ჰუსაინ გრადაშჩევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსაინ გრადაშჩევიჩი
Husein Gradaščević
حۆسهىن غراداشچهوىݘ
მეტსახელი კაპიტანი
(ბოსნ. kapetan)
ბოსნიის დრაკონი
(ბოსნ. Zmaj od bosne)
ეროვნება ბოსნიელი
დაბადების თარიღი 31 აგვისტო 1802
დაბადების ადგილი გრადაჩაცი
ბოსნიის ვილაიეთი,
ოსმალეთი
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო 1834
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
ოსმალეთი
კუთვნილება ოსმალეთი
ბოსნიელი აჯანყებულები
სამხედრო სამსახურის წლები (18201831)
(18311833)
წოდება კაპიტანი
ბრძოლები/ომები ბოსნიის აჯანყება (1831 – 1833)

ჰუსაინ გრადაშჩევიჩი (ბოსნ. Husein Gradaščević; არებ. حۆسهىن غراداشچهوىݘ; დ. 31 აგვისტო, 1802, ქ. გრადაჩაცი, ჩრდილოეთ ბოსნია, ოსმალეთი — გ. 17 აგვისტო, 1834, ოქროს რქა, სტამბოლი) — ბოსნიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ხელმძღვანელობდა წარუმატებელ ბოსნიის აჯანყებას ოსმალეთის წინააღმდეგ.

წარმოშობა, დაბადება და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრადაშჩევიჩის მშობლიური სახლი

გრადაშჩევიჩი დაიბადა 1802 წლის 31 აგვისტოს ჩრდილოეთ ბოსნიის ქალაქ გრადაჩაცში, რომლის სახელიდანაც მოდის მისი გვარი.[1] მისი გვარი ქალაქის მფლობელები და ადგილობრივი ლაშქრის მეთაურები იყვნენ (კაპიტნები), მისი წინაპარი მეჰმედ-კაპიტანი მართავდა ქალაქს 1750-იანი წლების შუა ხანებამდე, სწორედ მან დაუდო სათავე გრადაშჩევიჩების მემკვიდრეობით კაპიტნობას. მეჰმედის შემცვლელი ვაჟის სახელი უცნობია, ხოლო მეჰმედის შვილიშვილმა, ასევე მეჰმედმა მამამისი გრადაჩაცის კაპიტნად 1765 წელს შეცვალა. მეჰმედი შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა 'უსმანმა, რომელსაც ექვსი ვაჟი ჰყოლია – ჰამზა, მურადი, 'უსმანი, მუჰარრამი, ჰუსაინი და ბაშირი. ჰამზა მამამისის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა, ამგვარად კაპიტნობა მურადმა გადაიბარა. გრადაშჩევიჩები მონაწილეობდნენ სერბების აჯანყების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში, ამგვარად ჰუსაინის კარიერის მიმართულებაც გარკვეული იყო.
ჰუსაინს მურადის პირადმა მწერალმა, მოლა მუსტევიცამ ასწავლა წერა კითხვა, მოგვიანებით კი იგი ორ ბექთაში დერვიშთან სწავლობდა. დაზუსტებით უცნობია, ეკუთვნოდა თუ არა იგი ბექთაში ტარიყას, მაგრამ მისი ცხოვრება რელიგიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჰუსაინი დაქორწინდა დერვენტელი ფეოდალის, მაჰმუდის ქალიშვილ ჰანიფაზე. მათი ქორწინების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა 20 წლის ასაკში (1722 წ.) ჰუსაინს უკვე ჰყავდა ვაჟი მუჰამმადი.[1]

კაპიტნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრადაჩაცის ციხე

როდესაც ჰუსაინი გრადაჩაცის კაპიტანი გახდა, მან მთელი ყურადღება საშინაო საქმეებზე გადაიტანა. წამოიწყო მრავალი მშენებლობა და ეკონომიკური პროექტი თავის ოლქში, რითაც გრადაჩაცის მხარე ერთ-ერთი წარმატებული მხარე გახადა მთელს ბოსნიაში.
ხალხური გადმოცემებით, მან გრადაჩაცის ციხე განაახლა და რამდენიმე კოშკი დაამატა. გრადაშჩევიჩის მითითებით აიგო ახალი ციხესიმაგრე ჩარდაკი. გრადაჩაცში მან ააგო საათიანი კოშკი (ბოსნ. sahat-kula) და დიდი მეჩეთი.
იგი საკმაოდ შემწყნარებლურად იყო განწყობილი თავისი ქრისტიანი ქვეშევრდომების მიმართაც. ოსმალური წესით, სულტნის პირადი ნებართვის გარეშე, არამუსლიმური რელიგიური ნაგებობის მშენებლობა არ შეიძლებოდა, თუმცა ჰუსაინმა ნება დართო მის ქვეშევრდომ ხორვატებს აეგოთ რელიგიური სკოლა ტოლისაში 1823 წელს, მოგვიანებით კი იქვე ააგეს დიდი ეკლესია. მანვე ნება მისცა აეგოთ ეკლესიები ხორვატულ სოფლებში დუბრავესა და გარევაცში, ასევე სერბულ დაბა ობუდოვაცში.
ჰუსაინი დიდ პოლიტიკურ სცენაზე გამოდის 1827 წელს, რუსეთთან ომის მოახლოებისას მას დაევალა ბოსნიის ტერიტორიაზე, დრინასა და ვრბასს შორის მობილიზებული არმიის მეთაურობა და სერბების მოსალოდნელი შემოჭრის წინააღმდეგ ზომების მიღება, თუმცა მას ბოსნიაში ჩამოსული 'აბდუ რ-რაჰიმ ფაშის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოუწია, რადგან ბოსნიელ წვრილ ფეოდალ-მეომართა უმეტესობა უკმაყოფილო იყო იანიჩრების კორპუსის დაშლით და ჯარებში მღელვარება გამოიწვიეს. რუსეთთან ომის დამთავრების შემდეგ ჰუსაინი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, რადგან მის სიტყვა ბოსნიაში მრავალი წვრილი თუ მსხვილი ფეოდალისთვის ანგარიშგასაწევი იყო.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმედერევოს სანჯაყში (სერბეთი) სერბების მოქმედებების შემდეგ მრავალი ადგილობრივი მუსლიმი დაიხოცა ან იძულებული შეიქნა ბოსნიაში ეძებნა თავშესაფარი. სულთანი მაჰმუდ II შიდა რეფორმებით იყო დაკავებული და ვერ ახერხებდა მუსლიმების დაცვას სერბებისგან, ხოლო ეს ყოველივე ბოსნიაში გულგრილობად ეჩვენებოდათ. ამას დაერთო 1826 წელს იანიჩართა კორპუსის დაშლა და იანიჩრების რელიგიური საფუძვლის, ბექთაში ტარიყას წინააღმდეგ სახელმწიფოს მოქმედებები, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო ბოსნიურ სამხედრო ფენაში (მათ შორის ზოგიერთი ცნობით გრადაშჩევიჩიც ამ ტარიყას ეკუთვნოდა)[1]. ბოსნიელთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო ადრიანოპოლის ზავი. ამ ზავის მიხედვით ბალკანეთში სერბებმა მიიღეს ავტონომია, სერბული ავტონომიის ტერიტორიაზე მოექცა ექვსი რაიონი, რომელიც აქამდე ბოსნიელ ფეოდალებს ეკუთვნოდათ, სერბული ავტონომიიდან დაიძრა მუსლიმ ლტოლვილთა ახალი ტალღა.[2] სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ბოსნიელთა უკმაყოფილება.
1830 წლის ბოლოს გრადაჩაცში შეიკრიბა ბოსნიის არისტოკრატია. მათ გადაწყვიტეს მოემზადებინათ აჯანყება და ერთი თვის შემდეგ ტუზლიდან გაავრცელეს მოწოდება, რომ ყველა ბოსნიელი მზად ყოფილიყო ბოსნიის დასაცავად. ზოგიერთი ცნობით, აჯანყებულებს შემდეგი მოთხოვნები ჰქონდათ:

  • სერბეთის ავტონომიის გაუქმება ან შეკვეცა და ექვსი რაიონის დაბრუნება ბოსნიელთა მფლობელობაში.
  • ნიზამ-ი ჯადიდის (ოსმ. نظام جديد; ახალი წესრიგი; სამხედრო რეფორმების წყება) შეწყვეტა.
  • ბოსნიის ავტონომია, რომელიც დამოუკიდებელ შიდა პოლიტიკას გაატარებდა და ოსმალეთს ყოველწლიურ ხარკს გადაუხდიდა.

შეტაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი შეკრება ბოსნიის არისტოკრატიამ დათქვა ტრავნიკში, სადაც იყო ბოსნიაში ოსმალო მეფისნაცვლის რეზიდენცია. ეს შეკრება სახელმწიფოსთან პირდაპირი დაპირისპირების მომასწავებელი იყო, ამიტომ გრადაშჩევიჩმა ყოველ მონაწილეს მოსთხოვა შეიარაღებული რაზმის თანხლება. 1831 წლის 29 მარტს გრადაშჩევიჩი 4 ათასკაციანი რაზმით გაემართა ტრავნიკისკენ.

მეჰმედ-ემინ ნამიყ-ფაშამ, ბოსნიის მეფისნაცვალმა, აჯანყებულთა მოახლოებისას თავი ტრავნიკის ციხეს შეაფარა და დახმარებისთვის ადგილობრივ მოკავშირეებს, სულეიმანფაშიჩებს მიმართა. გრადაშჩევიჩმა სულეიმანფაშიჩების წინააღმდეგ გაგზავნა თავისი რაზმის ნაწილი მემიშ-აღას, სრებრენიცელი ფეოდალის მეთაურობით. მემიშმა დაამარცხა სულეიმანფაშიჩები 7 აპრილს და გადაწვა მათი საგვარეულო მამული. 21 მაისს ნამიყ-ფაშა ჰერცეგოვინაში, სტოლაცში გაიქცა. გრადაშჩევიჩი, რომელიც მანამდე აჯანყების არაფორმალური ლიდერი იყო, გამოაცხადეს აჯანყების წინამძღოლად.
იმავე ზაფხულს მან მოუწოდა ყველას შეერთებოდა მის არმიას. მის დაძახილს ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის ქრისტიანებიც და ზაფხულზე მან 52 ათას ადამიანს მოუყარა თავი, საიდანაც მესამედი ქრისტიანები იყვნენ. ამ არმიის ნახევარი მან ზვორნიკში დატოვა სერბების მხრიდან შესაძლო შემოჭრის თავიდან ასარიდებლად, თავად კი 25 ათასი კაცით გაემართა კოსოვოსკენ.[3]
18 ივლისს შტიმლესთან ახლოს ოსმალების არმია რეშიდ-მეჰმედ-ფაშას სარდლობით შეხვდა ჰუსაინის არმიას. გრადაშჩევიჩმა ბრძოლით დასაზვერად გაგზავნა მცირე რაზმი 'ალი-ბეგ ფიდახიჩის სარდლობით, რომელიც ხანმოკლე შეტაკების შემდეგ უკუიქცა. რეშიდ-მეჰმედ-ფაშამ ჩათვალა, რომ აჯანყებულები დამარცხდნენ და მათ ტყიან გორაკზე კავალერია დაადევნა. გრადაშჩევიჩმა გამოიყენა ეს ტაქტიკური შეცდომა, წამოიწყო გამანადგურებელი კონტრშეტევა თავისი ძირითადი ძალებით და ოსმალების არმია უკუაქცია, თავად რეშიდ-მეჰმედ-ფაშა ბრძოლაში დაიჭრა, თუმცა გაქცევა მოახერხა.

სარაევოს სამეფო მეჩეთი

დიდვეზირის დაპირების შემდეგ, რომ სულტანი ბოსნიელთა ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, აჯანყებულთა არმია ბოსნიაში დაბრუნდა. 1831 წლის 10 აგვისტოს სარაევოში კვლავ შეიკრიბნენ აჯანყებულთა ლიდერები. მათ გადაწყვიტეს, რომ ბოსნიის მმართველად გრადაშჩევიჩი აერჩიათ. თავდაპირველად გრადაშჩევიჩი უარობდა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა. 12 სექტემბერს, სარაევოს სამეფო მეჩეთის წინ ბოსნიელებმა სახალხოდ გამოაცხადეს გრადაშჩევიჩი ბოსნიის მმართველად და ერთგულების ფიცი დადეს მის წინაშე.
გრადაშჩევიჩმა გაატარა სასამართლო რეფორმა და ბოსნიის პოლიტიკური ცენტრი ტრავნიკში გადაიტანა, სადაც დააარსა დივანი (საბჭო). ცდილობდა ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, შეცვალა საგადასახადო სისტემა. ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლებასთან დაზავების პერიოდში მან გადაწყვიტა ადგილობრივი ოპოზიცია მოესპო, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერი იყვნენ ჰერცეგოვინაში და დაგეგმა ორი ლაშქრობა – სტოლაცისა და გაცკოს მიმართულებით. სტოლაცში თავშეფარებულმა ნამიყ-ფაშამ ამ ამბის გაგებისთანავე სტოლაცი დატოვა და ეს ლაშქრობა ჩაიშალა, ხოლო გაცკოზე შეტევა წარუმატებელი გამოდგა – ცენტრალური ხელისუფლების ერთგულმა ადგილობრივმა ფეოდალმა ისმაილ აღა ჩენგიჩმა გრადაშჩევიჩის მომხრეები დაამარცხა. თუმცა გრადაშჩევიჩის მომხრეებმა აჰმად-ბეგ რესულბეგოვიჩის მეთაურობით ოქტომბერში მოახერხეს ჰერცეგოვინაში ტრებინეს გათავისუფლება რესულბეგოვიჩის ლოიალისტი ბიძაშვილების კონტროლიდან და რამდენიმე ნამიყ-ფაშას მომხრე დაატყვევეს.
ბოსნიელების დელეგაცია 1831 წლის ნოემბერში სკოპიეში ეწვია დიდვეზირს. მან ბოსნიელებს კვლავ აღუთქვა ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ რეალურად ოსმალეთის არმია დეკემბერში სანჯაყში დაბანაკებულ გრადაშჩევიჩის მომხრეებს დაესხა თავს ნოვი-პაზართან. თუმცა აჯანყებულებმა ამჯერადაც გაიმარჯვეს, მკაცრი ზამთრის გამო უკან გაბრუნება მოუწიათ.
გრადაშჩევიჩმა გადაწყვიტა ამინდის მიუხედავად ჰერცეგოვინა დაეკავებინა. მან ლივნოელ ფეოდალს, იბრაჰიმ ბეგ ფიდრუსს უბრძანა ჰერცეგოვინაში გალაშქრება. ფიდრუსმა დაიკავა ლუბუშკი და დაატყვევა სულეიმანი, ადგილობრივ ლოიალისტთა ლიდერი. გრადაშჩევიჩის მომხრეებმა მთელი ჰერცეგოვინა დაიკავეს გარდა სტოლაცისა, რომელსაც ალყა შემოარტყეს. 1832 წლის მარტში 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩმა, სტოლაცის გარნიზონის მეთაურმა შეძლო ფიდრუსის არმიის დამარცხება. სარაევოდან ახალი რაზმები წავიდნენ სტოლაცისკენ, მაგრამ ისინი 1832 წლის 16 მარტს გრადაშჩევიჩმა უკან გაიწვია, როდესაც გაიგო, რომ ოსმალები ბოსნიაში შემოჭრას გეგმავდნენ.
დიდვეზირმა ორი არმია გაგზავნა ბოსნიაში – ერთი ვუჩიტრნისა და მეორე შკოდერის მხრიდან. ორივე არმიის მიზანი სარაევო იყო. როცა ოსმალების არმიებმა დრინა გადმოლახეს, გრადაშჩევიჩი მათ ჯერ როგატიცასთან, შემდეგ კი გლასინაცის ველზე, (სარაევოს აღმოსავლეთით სოკოლაცის ახლოს) შეებრძოლა. ოსმალებს სარდლობდა ყარა-მაჰმუდ ჰამდი-ფაშა, ბოსნიის ახალი, ცენტრალური მთავრობის მიერ დანიშნული ვეზირი. გლასინაცზე ოსმალებმა გაიმარჯვეს და გრადაშჩევიჩმა მეორე ბრძოლა პალეში მიიღო, აქაც დამარცხდა და საბოლოოდ სარაევოს შეაფარა თავი. სარაევოში გრადაშჩევიჩის მომხრეებმა გადაწყვიტეს ბრძოლის გაგრძელება და გაემართნენ ილიჯასკენ. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სტუპთან 4 ივნისს, სარაევო-ილიჯას გზაზე მდებარე პატარა დასახლებასთან. ბრძოლა გრადაშჩევიჩმა წარმატებით დაიწყო და ისე ჩანდა, რომ ოსმალეთის არმია ამჯერად დამარცხდებოდა, თუმცა მოულოდნელად ისმაილ აღა ჩენგიჩისა და 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩის ჰერცეგოვინელებმა ზურგიდან დაარტყეს გრადაშჩევიჩის ფლანგს, რამაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.[4] აჯანყებულთა არმია დამარცხდა და დაიფანტა. წინააღმდეგობის შემდგომი გაგრძელება უაზრო იყო. 5 ივნისს ოსმალებმა დაიკავეს სარაევო. გრადაშჩევიჩმა საგვარეულო ციხეს შეაფარა თავი გრადაჩაცში, მაგრამ როდესაც გააცნობიერა რა მოელოდა მის მშობლიურ მხარეს, გადაწყვიტა თავი ავსტრიისთვის შეეფარებინა.
მიუხედავად მეთაურის გაქცევისა, ცალკეულ ადგილებში აჯანყებულები 1833 წლამდე მოქმედებდნენ.

განდევნილობა, პატიება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულტანის ფათვის შემდეგ, სადაც გრადაშჩევიჩი მიწასთან იყო გასწორებული, გრადაშჩევიჩის გადაწყვეტილება კიდევ უფრო განმტკიცდა. 16 ივნისს მან გადალახა სავა და შევიდა ავსტრიის ტერიტორიაზე 100-მდე თანმხლებით. იგი სლავონსკი ბროდში ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იყო, მას და მის მხლებლებს ჩამოართვეს იარაღი. ერთი თვის შემდეგ იგი ოსმალეთის დაჟინებით ავსტრიელებმა საზღვრიდან უფრო მოშორებით, ოსიეკში გადაიყვანეს. 1832 წლის ბოლოს მან მიიღო პატიების სულტნისგან, თუმცა საკმაოდ მკაცრი პირობებით – გრადაშჩევიჩს არათუ ბოსნიაში, არამედ ოსმალეთის ევროპულ ნაწილში ყოფნაც ეკრძალებოდა. გრადაშჩევიჩმა ფორმალურად მიიღო პირობები, თუმცა გაემართა ბელგრადისკენ და პომპეზურად შევიდა ქალაქში, სადაც ორი თვე დაჰყო. ბელგრადში მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, რასაც ადგილობრივი ექიმი, ბართოლომეო კუნიბერტი შენიშნავს. დეკემბერში იგი მიემგზავრება სტამბოლში, ბელგრადში რჩება მისი მეუღლე, რომელიც ახალნამშობიარევია. მისი ცოლი სტამბოლში ჩავიდა მომდევნო წლის გაზაფხულზე.[1]

სტამბოლის ხედი ეიუფ სულთნის კომპლექსის სახურავიდან

სტამბოლში გრადაშჩევიჩი იანიჩრების ყოფილ ყაზარმაში დაასახლეს, ხოლო მისი ოჯახი განცალკევებით ცხოვრობდა იქვე მდებარე სახლში. იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და უარყო სულტნის შეთავაზება, ნიზამ-ი ჯადიდის არმიაში სამსახურზე. იგი 1834 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა, ხალხური ლეგენდებით ხელისუფლების ბრძანებით მოწამლეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ჯერ კიდევ ბელგრადში და ქოლერის გავრცელებას სტამბოლში, იგი სწორედ ქოლერის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. გრადაშჩევიჩი ეიუფ სულთანში (სადაც ვითომდა მდებარეობს ერთ–ერთი საჰაბას, აბუ აიუბ ალ-ანსარის საფლავი) დაკრძალეს.[5]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრადაშჩევიჩმა სიცოცხლეშივე მოახერხა დიდი პოპულარობის მოპოვება ბოსნიაში. მისი სიკვდილის შემდეგ იგი ბოსნიელებისთვის წამებულად იქცა. გადმოცემით, მისი სიკვდილის შემდეგ, წლების მერეც კი, მისი ხსენებისას ხალხს თვალი ცრემლით ევსებოდა. მისი ხსოვნა არა მხოლოდ მუსლიმებში, არამედ პოსავინელ ქრისტიანებშიც ძლიერი იყო.

ჰერცეგოვინის ვილაიათის დროშა (18341851)

გრადაშჩევიჩის საქმიანობის პირდაპირი შედეგი იყო ჰერცეგოვინის ვილაიათის შექმნა, რომლითაც სულტანმა 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩი დააჯილდოვა გამოჩენილი ერთგულებისთვის, თუმცა იგი 1851 წელს, რიზვანბეგოვიჩის სიკვდილის შემდეგ გააუქმეს.[6] ისტორიოგრაფიაში პირველად გრადაშჩევიჩი საფვეთ ბეგ ბაშაღიჩის "ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარსულის მოკლე შესავალში" (ბოსნ. Kratka uputa u prošlost Bosne i Hercegovine (1463-1850)) იხსენიება, რომელიც მან 1900 წელს შეადგინა. თუმცა ბაშაღიჩებისა და გრადაშჩევიჩების გვაროვნული დაპირისპირების გამო, გრადაშჩევიჩი მეტნაკლებად ნეგატიურად არის გამოყვანილი.[7] ერთი წლის შემდეგ, ქვეყნდება ექიმ კუნიბერტის ჩანაწერები, საიდანაც გრადაშჩევიჩი უკვე პოზიტიური სახით გვევლინება, როგორც ტრაგიკული ბედის მქონე პატრიოტი.
მოგვიანებით იუგოსლავიის სამეფოს ისტორიოგრაფიაში გრადაშჩევიჩის აჯანყება იხსენიებოდა, თუმცა აჯანყების მიზეზად ოსმალური რეფორმებისადმი ბოსნიური არისტოკრატიის წინააღმდეგობა სახელდებოდა და არა ბოსნიური ავტონომია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ხორვატიის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიხსენა გრადაშჩევიჩი. ბოსნიელების გულის მოსაგებად, უსტაშებმა გრადაშჩევიჩის სარაევოში გადმოსვენების შესახებ პროპაგანდისტული განცხადება გააკეთეს.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში გრადაშჩევიჩი და მისი ავტონომისტური მოძრაობა იშვიათად მოიხსენიებოდა, რადგან არისტოკრატიის პატრიოტიზმი კომუნისტური იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო.
იუგოსლავიის დაშლისა და ნაციონალიზმის აღმავლობის პერიოდში, გრადაშჩევიჩი, როგორც ბოსნიელი ერის ერთ-ერთი ეროვნული გმირი, კვლავ გახდა ინტერესის საგანი. მისი პოზიტიური როლის შესახებ ნარკვევები გამოქვეყნდა, სარაევოსა და გრადაჩაცის მთავარ ქუჩებს მისი სახელი ეწოდა, ისევე როგორც მრავალ სხვა ადგილს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ასევე დღის წესრიგში დადგა მისი ნეშტის ბოსნიაში გადასვენების საკითხი, თუმცა დღესდღეობით იგი ისევ ეიუფ სულთანში განისვენებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
  2. Адрианопольский мирный договор между Россией и Турцией. Под стягом России (1992).
  3. Adil Zulfikarpašić, Milovan Djilas, Nadežda Gaće, The Bosniak, C. Hurst & Co. Publishers, 1998, ISBN 9781850653394.
  4. Robert J. Donia, John Van Antwerp Fine, Bosnia and Hercegovina: A Tradition Betrayed, C. Hurst & Co. Publishers, 1994, ISBN 9781850652120.
  5. Sumner-Boyd, Hilary; Freely, John (2010) Strolling Through Istanbul: The Classic Guide to the City, revised, Tauris Parke Paperbacks. ISBN 978-1-84885-154-2. 
  6. (2009-01-01) Encyclopedia of the Ottoman Empire. Infobase Publishing, გვ. 91. ISBN 978-1-4381-1025-7. 
  7. Kratka uputa u prošlost Bosne i Hercegovine (1463-1850); Safvet beg Bašagić; 1900