დიმიტრი შევარდნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი შევარდნაძე
Dimitri Shevardnadze.jpg
დიმიტრი შევარდნაძე 1930 წელს
დაიბადა 1 დეკემბერი, 1885
დაბადების ადგილი ბახვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა დეკემბერი, 1937
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
ცნობილი ნამუშევრები „ნატიურმორტი ვარდებით“, „ქალი ფანჯარასთან საკერავით“

დიმიტრი შევარდნაძე (დ. 1 დეკემბერი, 1885, ბახვი — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი. დიდი მუშაობა გასწია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების და ნიკო ფიროსმანის სურათების გამოფენაში, თავმოყრაში, შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

მისი მეუღლე იყო ქეთევან მაღალაშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გურიის სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში. 1906 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის ქვანახშირის სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად.

მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907-1912 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ ოტო ზეიცის კლასში. დანიშნული სტიპენდია მას არ ჰყოფნიდა ატელიეს, მოდელის, საღებავების და სხვა ხარჯების დასაფარად. ამიტომ იგი ფოტოგრაფთან მუშაობდა რეტუშორად და თავადაც მიჰყო ხელი ფოტოსაქმეს. ის მუშაობდა ჭიათურის სამთ-ტექნიკური სასწავლებლის ეკლესიის კანკელის მოხაატულობაზე, გარდა ამისა, ხატავდა კარიკატურებს ქართული იუმორისტული ჟურნალის „მათრახი და სალამურისთვის“. მიუხედავად ხელმოკლეობისა, შრომობდა თავდაუზოგავად. ერთხელ დრეზდენის გალერეაში მან აღფრთოვანებაში მოიყვანა რუმინეთის მეფე, ხელოვნების ცნობილი მოყვარული, როცა აკეტებდა კორეჯოს ნახატის „მინდა ღამის“ რეპროდუქციას. 1912 წელს მან დაამთავრა სამხატვრო აკადემია, მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს. 1916 წელს საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოში იყო ყველა კულტურული მოვლენის მოთავე ან მონაწილე. მისი თაოსნობით 1916 წელს დაარსდა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“, რომელიც იყო მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში. დამფუძნებელ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საზოგადოებამ სტიპენდიები დაუნიშნა ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს: ლადო გუდიაშვილს, შალვა ქიქოძეს, ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძეს, შალვა ხმალაძეს და სხვებს. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში (რომლის ნამდვილ წევრად ერთხმად აირჩიეს 1911 წელს).

აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართულ ისტორიულ ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. შევარდნაძეს ფიროსმანი მიაჩნდა ეროვნულ მხატვრად, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირი შენარჩუნებული ძველ ქართულ კედლის მხატვრობასთან. 1916 წელს მან მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა. მიუხედავად სურვილისა, ვერ შეძლო გამოფენის გატანა საზღვარგარეთ. მან სამხატვრო გალერეას გადასცა ფისორმანის სხვადასხვა დროს შეძენილი 11 სურათი, რითაც საფუძველი ჩაუყარა მხატვრის ნაწარმოებების დიდ კოლექციას.

შევარდნაძის თაოსნობით 1916 წელს მოეწყო ექსპედიცია სოფელ ნაბახტევში, იქაური ღვთიმშობლის ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად, სადაც დარჩენილი იყო XV საუკუნის დასაწყისის (1412-1431) ფრესკები ამირეჯიბთა საგვარეულო პორტრეტებით. ეკლესიის მხატვრობის ეს პირები გამოიფინა დიდების ტაძარში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მისივე ინიციატივით ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში. მოგვიანებით, 1935 წელს მისი ინიციატივით, მხატვარ-რესტავრატორ შალვა აბრამიშვილთან ერთად, კედელს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანა.

1917 წელს იყო ინიციატორი სამხრეთ საქართველოში ექსპედიციის მოწყობისა, რომელშიც თავად რიგით წევრად მონაწილეობდა და რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი (დახატა რამდენიმე ვარიანტი). 1920 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ეროვნული სამხატვრო გალერეა. მან მთელ საქართველოში შეაგროვა მხატვრობის ნიმუშები, რომელთაგან ზოგს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს ყიდულობდა და გადასცა გალერეას. მან თავი მოუყარა XIX საუკუნის თბილისური, სპარსული და დასავლური მხატვრობის ბევრ ღირსშესანიშნავ ნიმუშს. მან დატოვა თავისი ბინა ღუნიბის (ახლანდელი ბარნოვის) ქუჩაზე და გალერეის სარდაფში დასახლდა. თავისი ბინა დაუთმო მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს. მათ ერთმანეთი 1919 წელს გაიცნეს. კოლექციის გაფართოების გამო აუცილებელი იყო მუზეუმის გადატანა. შევარდნაძის ინიციატივით საქართველოს ხელოვნების მუზეუმი 1933 წელს გადაიტანეს მეტეხის ციხეში, ხოლო თავად ციხე კი — ორთაჭალაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით 1933 წლის ნოემბერში დიდი მიტინგი ჩატარდა. მიტინგზე მეტეხის ციხის ყოფილმა კომენდანტმა ციხის გასაღები ახალი მეტეხის დირექტორს, დიმიტრი შევარდნაძეს გადასცა. „ეს ციხე უნდა ვაქციოთ ახალ ლუვრად“ — ამბოდა შევარდნაძე.

1920-იან წლებში იგი იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ. მანვე შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფოსტო მარკებისა და ფულის ნიშნების ესკიზები. 1925 წელს, როგორც საქართველოს განსახკომთან შექმნილი ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი შექმნა.

რეპრესია და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ლავრენტი ბერიას გადაწვეტილებით, 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ტაძარი და მის ადგილას დადგმულიყო რუსთაველის ძეგლი. გადაწყვეტილებას წინა აღუდგნენ ქართველების გარკვეული ნაწილი, მათ შორის შედიოდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, ხოლო შემდეგ პრესაში დაიწყო კამპანია მის წინააღმდეგ. შევარდნაძე დააპატიმრეს, ხოლო მუზეუმის ახალმა დირექტორმა შევარდნაძის არასამუზეუმო ექსპონატებად მიჩნეული ნივთები მუზეუმის ეზოში საჯაროდ დააწვევინა. დახვრიტეს 1937 წლის დეკემბერში. რეაბილიტირებულია 1956 წლიდან.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, რომელთა შორის გამოირჩევა: „ავტოპორტრეტი“ (1910), „ნატიურმორტი ვარდებით“ (1913), „ქალი ფანჯარასთან საკერავით“ (1913), „მოხუცი პროფილში“ (1914), „მათემატიკის მასწავლებელი“ (1918).

შევარდნაძე იყო ერთ-ერთი პიონერი ქართული სათეატრო და კინოს მხატვრობისა. მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები (1924, რეჟ. კოტე მარჯანიშვილის), მ. ბალანჩივაძის ოპერის „თამარ ცბიერისა“ (1926) და დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919) კოსტუმების ესკიზები, პირველი ქართული პანტომიმის (თ. ვახვახიშვილის „მზეთამზე“, 1929) კოსტიუმებისა და ბუტაფორიების ესკიზები. შევარდნაძე იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – „ქრისტინეს“ (1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: „ვინ არის დამნაშავე?“ (1925), „ელისო“ (1928), „ჯანყი გურიაში“ (1929).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 24

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: