მარია ტერეზა სავოიელი (1803-1879)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ტერეზა სავოიელი
Maria Teresa di Savoia.jpg
პარმის, გუასტალასა და პიაჩენცას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 17 დეკემბერი, 1847
მმართ. დასასრული: 17 მაისი, 1849
წინამორბედი: მარია ამალია ავსტრიელი
მემკვიდრე: ლუიზ მარი ტერეზ არტუელი
ლუკას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1824
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი, 1847
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1803
დაბ. ადგილი: რომი, იტალია
გარდ. თარიღი: 16 ივლისი, 1879, (75 წლის)
გარდ. ადგილი: ვინალე, იტალია
დაკრძ. ადგილი: რომი, იტალია
მეუღლე: კარლო II, პარმის ჰერცოგი
შვილები: ლუიზა
კარლო III, პარმის ჰერცოგი
სრული სახელი: მარია ტერეზა ფერნანდა ფელიჩიტა გაეტანა პია დი სავოია
დინასტია: სავოიელები
მამა: ვიტორიო ემანუელე I, სარდინიის მეფე
დედა: მარია ტერეზა ფონ ჰაბსბურგ-ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ტერეზა სავოიელი (იტალ. Maria Teresa di Savoia; დ. 19 სექტემბერი, 1803 — გ. 16 ივლისი, 1879) — სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და დედოფალ მარია ტერეზა ფონ ჰაბსბურგ-ესტეს ასული. ლუკას ჰერცოგინია 1824-47 და პარმის ჰერცოგინია 1847-89 წლებში როგორც კარლო II-ის მეუღლე. პარმის ჰერცოგ კარლო III-ის დედა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა დაიბადა 1803 წლის 19 სექტემბერს რომში, კოლონას სასახლეში. იგი იყო სარდინიის დევნილობაში მყოფი მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ტერეზა ფონ ჰაბსბურგ-ესტეს ასული. იგი იყო ტყუპისცალი და, შემდგომში ავსტრიის იმპერატრიცა მარია ანა სავოიელისა. ორი ტყუპი პრინცესა თვით რომის პაპმა პიუს VII-მ მონათლა. მათი ნათლიები იყვნენ მათივე ბებია-ბაბუა — ერცჰერცოგი ფერდინანდ ფონ ჰაბსბურგ-ესტე და პრინცესა მარია ბეატრიჩე რიკარდა დ'ესტე.

მარია ტერეზამ თავისი ბავშვობა სარდინიის სამეფოში შემავალ კუნძულ კილიარზე გაატარა, საიდანაც მისი ოჯახი საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ს ებრძოდა. 1814 წელს, ნაპოლეონის დაცემის შემდეგ მამამისმა დაიბრუნა პიემონტის მმართველობა და მათი ოჯახი ტურინში დაბრუნდა. მარია ტერეზას იმედი ჰქონდა, რომ იგი თავის ბიძაშვილ კარლო ალბერტო სავოიელზე დაქორწინდებოდა, თუმცა 1817 წელს მან ცოლად ტოსკანის დიდი ჰერცოგის ასული შეირთო.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820 წლის 5 სექტემბერს მარია ტერეზა ცოლად შერთეს ლუკას პრინც კარლო ლუდოვიკო პარმელს, რომელთანაც მრავალწლიანი ქორწინებიდან, მხოლოდ ორი შვილი შეეძინა:

  1. ლუიზა (1821-1823), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. კარლო III (1823-1854), პარმის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ლუიზ მარი ტერეზ არტუელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;

მარია ტერეზა აღწერილია როგორც მაღალი, მშვენიერი, მაღალი წარმომავლობითა და მელანქოლიური ხასიათით. მისი ქმარი კარლო ლუდოვიკოც საკმაოდ ათლეტური აღნაგობისა და სიმპათიური მამაკაცი იყო, რის გამოც ისინი ევროპის ყველაზე მომხიბვლელ და შესაფერის წყვილად ითვლებოდნენ. საუბედუროდ, რამდენადაც ფიზიკურად უხდებოდნენ ერთმანეთს, იმდენადვე ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს ხასიათით. მარია ტერეზა, როგორც ღრმად რელიგიური ქალი, ლუკას საჰერცოგოს კათოლიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და აქ პაპის ძალაუფლების გაზრდას ცდილობდა. კარლო ლუდოვიკო კი მას გამუდმებით აიგნორებდა. აღსანიშნავია, რომ წყვილმა თავიანთი ქორწინების უდიდესი ნაწილი ერთმანეთისგან განცალკევებით გაატარა.

1824 წლის 13 მარტს კარლოს დედა, ლუკას ჰერცოგინია მარია ლუისა ესპანელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰერცოგი კარლო II ხდება, მარია ტერეზა კი ლუკას ჰერცოგინიად გვევლინება. იგი ყველანაირად ცდილობდა სამეფო კარზე რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრება შეეტანა, რასაც დიდი წინააღმდეგობით შეხვდა აღვირახსნილობასა და გარყვნილებას ნაჩვევი მისი ქმარი და სრულიად არისტოკრატია. ამის შემდეგ, ისინი საბოლოოდ განშორდნენ ერთმანეთს და მარია ტერეზამ სამეფო სასახლე დატოვა. ამის შემდეგ, იგი კარლოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებისას დაჰყვებოდა თან.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად მას მაინც ჰქონდა იმედი, რომ კარლო სამეფო კარზე დაბრუნებას სთხოვდა, რის გამოც იგი ჯერ სამეფო სასახლესთან ახლოს მდგარ ვილა დი მარილაში დაბინავდა, თუმცა მოწვევა არ მიუღია. იგი აქ ყოფნისას დიდად დაუახლოვდა ბერ-მონაზვნებს, რომლებმაც იგი დაარწმუნეს, რომ მთელი თავისი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა. 1840 წლიდან, იგი პიანორეს რელიგიურ დაწესებულებაში ცხოვრობდა. ამის შემდეგ იგი მთლიანად მოსწყდა თავისი ოჯახის ცხოვრებას და მხოლოდ 1845 წელს გამოჩნდა, როდესაც იგი თავისი ერთადერთი ვაჟისა და საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილ ლუიზ მარი ტერეზა არტუელის ქორწინებას დაესწრო.

1847 წლის 17 დეკემბერს პარმის ჰერცოგინია და წარსულში საფრანგეთის იმპერატრიცა მარია ლუიზა ავსტრიელი გარდაიცვალა, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით კი პარმის ჰერცოგი მარია ტერეზას ქმარი გახდა. ამის შემდეგ ლუკას ჰერცოგობა მათმა ვაჟმა მიიღო, კარლო II კი მარია ტერეზასთან ერთად პარმაში გადასახლდა, სადაც 1848 წელს რევოლუცია მოხდა. 1849 წელს კარლო II იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე თავისი ვაჟის სასარგებლოდ და იტალია დაეტოვებინა, თუმცა რევოლუციონერებმა მის ცოლს იტალიაში დარჩენის ნება დართეს.

1854 წელს, მას შემდეგ რაც მისი ვაჟი გარდაიცვალა, მარია ტერეზა თავის ვიარეჯოს ვილაში დასახლდა. აქ მან თავისი საყვარელი ვაჟის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი ააგო. მოგვიანებით იგი ქალაქ ვინალეს წმინდა მარტინის სახელობის ვილაში დასახლდა და უკანასკნელი წლები გლოვასა და ღვთის მსახურებას შეალია. მარია ტერეზა სავოიელი გარდაიცვალა 1879 წლის 16 ივლისს, 75 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ricardo Mateos Sainz de Medrano: Changing Thrones: Duke Carlo II of Parma, in: Royalty History Digest, Bd. 3, Nr. 1, Juli 1993, S. 99.
  • Elvio Ciferri: Maria Teresa di Savoia. In: Mario Caravale (Hrsg.): Dizionario Biografico degli Italiani (DBI). Band 70: Marcora–Marsilio. Istituto della Enciclopedia Italiana, Rom 2007, S. 345–347.