გოროვნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის ეკლესია

გოროვნის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროვანში. მდებარეობს სოფლის განაპირას, წარწერის თანახმად აგებულია 1830 წელს.

ეკლესია დარბაზულია (10,14 X 5,43 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთის მხარესაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც მარტივი ფორმის პილასტრებზე დაყრდნობილ ორ თაღსა და დასავლეთის კედელს ეყრდნობა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. მოგვიანებით ორივე კედელზე ერთი სარკმელი გადაუკეთებიათ, ხოლო მეორე ამოუშენებიათ. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აფსიდის კონქში შემორჩენილია XX საუკუნის მხატვრობა.

დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის არქიტრავზე ჯვარია ამოკვეთილი. არქიტრავის ზემოთ ქვისთაღიანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია თეთრი ქვის სწორკუთხა ფილები მხედრული წარწერით, რომელშიც აღნიშნულია ეკლესიის აგების თარიღი და მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი (თედო). ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე 0,12 მ სიღრმის სამ-სამი ნიშია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი თაღოვანია. ეკლესიას აგურის ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთ მხარეს მცირე ზომის სამრეკლო დაუშენებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]