შინაარსზე გადასვლა

ბოსნია და ჰერცეგოვინის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსნია და ჰერცეგოვინის ეკონომიკა
ვალუტა კონვერტირებადი მარკა
ფისკალური წელი კალენდარული
სავაჭრო ორგანიზაციები ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
სტატისტიკა
მშპ (ნომინალი) $38.08 მლრდ (2014)[1]
მშპ (მუპ) $38.08 მლრდ (2014)[1]
მშპ ზრდა 2.4 % (2014)
მშპ ერთ სულზე $$9,800 (2014)[1]
მშპ სექტორით სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა 8%
სხვა მრეწველობა 26.3 %
მომსახურება 65.7 % (2014)
ინფლაცია 2.2 % (2012)
მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
17.9 % (2011)
შრომითი რესურსი 1.47 მლნ (2013)
უმუშევრობა 44.3 % (2013)
მრეწველობის მთავარი დარგები ფოლადი, ნახშირი, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, მანგანუმი, ბოქსიტები, ავტომობილები, ქსოვილები, თამბაქო, ავეჯი, ტანკები, თვითმფრინავები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნავთობის გადამუშავება
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $3.95 მლრდ (2013)
საქონლის ექსპორტი მეტალები, მსუბუქი მრეწველობა, ხე-ტყე
ძირითადი პარტნიორები სლოვენიის დროშა სლოვენია 17.3 %
ხორვატიის დროშა ხორვატია 15.6 %
იტალიის დროშა იტალია 14.8 %
გერმანიის დროშა გერმანია 13.1 %
ავსტრიის დროშა ავსტრია 12 % (2013)[2]
იმპორტი $6.94 მლრდ (2013)
საქონლის იმპორტი მანქანათმშენებლობის და ქიმიური მრეწველობის პროდუქცია, საწვავი, საკვები.
სავაჭრო პარტნიორები ხორვატიის დროშა ხორვატია 20.5 %
გერმანიის დროშა გერმანია 13 %
სლოვენიის დროშა სლოვენია 12.3 %
იტალიის დროშა იტალია 10.1 %
რუსეთის დროშა რუსეთი 8 %
ავსტრიის დროშა ავსტრია 6.2 %
უნგრეთის დროშა უნგრეთი 5.4 % (2013)[3]
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი 43.8% მშპ-დან (2012)
შემოსავლები $7.887 მლრდ (2012)
გასავლები $8.521 მლრდ (2012)
კრედიტუნარიანობის შეფასება B (შიდა)
B (გარე)
BB- (T&C Assessment)[4]
Main data source: CIA World Factbook
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

ბოსნია და ჰერცეგოვინის ეკონომიკა — ძირითადად მომსახურების სფეროზეა დაფუძნებული, გარდამავალი ეკონომიკაა, რომელმაც მძიმე დარტყმა მიიღო ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ყველაზე მძიმე დარტყმა ბოსნია და ჰერცეგოვინამ მიიღო. შედეგად ბოსნია და ჰერცეგოვინის ეკონომიკა ორმაგი პრობლემის წინაშე დგას – ომით დანგრეული ეკონომიკის აღდგენა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე სრულად გადასვლა.
ისფრ პერიოდში რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯემალ ბიედიჩი ფედერაციის პრეზიდენტ ტიტოსთან ერთად ახალისებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მეტალურგიის განვითარებას, ამგვარად იუგოსლავიის მეტალურგიული ქარხნების საკმაოდ დიდი ნაწილი ბოსნიის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. აგროკულტურა უმეტესად კერძო მფლობელობაში იყო, მაგრამ რესპუბლიკის დასავლეთით, ველიკა კლადუშაში არსებობდა საკვები მრეწველობის გიგანტი აგროკომერცი, რომელსაც სათავეში ედგა ფიქრეთ აბდიჩი. სწორედ მან აქცია აგროკომერცი უბრალო აგროკომპანიიდან თანამედროვე საკვებისა და მსუბუქი მრეწველობის გიგანტურ კორპორაციად. ველიკა კლადუშას რაიონი, რომელიც ერთ-ერთი ღარიბი იყო ბოსნიაში, აგროკომერცის საშუალებით გადაიქცა საკმაოდ წარმატებულ რეგიონად. აგროკომერცს 13 ათასამდე თანამშრომელი ჰყავდა და უდიდეს კორპორაციას წარმოადგენდა.[5] ველიკა კლადუშას მოსახლეობა აბდიჩს "ბაბოს" (მამიკო) ეძახდა,[6] ხოლო იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტის, ჰამდია პოზდერაცისა და მისი ძმის, ჰაკიას მხარდაჭერით სარგებლობდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს, რომ იგი ფინანსურ მაქინაციებს ეწეოდა. მისმა ფირმამ დაახლოებით მილიარდის ღირებულების გაუმყარებელი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. სკანდალმა არა მხოლოდ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, არამედ მთელი იუგოსლავიაში გამოიწვია რეზონანსი და 250%-იანი ინფლაცია.[7] აბდიჩი დააპატიმრეს, პოზდერაცი გადადგა.[8]

ცენტრალური ხელისუფლება მეტალურგიის გარდა, ასევე ახალისებდა ელექტრო-ენერგეტიკული სექტორის განვითარებას. ამის გამო მრავალი სამრეწველო ფირმა ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე მოქმედებდა, მათ შორის უცხოური ბრენდების ადგილობრივი შვილობილები – Coca Cola, Pepsi, Marlboro, Volkswagen, SKF და სხვა. ადგილობრივ დიდ კომპანიებს, როგორებიც იყვნენ Agrokomerc, Energoinvest, UNIS, Hidrogradnja, Vranica, RMK Zenica, TAS Vogošća, FAMOS Sarajevo, BNT Novi Travnik – წლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალი ჰქონდათ. უმუშევრობა იმ პერიოდში ძალიან მცირე იყო, ხოლო მუშახელი და ხელმძღვანელი რგოლი ძალიან გამოცდილი. ეს ერთი შეხედვით იდილიური პერიოდი დაასრულა ჰიპერინფლაციამ და სოციალისტური ბანაკის კრახმა, რასაც მოჰყვა ნაციონალიზმის ზრდა და იუგოსლავიის სისხლიანი დაშლა.

ბოსნიის დამოუკიდებლობა 1992 წლის 3 მარტს გამოცხადდა. ეთნიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და ერთი თვის შემდეგ მთელი ბოსნიის ტერიტორია ომმა მოიცვა. ეკონომიკური აქტივობები თითქმის შეწყდა, რადგან ომი თითქმის ყველა მსხვილ ქალაქს და სამრეწველო ცენტრს შეეხო. ყოფილი ქარხნების, ფაბრიკებისა და სხვა სამრეწველო დაწესებულებების ტერიტორიებს მოწინააღმდეგე მხარეები სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის საკონცენტრაციო ბანაკებად იყენებდნენ. ქვეყნის ეკონომიკა უცხოურ დონაციებზე იდგა, ხოლო მოსახლეობა საჭირო ნივთების შოვნას შავ ბაზარზე ახერხებდა. ომი 1995 წლის ბოლოს შეწყდა და ნელ-ნელა დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, თუმცა ნგრევისა და ეთნიკური წმენდების შედეგად დაგროვილ ლტოლვილთა მასის მასშტაბების გამო სრული აღდგენა დღემდეც ვერ მოხერხდა.

თანამედროვე მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ-ში 2013 წლისთვის 8,1 % შეადგინა. 2008 წელს ამ სფეროში ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 20,5 % იყო დასაქმებული, ხოლო 2013 წელს – 18.9 %. მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ხილ-ბოსტნეული, განვითარებულია მესაქონლეობა და მეფრინველეობა.[1] 2011 წელს სასოფლოსამეურნეო სავარგულების ფართობმა შეადგინა 2151 ათ. ჰა, მათ შორის 1107 ათ. ჰა სახნავსათესი და 1044 ათ. ჰა – საძოვარი და სხვა.[9]

2013 წელს ქვეყანაში ხორბალი დაითესა 62 ათ., ხოლო სიმინდი – 176 ათ. ჰა ფართობზე. 2012 წლის მოსავალმა შეადგინა 208 ათ. ტონა ხორბალი და 500 ათ. ტონა სიმინდი.[10]

2011 წელს ქვეყანაში ხეხილის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 30 მლნ-ს, ხილის წლიური წარმოება – 320 ათ. ტონას, თუმცა ქვეყანაში წლიურად დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ხილი და ხილის გადამუშავების პროდუქტების შემოაქვთ. ხილის გადამუშავება მოიცავს ჩირის, წვენის კონცენტრატებისა და ჯემების წარმოებას, ამ სფეროში ორი მსხვილი საწარმო მოქმედებს – Vegafruit და Vitaminka, რომლებიც წლიურად 25 ათ. ტონა პროდუქციას ამუშავებენ.[11]

თამბაქო ჰერცეგოვინაში, პოსავინასა და სემბერიაში მოჰყავთ. 2010 წლის კანონის (ბოსნ. Zakon o duvanu Bosne i Hercegovine) მიხედვით, ქვეყანაში სამი ჯიშის თამბაქო მოჰყავთ – Virdžinija, Berlej и Hercegovački ravnjak. თამბაქოს წარმოება მცირდება – 2007 წელს დაითესა 2313 ჰა, 2012 წელს – 1545 ჰა. მოსავალმაც შესაბამისად 3269 და 1494 ტონა შეადგინა. მცირდება თამბაქოს წარმოებაც – 2005 წელს წარმოების საერთო მაჩვენებლის 2,7 % იყო თამბაქოს ნაწარმი, 2010 წელს კი მხოლოდ 1,3 %.[12].

ქვეყანაში არსებული ბოქსიტების მადნის გამო განვითარებულია ალუმინის მრეწველობა. მსხვილმა ალუმინის სამრეწველო კონცერნმა Aluminij d.d. Mostar 2006 წელს 135 ათ. ტონა ალუმინის ნაწარმი გაყიდა.[13]

ფარმაცევტული წარმოების რეგიონალური ლიდერია კომპანია Bosnalijek. ის 180 სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტულ პროდუქციას აწარმოებს და 22 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა.[14] მისი წლიური შემოსავალი 88 მლნ მარკამდეა.[15]

ზენიცაში არსებობს მსოფლიო ფოლადის მრეწველობის გიგანტის, ArcelorMittal S.A.-ს ადგილობრივი ფილიალი. ხორვატულ საკონდიტრო კონცერნს Kraš-ს ასევე გააჩნია თავისი შვილობილი კომპანია პრიედორში. თამბაქოს ფაბრიკები მოქმედებენ სარაევოსა და ბანია-ლუკაში.

კომუნიკაციის სფეროში ფედერალურ ერთეულებს შორის გამოიყოფა ორი ძირითადი მოთამაშე BH Telecom ფედერაციაში და Telekom Srpske სერბთა რესპუბლიკაში. BH Telecom-ის წლიური შემოსავალი 800 მლნ მარკაზე მეტია, ხოლო Telekom Srpske-სი 300 მლნ მარკაზე მეტი. 2013 წლიდან BH Telecom აბონენტებს აწვდის მომსახურებას LTE ტექნოლოგიითაც.

მოსტარის ხიდი, ტურისტული ღირსშესანიშნაობა

ტურისტული სექტორი აღმავლობას განიცდის, რადგან ქვეყანაში ბევრია ზამთრის კურორტები და მრავალი საინტერესო სანახაობა. ომის დასრულების შემდეგ ვიდრე 2000 წლამდე ტურისტების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 24 %-ით იმატებდა. შემდგომ უკვე 20 %-იანი ყოველწლიური ზრდა ვიდრე 2007 წლამდე.[16] 2012 წელს ბოსნიას ესტუმრა 747 827 ტურისტი და 1 645 521 უცხოელი ვიზიტორი.[17]

ბოსნიის ტერიტორიას კვეთს ავტომაგისტრალი A1 (ბოსნ. Autoput A1), იგი მაგისტრალ E73-ის (ბუდაპეშტი–პლოჩე) ნაწილია, რომელიც ცენტრალურ ევროპას ადრიატიკის სანაპიროსთან აერთებს. საერთო ჯამში საავტომობილო გზის სიგრძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში 22 926 კმ-ს შეადგენს, სადაც მყარი საფარითაა 19 426, ხოლო გრუნტის საფრით – 3500 კმ.

რკინიგზის სიგრძე ბოსნიაში 601 კმ-ს შეადგენს, საიდანაც ელექტროფიცირებულია 392 კმ. რელსებს შორისის სიგანე 1435 მმ. სერბთა რესპუბლიკაში რკინიგზას ემსახურება სერბთა რესპუბლიკის რკინიგზა (სერბ. Željeznice Republike Srpske / Жeљeзницe Peпубликe Cpпcкe; შემოკლებით ŽRS / ЖPC), ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე – ფედერაციის რკინიგზა (ბოსნ. Željeznice Federacije Bosne i Hercegovine; შემოკლებით ŽFBH)

ქვეყანაში 24 აეროდრომია – 7 მყარი და 17 გრუნტის. ასევე 6 შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი. ქვეყანაში მოქმედებს ოთხი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქებში – სარაევო, ბანია-ლუკა, მოსტარი და ტუზლა. 1994 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ავიაკომპანია B&H Airlines (დაარსდა როგორც Air Bosna).

ქვეყნის ტერიტორიაზე გადის 147 კმ სიგრძის გაზსადენი და 9 კმ სიგრძის ნავთობსადენი მილები.[1]

2011 წელს ბოსნიის 70 ათასამდე მოსახლე იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. ღარიბად ითვლება ადამიანი, ვისი თვიური შემოსავალიც 120 ევროზე ნაკლებია. 20 ათასამდე ადამიანი იღებს დახმარებას მუნიციპალური უფასო სასადილოებიდან.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Economy:: Bosnia and Herzegovina. CIA World factbook (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-15. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  2. Export Partners of Bosnia&Herzegovina. CIA World factbook (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  3. Import Partners of Bosnia&Herzegovina. CIA World Factbook (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  4. Sovereigns rating list. Standard & Poor's. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  5. Emir Habul. (7 August 2001) The Man Who Divided the Krajina People. AIM, Sarajevo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2015.
  6. Sarah Kenyon Lischer. (2007)Militarized Refugee Populations: Humanitarian Challenges in the Former Yugoslavia. http://web.mit.edu.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-24. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  7. Reuters. (6 May 1988) 25 Go on Trial in Yugoslavia Over Financial Scandal Roles. New York Times. ციტირების თარიღი: 11 May 2010.
  8. Kenneth W. Banta. (28 September 1987) Yugoslavia All the Party Chief's Men. Time magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2015.
  9. Senija Alibegovic-Grbic. COUNTRY PASTURE/FORAGE RESOURCE PROFILE BOSNIA AND HERZEGOVINA. fao.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  10. Босния и Герцеговина: Урожай кукурузы может намного превысить прошлогодний. Зерно Онлайн (17.05.2013). ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  11. Босния и Герцеговина > Агропром. polpred.com. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  12. Zdravko Marinković. (2013) Da li se gasi proizvodnja i prerada duvana u BiH?. INFOKOM. Vanjskotrgovinska komora Bosne i Hercegovine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  13. Aluminij d.d. Mostar (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  14. Bosnalijek worldwide. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  15. bosnalijek godišnji izvjestaj (PDF). ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  16. Tourism (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 20/05/2015.
  17. STATISTIKA TURIZMA (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 20/05/2015.