ბოსნიის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოსნიის სამეფო
Bosansko kraljevstvo

1377–1463
 

მმართველი დინასტიის გერბი

ბოსნიის სახელმწიფოს გაფართოება 11801391
დედაქალაქი ვისოკო
იაიცე
ბობოვაცი
ენები სამხრეთსლავური
რელიგია კათოლიციზმი
მთავრობა სამეფო
მეფე
 -  13771391 სტეპან ტვრტკო I
 -  13911395 სტეპან დაბიშა
 -  13981404;
1409 - 1418
სტეპან ოსტოია
 -  14041409;
14211443
სტეპან ტვრტკო II
 -  14181421 სტეპან ოსტოიჩი
 -  14431461 სტეპან ტომაში
 -  14611463 სტეპან ტომაშევიჩი
დედოფალი-რეგენტი
 -  13951398 ელენა უხეში
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  ტვრტკოს მეფედ კურთხევა 26 ოქტომბერი 1377
 -  ოსმალური ანექსია 5 ივნისი 1463
დღეს ამ ტერიტორიაზე ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ხორვატიის დროშა ხორვატია
სერბეთის დროშა სერბეთი
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო

ბოსნიის სამეფო (სერბ-ხორ. Bosansko kraljevstvo / Босанско краљевство) — შუა საუკუნეები მონარქია ბალკანეთში, რომელიც ბოსნიის საბანოს (11541377) გაძლიერების შედეგად წარმოიშვა. მისმა სოციალ-ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა გავლენამ დიდი ეფექტი მოახდინა მთელს რეგიონზე და ზოგადად ბალკანეთის ისტორიაზე.[1]

ბოსნიის საბანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის საბანო იყო შუა საუკუნეების სახელმწიფო, რომელიც თავისი ძლიერების ზენიტში თანამედროვე ჩრდილოეთ ბოსნიის ტერიტორიას ფლობდა. ოფიციალურად ბოსნიის ბანები ბან კულინის (11801204) შემდეგ უნგრეთის სამეფოს ვასალები იყვნენ, მაგრამ რეალურად ისინი დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ.[2][3] ბოსნიის საბანო არსებობდა 1377 წლამდე, ვიდრე ბანი ტვრტკო კოტრომანიჩი მეფედ არ ეკურთხა სტეპან ტვრტკო I-ის სახელით.

ტვრტკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1353 წელს ბოსნიის საბანოს მმართველი გახდა 15 წლის ტვრტკო კოტრომანიჩი. 1363 წელს მოუვიდა უთანხმოება უნგრეთის მეფე ლაიოშთან, დაწყებული კონფლიქტი ბოსნიელთა წარმატებით დასრულდა და ბოსნიისთვის ხელსაყრელი დაზავებაც დაიდო. 1366 წელს აჯანყებულებმა შეავიწროვეს ტვრტკო, მაგრამ მან მოახერხა მათი დამარცხება. 1372 წელს ტვრტკო კავშირს კრავს სერბ თავადთან, ლაზარ ხრებელანოვიჩთან, რომელთან ერთადაც ლაშქრობს მეორე მსხვილი სერბი ფეოდალის, ნიკოლა ალტომანოვიჩის წინააღმდეგ. ალტომანოვიჩს პარალელურად თავს ესხმის ჯურაჯ ბალშიჩი, ზეტას თავადი. ტვრტკომ შემოიერთა ზახუმლე, დრინისა და ლიმის ხეობები, ონოგოშტისა და გაცკოს მხარეები. ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა სერბული მონასტერი მილეშევა, სადაც პატრიარქ სავას ნეშტი იყო დასვენებული.[2]

მეფედ კურთხევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1377 წელს ტვრტკომ ბალშიჩი დაამარცხა და დრაჩევიცა, ტრებინე და კონავლეც შემოიერთა. იმავე წლის 26 ოქტომბერს ტვრტკო ეკურთხა მილეშევას მონასტერში "სერბიის, ბოსნიის, ზღვისპირეთისა და დასავლეთის მიწების" მეფედ.[4] სერბული ტერიტორიების დაკავება, მათ შორის უმნიშვნელოვანესი მილეშევას მონასტრისა, ასევე ის ფაქტი, რომ ტვრტკოს ბებია სერბეთის მმართველი ნემანიჩების დინასტიიდან იყო, რომელიც სტეფან უროშ V-ის გარდაცვალებისას შეწყდა 1371 წელს, ტვრტკოს იმედს აძლევდა რომ იგი სერბული ტახტის დაკავებასაც შეძლებდა. ტვრტკოს კორონაციისას გვირგვინი თავად ლაიოშმა გამოგზავნა.[2]
კორონაციის ადგილი სადავოა. მკვლევართა ერთი ნაწილის - მაგალითად ჩოშკოვიჩის, ანჯელიჩის, ლოვრენოვიჩის, ფილიპოვიჩის – აზრით, ტვრტკო მეფედ ეკურთხა მილეში, ვისოკოს მახლობლად, ბიძამისის, ბოსნიის ბან სტეპან II კოტრომანიჩის აგებულ ეკლესიაში.[2][5] სერბი მკვლევარების აზრით კი იგი მილეშევას მონასტერში აკურთხა მეფედ მილეშევას მიტროპოლიტმა.[6] თუმცა ტვრტკოს მისწრაფება სერბული ტახტის დაკავებისა არ განხორციელდა, რადგან სერბეთში გაძლიერდა მისი ყოფილი მოკავშირე ლაზარ ხრებელანოვიჩი.[2] სერბულმა ეკლესიამ ხრებელანოვიჩს დაუჭირა მხარი, რამაც გადაწყვიტა ეს საკითხი და ტვრტკოს პრეტენზიები სერბულ ტახტზე პრეტენზიებად დარჩა.[7] მან ექსპანსია დასავლეთით განაგრძო, შემოიერთა ხორვატიისა და დალმაციის ნაწილი. სიცოცხლის ბოლოს მისი ტიტული იყო "მეფე ბოსნიისა, სერბიისა, ხორვატიისა, ხუმისა, უსორისა, სოლისა, დალმაციისა, დონი კრაისა." გარდაიცვალა 1391 წელს.

შემდგომი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტვრტკო მისმა ძმამ, სტეპან დაბიშამ შეცვალა. მისი მმართველობიდან ბოსნიის სამეფომ დაღმასვლა დაიწყო – ფეოდალები ფაქტობრივად არ ემორჩილებოდნენ სამეფო ხელისუფლებას. სიგიზმუნდსა და ვლადისლავს შორის უნგრეთის ტახტის გამო გამართულ დაპირისპირებაში დაბიშა ცდილობდა მანევრირებას მოწინააღმდეგეებს შორის, რომ შეენარჩუნებინა ტვრტკოს მონაპოვარი, მაგრამ გამარჯვებული სიგიზმუნდი შეიჭრა ბოსნიაში და აიძულა დაბიშა ეცნო თავი სიგიზმუნდის ვასალად, უნგრეთის სამეფოსთვის დალმაციის ნავსადგურები გადაეცა და სიგიზმუნდი თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა.
1395 წელს დაბიშა გარდაიცვალა. ტახტი სიგიზმუნდს ეკუთვნოდა, რომელიც დაბიშამ გამოაცხადა თავის მემკვიდრემ, მაგრამ მოხდა შემდეგი კაზუსი – სიგიზმუნდს გადაეცა ტახტზე მემკვიდრეობა, როგორც დაბიშას ბიძაშვილის, მარიას მეუღლეს. მარია დაბიშის სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე გარდაიცვალა, ამიტომ ბოსნიელმა ფეოდალებმა უარი თქვეს სიგიზმუნდი მეფედ მიეღოთ. ტახტი დაიკავა დაბიშას ცოლმა ელენა გრუბამ.[2] ელენა სამი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, მის პერიოდში მსხვილ ფეოდალთა დაუმორჩილებლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, დაწინაურდნენ ფაქტობრივად დამოუკიდებელი თავადები – სანდალ ხრანიჩი, ხრვოიე ვუკჩიჩი, პავლე რადენოვიჩი და სხვები. 1398 წელს უცნობი მიზეზების გამო, სავარაუდოდ მისი ნათესავებისა და ბოსნიელი მსხვილი ფეოდალების დაპირისპირების გამო, ელენა გადააყენეს და ტახტზე დასვეს სტეპან ოსტოია. ელენას ნათესავებმა თავი რაგუზას შეაფარეს. 1403 წელს ამ საბაბით ბოსნიელებმა რაგუზაზე ილაშქრეს, რომელიც უნგრეთის ვასალი იყო. ლაშქრობის დასრულების შემდეგ ოსტოია უნგრეთის მეფე სიგიზმუნდს დაუზავდა, მაგრამ მალევე მსხვილმა ფეოდალებმა იგი გადააყენეს და უნგრეთში გააძევეს. 1404 წელს ტახტზე ავიდა მისი ძმა სტეპან ტვრტკო II.
ოსტოია უნგრეთში გაიქცა, სადაც სიგიზმუნდს სთხოვა დახმარება. ეს უკანასკნელი მას დაეხმარა დაეკავებინა ბობოვაცი, მაგრამ დანარჩენ ბოსნიაში ტვრტკო II მეფობდა, ხოლო რეალური ძალაუფლება ხრვოიე ვუკჩიჩს ეკუთვნოდა. სიტუაცია შეიცვალა სიგიზმუნდის მიერ ვლადისლავის დამარცხების შემდეგ – 1408 წელს სიგიზმუნდი 60 ათასიანი არმიით შეიჭრა ბოსნიაში, ტვრტკო II და ვუკჩიჩი დობორთან სასტიკად დაამარცხა, რის შემდეგაც ბოსნიის ტახტზე აღადგინა სტეპან ოსტოია, რომელმაც თავი სიგიზმუნდის ვასალად ცნო. ოსტოია 1418 წელს გარდაიცვალა, მისი სიცოცხლის ბოლო წლებში ქვეყანა ფეოდალთა შორის დაპირისპირების გამო ქაოსში ჩაიძირა, თუმცა ტახტზე ოსტოიას ვაჟი, სტეპან ოსტოიჩი ავიდა.
სტეპან ოსტოიჩმა ვენეციის რესპუბლიკასთან დადო სამოკავშირეო ხელშეკრულება, მაგრამ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება მაინც ვერ მოახერხა. 1420 წელს ოსმალებისგან ზურგგამაგრებული ტვრტკო II დაბრუნდა ბოსნიაში და ერთი წლის შემდეგ მოახერხა ტახტის დაკავება. ოსტოიჩი განდევნილობაში გარდაიცვალა.[8] ტვრტკო II-მ მან თავი ოსმალების ქვეშევრდომად ცნო, უხდიდა მათ ხარკს, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობა დაეძაბა მათთან და უნგრეთთან კავშირი დადო მათ საწინააღმდეგოდ. მოახერხა სიტუაციის მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია სამეფოში, დადო სავაჭრო ხელშეკრულება ვენეციასთან, აამოქმედა მაღაროები და სამეფო ხელისუფლება გააძლიერა. 1428 წელს დაქორწინდა დოროთეაზე, რასაც მოჰყვა უკმაყოფილება სანდალებისა და ზლატონოსოვიჩების მხრიდან. სანდალები მოგვიანებით შეურიგდნენ მეფეს, ზლატონოსოვიჩები კი მეფემ დასაჯა და მამულები წაართვა.[2] მოუწია დაპირისპირება ოსტოიას უკანონო შვილ რადივოისთან, რომელმაც ოსმალებისა და სერბების დახმარებით 1432 წელს თითქმის მთელი ქვეყანა დაიკავა. 1434 წელს უნგრელებმა გაათავისუფლეს ბოსნიის ნაწილი რადივოის კონტროლიდან, თუმცა ოსმალებმა დაიბრუნეს უნგრელებისგან დაკავებული ტერიტორიები. 1435 წელს ოსმალებმა შეწყვიტეს რადივოის მხარდაჭერა და ისიც იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში გაქცეულიყო. თუმცა ტვრტკო II ოფიციალურად კათოლიკე იყო, იგი მფარველობდა სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანებსა და ბოსნიის ეკლესიას, რომელსაც ოფიციალური ეკლესიები ბოგომილობის ერესში სდებდნენ ბრალს.[8] გარდაიცვალა 1443 წელს უშვილოდ.
ტახტზე ავიდა რადივოის ძმა (ან ნახევარძმა) სტეპან ტომაში, სტეპან ოსტოიას კიდევ ერთი უკანონო შვილი. იგი მეფედ არ ცნო გავლენიანმა ფეოდალმა სტეპან ვუკჩიჩ კოსაჩამ, რის შედეგადაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ომი 1446 წელს დასრულდა, როცა სტეპან ტომაში დაქორწინდა ვუკჩიჩ კოსაჩას ქალიშვილ კატარინაზე.[9] მანამდე სტეპან ტომაშმა დაარწმუნა პაპი თავის კათოლიკობაში და ბოსნიის ეკლესიიდან გამიჯვნაში და მიიღო მისგან ხელდასხმა. მოგვიანებით სტეპან ტომაში პირველი ბოსნიის მეფე გახდა, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბოსნიის ეკლესიის შევიწროება – 1459 წელს პაპმა პიუს II-მ მოსთხოვა სტეპან ტომაშს ბოსნიის ეკლესიის განადგურება, თუ მას სურდა ოსმალების წინააღმდეგ კათოლიკური სამყარო დახმარებოდა. სტეპან ტომაში იძულებული გახდა დაეწყო ბოსნიის ეკლესიის წევრების დევნა.[2] 1449 წელს სერბებმა ოსმალების დახმარებით დაიკავეს სრებრენიცა და თითქმის მთელი დრინის მარჯვენა ნაპირი. 1458 წელს, როდესაც სერბთა დესპოტი ლაზარი გარდაიცვალა, სტეპან ტომაშმა დრო იხელთა და დაიკავა არა მხოლოდ დრინის მარჯვენა ნაპირი, არამედ თერთმეტი ქალაქი დრინის მარცხენა ნაპირზე, მოგვიანებით კი ლაზარის ქვრივს, ელენას დაუზავდა და თავისი ვაჟის, სტეპან ტომაშევიჩისთვის ითხოვა ლაზარისა და ელენას ქალიშვილი, მარია. სტეპან ტომაშევიჩი სერბიის დესპოტი გახდა 1459 წელს, მაგრამ ამ სვლით უკმაყოფილო ოსმალებმა სამ თვეში დაიკავეს ტომაშევიჩის მთელი სამფლობელო, რადგან კათოლიკე მონარქის მმართველობით უკმაყოფილო სერბებმა დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ოსმალებს და 1459 წლის ივნისში სმედერევოს ციხესიმაგრის კარიბჭის გასაღებები მეჰმედს მიართვეს. ოსმალებმა სერბეთის დესპოტატის ანექსია მოახდინეს სმედერევოს სანჯაყის სახელით.[10] სტეპან ტომაში 1461 წელს გარდაიცვალა.
ბოსნიის მეფე ამჯერად სტეპან ტომაშევიჩი გახდა. მან მაშინვე მიმართა რომს დახმარების თხოვნით. ნოემბერში ბოსნიაში ჩავიდა პაპის ლეგატი, რომელმაც ჩაიტანა სამეფო გვირგვინი. ამის გამო უნგრეთის მეფე მათიაში აღშფოთდა, მაგრამ პაპის შუამდგომლობით კონფლიქტი მოგვარდა – ტომაშევიჩი მათიაშის ვასალად გამოცხადდა, რომელიც მას იმპერატორ ფრიდრიხის წინააღმდეგ უნდა დახმარებოდა. 1463 წელს მოკავშირეებით დაიმედებულმა ტომაშევიჩმა ოსმალებს ხარკი შეუწყვიტა. ოსმალეთის არმიამ ველი მაჰმუდ-ფაშას სარდლობით ბობოვაცს ალყა შემოარტყა 19 მაისს, მეორე დღეს კი მას თავად მეჰმედიც შეუერთდა. ბობოვაცი მალევე დაეცა და მეფემ გადაწყვიტა თავშესაფარი ეძია დალმაციაში ან ხორვატიაში. მან დედინაცვალი კატარინა რომში გაგზავნა, ცოლი მარია კი რაგუზაში. თავად ტომაშევიჩს ფეხდაფეხ მისდევდა მაჰმუდ-ფაშა და ბოლოს კლუჩში მოახერხა მისი ალყაში მოქცევა. რესურსების სიმცირის გამო ტომაშევიჩი მიხვდა, რომ ალყას ვერ გაუძლებდა და დანებდა. იგი მეჰმედის წინაშე წარადგინეს 25 მაისს, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს. მისი დატყვევებული ნათესავები კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც მათმა ნაწილმა ისლამი მიიღო. ბოსნიის სამეფო ოსმალეთმა შეიერთა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეპან ტომაშევიჩის სიკვდილით დასჯისა და ბოსნიის ანექსიის გამო ვენეციამ ოსმალეთს ომი გამოუცხადა. ვენეციას მიემხრო უნგრეთის მეფე მათიაში, რომელმაც 1463 წლის შემოდგომაზე მოახერხა ბოსნიაში შეჭრა და ფორმალურად აღადგინა ბოსნიის სამეფო, სადაც მეფედ დასვა თავისი ქვეშევრდომი ნიკოლა ილოკელი, მაგრამ საბოლოოდ ომი ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. ბოსნია ოსმალეთის მფლობელობაში შევიდა.
ისლამიზაცია ბოსნიაში მეტად უმტკივნეულოდ წარიმართა. ისლამი მიიღეს დიდებულებმა, მათ შორის სტეპან ტომაშევიჩის უმცროსმა ძმამ, სიგიზმუნდმა (ისჰაყ-ბეგ კრალოღლუმ) და სტეპან ვუკჩიჩ კოსაჩას ვაჟმა, კატარინას ძმამ, სტეპანმა (აჰმად-ფაშა ჰერსექლიმ). ბოსნიის მოსახლეობა – რომელიც მეტწილად ბოსნიური ეკლესიის მიმდევარი იყო, რომელიც ერესად იყო მიჩნეული და ორივე ოფიციალური ქრისტიანული ეკლესიის მიერ სასტიკად იდევნებოდა, მეორე მხრივ კი საკმაოდ ბევრ საერთოს ნახულობს ისლამთან – ოსმალეთის მილეთის სისტემით წახალისებულნი აქტიურად იღებენ ისლამს.[11]
1520-იანი წლებისთვის ბოსნიაში მოსახლეობის მესამედი უკვე მუსლიმია. ისლამიზაცია შედარებით ნელა მიდიოდა ჰერცეგოვინაში, სადაც კათოლიციზმი უკვე საკმაოდ იყო ფეხმოკიდებული. ყალიბდება ბოსნიურ–მუსლიმური ეროვნება, რომლის იდენტობის განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ჰუსაინ გრადაშჩევიჩის აჯანყებამ (1831 - 1833), რომელმაც ბოსნიის ტერიტორიაზე დროებით აღადგინა დამოუკიდებლობა.[1] 1878 წელს ბოსნია დაიკავა ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ, ხოლო 1908 წელს, 445 წლიანი ოსმალური მმართველობის შემდეგ, იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა ოფიციალურად გამოაცხადა ბოსნიის ანექსია, რასაც ბოსნიის კრიზისი მოჰყვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Fine, John Van Antwerp (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4. 
  3. Frucht (2004). Eastern Europe: An Introduction to the People, Lands, and Culture. ABC-CLIO. 
  4. Singleton, Frederick Bernard (1985). A Short History of the Yugoslav Peoples. Cambridge University Press, გვ. 20. ISBN 0-521-27485-0. 
  5. Velkonija, Mitja (2003). Religious Separation and Political Intolerance in Bosnia-Herzegovina. Texas A&M University Press. ISBN 1-58544-226-7. 
  6. Dr. Željko Fajfric: Kotromanići.
  7. Mihaljčić, Rade [1984] (2001). Лазар Хребељановић: историја, култ, предање. Srpska školska knjiga; Knowledge. ISBN 86-83565-01-7. 
  8. 8.0 8.1 Živković, Pavo (1981). Tvrtko II Tvrtković: Bosna u prvoj polovini xv stoljeća. Sarajevo: Institut za istoriju. ISBN 0-472-08260-4. 
  9. William Miller (1921). Essays on the Latin Orient. 
  10. Babinger, Franz (1992). Mehmed the Conqueror and His Time. USA: Princeton University Press. ISBN 0-691-01078-1. 
  11. Pinson, Mark (1994). The Muslims of Bosnia-Herzegovina: Their Historic Development from the Middle Ages to the Dissolution of Yugoslavia. Harvard University Press. ISBN 0-932885-09-8.