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალესანდრო (1610), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  • ოდოარდო (1612-1646), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ტოსკანის ჰერცოგის ასული მარგერიტა მედიჩი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • მარია კატერინა (1616-1646), ცოლად გაჰყვა მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
  • ვიტორია (1618-1649), მარია კატერინას გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაჰყვა მის ქვრივს, ფრანჩესკო I-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი და გადაჰყვა მასზე მშობიარობას;
  • ფრანჩესკო მარია (1619-1647), კარდინალი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Francesco Luigi Campari, Un processo di streghe in Piacenza (1611-1615), in: Bollettino Storico Piacentino, I, 1906, p. 70-75.
  • Lupis Macedonio M. Aldobrandini (итал.). Libro d’Oro della Nobiltà Mediterranea.