შინაარსზე გადასვლა

მცხეთის წმინდა დემეტრეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანორამული ხედი

მცხეთის წმინდა დემეტრე თესალონიკელის ეკლესია — ეკლესია საქართველოში. მდებარეობს მცხეთიდან დასავლეთით ორიოდე კმ-ის დაშორებით, კოდმანის ზეგანზე. XI-XII სს-ში აგებული და რამდენიმეჯერ გადაკეთებული ეს ორქანობიანი, ფლეთილი ქვის ეკლესია განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულებით არ გამოირჩევა. იგი მარტივი ტიპის დარბაზული ნაგებობაა, თუმცა, მის მნიშვნელობას საინტერესო ლანდშაფტური გარემო განაპირობებს.

ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზი უსწორო ნახევარწრის ფორმის კამარითაა გადახურული. კამარას შუაში აქვს საბჯენი თაღი, რომელიც კამარის ქუსლებთან ჩასმულ იმპოსტისმაგვარ შვერილებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველში დგას მასიური სატრაპეზო ქვა (სხვა ეკლესიიდან აქ გადმოტანილი საკურთხევლისწინა ჯვრის პოსტამენტი). საკურთხეველში სარკმელთან ჩასმულ ქვაზე (ასევე გადმოტანილია სხვა ძეგლიდან) წითელ საღებავგადასმული ასომთავრული წარწერაა.

ტაძარში შემონახული იყო საკურთხევლისწინ აღსამართი ჯვრის კვარცხლბეკი რომელიც გამოიყენებოდა ტრაპეზის ქვად. იქვე ინახებოდა ადრექრისტიანული ხანის რელიეფური კვეთილობით შემკული ქვაჯვარის კაპიტელი. ეს ქვები ახლა ეკლესიის სამხრეთ ფასადთან დგას. ეკლესია მოხატული ყოფილა. ფერწერის ნაშთები შემორჩენილია აბსიდთან.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 270.
  • ბულია მ., ჯანჯალია მ., ხოშტარია დ., 2006: საქართველოს ძველი ქალაქები, მცხეთა, თბილისი, გვ. 97;
  • Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Г., 1960: Окрестности Тбилиси, Тбилиси, ст. 24.