მისაქციელის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისაქციელის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის მისაქციელში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (12,4 X 7,5 მ), ნაგებია აგურით. ადგილ-ადგილ რიყის ქვაცაა გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთით მიშენებული კარიბჭიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია წყვილი პილასტრით. საკურთხეველში, აღმოსავლეთ კედლის ღერძზე ერთი ფართო, შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სამ-სამი სარკმელია გრძივ კედლებში. გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. შესასვლელის ზემოთ სამრეკლოს მეორე სართულზე ასასვლელი თაღოვანი ხვრელობია. იატაკი მოსწორებულია ცემენტის ხსნარით. შიგნიდან ეკლესია შელესილია.

ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო, რომელიც სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. თაღები ორ თავისუფლად მდგომ ბოძსა და ეკლესიის კედლის ორ პილასტრს ეყრდნობა.

ეკლესიის ფასადები ძირითადად მორთულია სწორკუთხა შეღრმავებებითა და ჯვრებით. გრძივ ფასადებზე პილასტრებია, რომელთა შორის, თითო სწორკუთხა შეღრმავებაში თითო სარკმელია. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის საფეხურიანი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]