არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლესია

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით — მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა.

ეკლესია, კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე — რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2 X 8,2 ), შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე გაშლილია; განიერი საკურთხეველი და მის წინ ბემა კიდევ უფრო ზრდის სივრცეს. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში — ორი.

ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

კარიბჭეს (3,6 X 5,19 ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა.

მინაშენი (10,8 X 3,2 ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა; სამხრის მხარეს კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადთან ამოყვანილ ვიწრო (0,27 ) კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში — ორი.

სამრეკლო

საძვალე (3,7 X 3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). წარწერა ეკლესიის თანადროულია. პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ისტორიული პირების მოხედვით იგი 1150-1178 წლებით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული XII საუკუნის მეორე ნახევარში.

ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულის (მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია. მეორე სართული - რვაწახნაგა ფანჩატური რვა ღია თაღით — გადახურულია კამარით. მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]