მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 29 აპრილი, 1660
მმართ. დასასრული: 29 აპრილი, 1663
წინამორბედი: მარგერიტა მედიჩი
მემკვიდრე: იზაბელა დ’ესტე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ნოემბერი, 1635
დაბ. ადგილი: ტურინი, იტალია
გარდ. თარიღი: 29 აპრილი, 1663, (27 წლის)
გარდ. ადგილი: პარმა, იტალია
მეუღლე: რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
დინასტია: სავოიელები
მამა: ვიტორიო ამადეო I, სავოიის ჰერცოგი
დედა: კრისტინა მარია ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი (იტალ. Margherita Violante di Savoia; დ. 15 ნოემბერი, 1635, ტურინი, იტალია — გ. 29 აპრილი, 1663, პარმა, იტალია) — სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და კრისტინა მარია ფრანგის ქალიშვილი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია 1660-1663 წლებში როგორც რანუჩო II ფარნეზეს პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტა ვიოლანტე დაიბადა 1635 წლის 15 ნოემბერს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა კრისტინა მარია ფრანგის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია სავოიის ჰერცოგი კარლო ემანუელე I და ინფანტა კატალინა მიკაელა ესპანელი (ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ელიზაბეტ ვალუას ასული), ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV და დედოფალი მარია მედიჩი იყვნენ.

1637 წელს მარგერიტას მამა გარდაიცვალა, ტახტი კი მისმა მცირეწლოვანმა ძმამ, ფრანჩესკო ჯაკინტომ დაიკავა, რომლის რეგენტიც დედამისი გახდა. მარგერიტა სავოიის საჰერცოგოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპოქაში იზრდებოდა. სულ მალე მისმა ბიძებმა და ძმამ დაამხეს კრისტინა მარიას რეგენტობა და თავად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, რასაც სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა.

ამგვარ პირობებში კრისტინა მარიამ თავისი ქალიშვილების გათხოვებით განიზრახა მოკავშირეთა შეძენა. ამ მიზნით მან თავისი ასული ჰენრიეტა ადელაიდა 1650 წელს მიათხოვა ბავარიის კურფიურსტს, რის შემდეგაც მარგერიტა ვიოლანტეს ჯერიც დადგა. თავდაპირველად კრისტინა მარია მის თავის ძმისწულზე, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ზე დაქორწინებას გეგმავდა.

ლუი XIV-ის ცოლობისათვის ბევრი ევროპელი პრინცესა იბრძოდა, თუმცა მარგერიტა ვიოლანტეს ყველაზე ძლიერი კონკურენტი მისივე დეიდაშვილი, ესპანეთის მეფის ასული მარია ტერეზა ესპანელი იყო. ამ პერიოდში მიმდინარეობდა საფრანგეთ-ესპანეთის ომი, რომლის დამთავრების საუკეთესო გზაც დინასტიურ ქორწინებაზე გადიოდა, ამიტომაც მარგერიტას შანსები შედარებით მცირე იყო. სასოწარკვეთილმა კრისტინა მარიამ მარგერიტა თავად გაუშვა საფრანგეთში, რათა მეფისათვის შეეყვარებინა თავი და ასე მაინც მოეხერხებინა მასზე ქორწინება. ამ მიზნით მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი 1658 წლის 26 ოქტომბერს ლიონში შეხვდა ლუის. აქ იგი მეფის გარდა შეხვდა დედა-დედოფალ ანა ავსტრიელს, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს, დიდ მადმუაზელ ანა მარი ლუიზ ორლეანელსა და მარია მანჩინს.

მარგერიტა ვიოლანტემ ფრანგებზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს უკვე გადაეწურა თავისი ქალიშვილისა და ლუის დაქორწინების იმედი. სავოიელმა პრინცესამ ფრანგები თავისი გარეგნობითა და მანერებით მალევე მოხიბლა.

საბოლოოდ, ესპანეთის მეფემ დიდი ელჩობა გაუგზავნა ლუის და მოელაპარაკა. მან დაარწმუნა, რომ მარია ტერეზას დედოფლობისა და მეუღლეობისათვის ყველა საჭირო თვისება ჰქონდა, პორტრეტიც გაუგზავნა, რითაც დადასტურდა, რომ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, საბოლოოდ კი დაუმატა, რომ მარია ტერეზას მზითვში სადავო რუსილონის მხარესა და დამატებით 500,000 ლივრს ატანდა. ცხადია, ესპანეთის უზარმაზარი იმპერიის შეთავაზებამ გადაწონა გაღატაკებული და ომებში ჩაფლული სავოიელების შეთავაზება, რის გამოც ფრანგებმა მარგერიტა ტურინში დააბრუნეს. 1660 წლის 9 ივნისს ლუი XIV-მ ცოლად მარია ტერეზა ესპანელი შეირთო, რომელიც საფრანგეთის ახალი დედოფალი გახდა.

დაბრუნებული მარგერიტა ვიოლანტე დედამისმა სასწრაფოდ, 1660 წლის 29 აპრილს დააქორწინა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II ფარნეზეზე. წყვილს სულ ორი შვილი შეეძინა, თუმცა ორივე მალევე გარდაიცვალა. პირველი მკვდარი ქალიშვილი იყო, ხოლო მეორე ვაჟი, რომელმაც ერთ დღეს იცოცხლა.

გათხოვებიდან მალევე, 1663 წლის 29 აპრილს, ქორწინების მესამე წლისთავზე მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი გარდაიცვალა, 27 წლის ასაკში. ამის შემდეგ რანუჩომ კიდევ ორჯერ იქორწინა. პირველად მოდენის ჰერცოგის ასულ იზაბელა დ’ესტეზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი მისივე დაზე, მარია დ’ესტეზე.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stefano Torselli, Luigi XIV re di Francia, su baroque, arte e cultura nel periodo barocco. URL consultato il 19 ottobre 2019.
  • Patrizia Guariso, Storia e storie di Torino e Taurinia